ობლიგაციებით მოთამაშენი

ობლიგაციებით მოთამაშენი

Divine Profit Avenue-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ლასრი იმდენად ამაყობს თავისი Bucks-ის 2021 წლის NBAის ჩემპიონატით, – რამაც ფრენჩაიზის გაყიდვისას მოულოდნელი ფული მოუტანა – რომ მას აქვს ნახატი ფოიეში, რომელშიც ტოგებში ჩაცმული გუნდის წევრები თასის ირგვლივ დადიან, ღმერთად გამოწყობილ ლასრისთან ერთად.

მაროკოში დაბადებულმა სვავმა ინვესტორმა მარკ ლასრიმ და მისმა დამ, სონია გარდნერმა თავიანთ ინვესტორებს მილიარდები აშოვნინეს სესხებითა და საგადასახადო გირავნობის მსგავსი სხვა პრობლემური პროცენტიანი ვალდებულებებით. ახლა მათ სპორტისკენაც მოიხედეს და ეძებენ სარფიან საქმეებს ისეთ მოულოდნელ ადგილებში, როგორიცაა პიკლბოლის უმაღლესი და NBA-ის აფრიკის ლიგები.

სექტემბრის ყოველწლიური გრან-პრისთვის მარინა-ბეის ქუჩის ტრასაზე, სინგაპურის ცენტრში სავარჯიშო გარბენისთვის ფორმულა 1-ის ოცი ძრავა სინქრონულად მუშაობს. მარკ ლასრი, მილიარდერი თანადამფუძნებელი და $12.5-მილიარდიანი კერძო საინვესტიციო ფირმის, Avenue Capital Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ზემოთ, Paddock Club-ში მიმდინარე წვეულებისგან ისვენებს, რათა მოინახულოს Mercedes-AMG Petronasის გუნდის ავტოფარეხი.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ფორმულა 1-ის ზოგიერთ გუნდს ინვესტირებისთვის, [ამიტომ] მინდოდა აქ მოვსულიყავი, რომ შევხვედროდი და მესაუბრა რამდენიმე ადამიანთან“, – ამბობს ლასრი და ხმას იმაღლებს ბორბლების პნევმატური მომჭერების ღრჭიალის გადასაფარად, სანამ F1-ის ვარსკვლავი ლუის ჰემილტონი თავის მანქანაში ჯდება. ლასრი არ ამბობს, რომელ გუნდს უყურებს, მაგრამ ინვესტიციებში მისი ღრმა ფასდაკლების მიმართ მიდრეკილების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს პოდიუმის ფავორიტი Mercedes-ი.

აპრილში ლასრიმ გაყიდა თავისი 25%-იანი წილი NBA-ს Milwaukee Bucks-ში $3.5 მილიარდის შეფასებით – ექვსჯერადი მოგება ცხრა სეზონის შემდეგ, მათ შორის 2021 წელს, 50 წლის განმავლობაში Bucks-ის პირველი ჩემპიონობა. შთამბეჭდავი 17%-იანი ნახტომია ერთი წლის წინანდელთან შედარებით, მაგრამ მაინც $800 მილიონით ჩამორჩება Forbes 400-ში ჩასართავ წლევანდელ ზღვარს. როდესაც მან 2014 წელს ფრენჩაიზი იყიდა სხვა კერძო საინვესტიციო მილიარდერ უეს ედენსისგან ($3.9 მილიარდის წმინდა ღირებულება) Bucks-ი თავის სეზონს NBA-ის ყველაზე ცუდი გუნდის პოზიციით ასრულებდა.

63 წლის ლასრი და მისი 61 წლის და სონია გარდნერი პრობლემური აქტივების ინვესტორები არიან და ბოლო 35 წლის განმავლობაში ობლიგაციები და სხვა სახის დავალიანება მათი სპეციალობა იყო. მაგალითად, 2008 წლის კრიზისის შემდეგ, Avenue-მ $400 მილიონის ინვესტიცია მოახდინა Ford Motor Company-ის საბანკო ვალში, რომელიც დაეცა დოლართან მიმართებით 40 ცენტზე დაბლა, იმის გამო, რომ ის დაიშლებოდა. Ford-მა საბოლოოდ გადაიხადა სრულად: 100 ცენტი დოლარზე.

კონექტიკუტის სანაპიროზე მდებარე სასახლეში ლასრი ამბობს: „თუ მშვიდად ხარ და ყიდულობ, როცა ყველა პანიკაშია, დროთა განმავლობაში საქმეები კარგად წაგივა“.

დაარსების დღიდან, ვალზე ორიენტირებული Avenue ინვესტორებს თავის სხვადასხვა ფონდში, საკომისიოს გარეშე 10%-დან 19%-მდე ანაზღაურებას აძლევდა. მეტიც, Avenue-ს პირობაა, რომ მისი მენეჯერები არ დაიწყებენ პროცენტების აღებას, სანამ მისი შეზღუდული პარტნიორები 8%- იან შემოსავალს არ მიაღწევენ.

ამჟამად ლასრი შესაძლებლობებს პოულობს იმიტომ, რომ Federal Reserve-ის განაკვეთების სწრაფმა ზრდამ ბევრი მცირე ბანკი დააზარალა და აიძულა ისინი, უარი ეთქვათ დაკრედიტებაზე. „იმით, რომ არ იძლევით [დეპოზიტების გარანტიას], თქვენ პატარა ბანკების დაშლას აჩქარებთ. ისინი ვერ იზრდებიან“, – ამბობს ლასრი. „საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ყველას ეუბნებიან: ‘ნუ ნერვიულობთ, საქმე კარგად მიგვდის’ და იმავე წუთში, როცა თქვენ უხსნით, თუ რატომაა ყველაფერი კარგად, საქმე უკვე ცუდად მიდის“.

Avenue სიამოვნებით ავსებს ამ ვაკუუმს, და გასცემს კერძო კრედიტებს 15%-მდე მაღალი განაკვეთებით. ქონების გადასახადის გირავნობა ლასრის კიდევ ერთი ნაყოფიერი აქტია; ის მათ ბითუმად ყიდულობდა. როდესაც სახლის მესაკუთრეები ქონების გადასახადის გადახდას აგვიანებენ, მუნიციპალიტეტები ხშირად საგადასახადო გირავნობის პორტფელს Avenue-ს მსგავს ინვესტორებს მიჰყიდიან. ქალაქი თავს არიდებს ვალების აკრეფის თავის ტკივილს და Avenue იღებს საპროცენტო გადასახადებს, რომლებიც შეიძლება იყოს 9%-დან 18%-მდე. საგადასახადო გირავნობა უპირატესია სახლის იპოთეკურ დავალიანებასთან. ამდენად, თუ სახლი საბოლოოდ დაყადაღდება, Avenue ფულს იპოთეკის მფლობელამდე აიღებს.

„დაკარგვის რისკი ნულოვანია, – ამბობს ლასრი. – სახლი, რომელიც მილიონი ღირს, $15,000 დოლარზე ნაკლები უნდა ღირდეს, რადგან საგადასახადო გირავნობა 1,5%-ია, რაც შეუძლებელია“.

მაროკოში დაბადებული ლასრი მშობლებთან ერთად შეერთებულ შტატებში 1966 წელს, 7 წლისა ჩამოვიდა. დედამისმა, რომელიც ფრანგულს ასწავლიდა იმ სკოლაში, სადაც ის და მისი ორი უმცროსი და დადიოდნენ, ლასრი აიძულა, ინგლისური Funk & Wagnalls-ის ენციკლოპედიის წაკითხვით ესწავლა. მისი მამა იყო კომპიუტერული პროგრამისტი კონექტიკუტის შტატში.

მარკი და სონია ორივე სწავლობდა Clark University-ში ვუსტერში, მასაჩუსეტსში, რომელიც მარკმა 1981 წელს, ისტორიაში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. New York Law School-ში სწავლამდე, ის მუშაობდა UPS-ის სატვირთო მანქანის მძღოლად და ერთი პერიოდი აკადემიური გეგმების შეწყვეტასაც განიხილავდა მაღალი ხელფასისა და კარგი შეღავათების გამო.

ნიუიორკელ გაკოტრების მოსამართლე ედვარდ რაიანთან თანამშრომლობის შემდეგ, ლასრი 1987 წელს პარტნიორების კაპიტალის $50 მილიონის მმართველ, ობლიგაციების საბროკერო კომპანია Cowen & Company-ში მიიღეს. არ სურდა რა მომავალი კონკურენტის დაქირავება, ლასრიმ ფირმაში თავისი და აიყვანა. Avenue-ს დღევანდელი პრეზიდენტი გარდნერი ამბობს: „როგორც დაძმას, ჩვენ 100%-ით გვაქვს ერთმანეთის ნდობა“.

1989 წელს ლასრიმ და გარდნერმა, მაშინ შესაბამისად 30 და 27 წლისებმა, დატოვეს Cowen-ი, რათა ემართათ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლიენტის, ლეგენდარული ტეხასელი მილიარდერის, რობერტ ბასის ფული (ამჟამინდელი წმინდა ღირებულება $5.3 მილიარდი). დევიდ ბონდერმანის მეურვეობის ქვეშ და-ძმა ინვესტირებას ძირითადად საბანკო ვალში, უპირატეს ობლიგაციებსა და სავაჭრო მოთხოვნებში ახორციელებდა Amroc-ად წოდებული ფონდის მეშვეობით, რომლის სახელწოდებაც Maroc-ის, ფრანგული „მაროკოს“, გადათამაშებაა.

„მარკი მზადაა, იყოს აგრესიული, როცა თვლის, რომ რაღაც სწორია, და მისი ყურადღების მიღმა მცირე დეტალიც კი არ რჩება, – ამბობს ბონდერმანი, რომელმაც თანადააფუძნა კერძო ინვესტიციების გიგანტი Texas Pacific Group-ი და ახლა მისი ქონება $5.8 მილიარდია. – თუ ვინმეს არ უჭირს უარის თქმა, ეს სონიაა. მარკს არ უყვარს ხალხისთვის უარის თქმა“.

1995 წელს, კერძო კაპიტალის ბიზნესში არსებული გაზრდილი გარიგებებით მოხიბლულმა გარდნერმა და ლასრიმ $7 მილიონი დოლარის კაპიტალით Avenue წამოიწყეს.

„მარკი ყოველთვის იყო ორიენტირებული ინვესტიციებსა და ინვესტორებზე. მე ფოკუსირებული ვარ სამუშაოს ყოველდღიურ მართვაზე“, – ამბობს გარდნერი. ფორმულამ კარგად იმუშავა. 2008 წლისთვის Avenue-ს ქონება $20 მილიარდამდე გაიზარდა.

ფინანსური კრიზისის დროს Avenue 30%-ით შემცირდა, მაგრამ Ford-ში ინვესტიციებისა და AIG-ის დიდი ფასდაკლებით ნაყიდი ობლიგაციების წყალობით, მისი აქტივები 80%-ით გაიზარდა 2009 წელს და 30%-ით – 2010 წელს. შემდეგ ლასრიმ გადაწყვიტა, $9 მილიარდი დოლარი თავისი ინვესტორებისთვის დაებრუნებინა, რითაც აქტივები დაახლოებით $12 მილიარდამდე შემცირდა.

„ჩვენ აღარ გვიჭირდა, ამიტომ ვიფიქრეთ – სრულიად არასწორად – რომ დავაბრუნებდით კაპიტალს, მომდევნო დაღმასვლა ორ ან სამ წელიწადში მოხდებოდა და ყველაფერი კარგად ჩაივლიდა“, – ამბობს ლასრი. შემდეგი ციკლი 12 წლის შემდეგ დადგა.

პანდემიის დაწყებიდან, ლასრი და გარდნერი ფასდაკლებული აქტივების ფურშეტზე გადიან. Avenue-მ $110 მილიონი დახარჯა ინდოეთის ფასიანი გზის ოპერატორის ვალის 100%-ის შესაძენად, რომელიც დასავლეთის სანაპირო შტატ გუჯარატში გზატკეცილს აშენებს. კოვიდის დროს გზაზე ნაკლები მძღოლი იყო და ოპერატორს გაუჭირდა, ამიტომ Avenue-მ რესტრუქტურიზაცია მოახდინა და მასზე კონტროლი გადაიბარა. ახლა ის გამოიმუშავებს 10%-დან 15%-მდე ანაზღაურებას და თუ ხალხი უფრო მეტს იმგზავრებს, ლასრი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზრდება.

უპრობლემო მოგება — „ამ პერიოდში ინვესტიციების განსახორციელებლად ნამდვილად რკინის ნერვები უნდა გქონდეს“, – ამბობს თანადამფუძნებელი სონია გარდნერი 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს Avenue-ს შესყიდვების შესახებ.

დღეს Avenue-ს აქტივების ნახევარზე მეტი მის არაამერიკულ ფონდებშია – მისმა მეექვსე აზიურმა ფონდმა გამოიმუშავა საკომისიოს გარეშე 11.5% წლიური შემოსავალი 2020 წლის აპრილიდან, და ამჟამად მეშვიდეს აგროვებს. მას ასევე აქვს $4 მილიარდი ევროპულ ფონდებში.

სპორტი Avenue-ს ინვესტორებისთვის შეიძლება კიდევ ერთ დიდ წარმატებად იქცეს. ფორმის შესაბამისად, მხოლოდ NBA-სა და MLB-ში გუნდების ძვირად ღირებული წილების შესყიდვის საპირისპიროდ, ლასრის ახალი $2-მილიარდიანი Avenue-ს სპორტული ფონდი ღირებულების ინვესტორის მიდგომას იყენებს. მან უკვე დააკომპლექტა „სპორტსმენთა საბჭო“, რომლის რიგებშია NFL-ის დიდების დარბაზის წევრი და Good Morning America-ს თანაწამყვანი მაიკლ სტრაჰანი; მოთხილამურე ლინდსი ვონსა და ფეხბურთის ვარსკვლავი ლორენ ჰოლიდეი (ორივე ოლიმპიური ოქროსმედალოსანი); და WNBA-ის ყოფილი ვარსკვლავი კენდის პარკერი. ფონდის მცირე ნაწილის სანაცვლოდ სპორტსმენები Avenue-ს დაეხმარებიან კავშირების დამყარებასა და კონსულტაციებში. ლასრი იმედოვნებს, რომ გამოიყენოს ქალთა სპორტი და დამწყები გლობალური ლიგები, მათ შორის აფრიკის საკალათბურთო ლიგა, რომელმაც დაასრულა თავისი პირველი სეზონი 2021 წელს და რომელიც, მისი აზრით, მომწიფებულია ექსპონენტური ზრდისთვის. ის აღნიშნავს, რომ გუნდების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია $25 მილიონზე ნაკლებ ფასად კონტინენტზე, სადაც 1.5 მილიარდი ადამიანია.

„მარკს უნიკალური კავშირი აქვს კონტინენტთან, – ამბობს NBA-ის კომისარი ადამ სილვერი. – მან პარალელი გაავლო აფრიკულ პროცესებსა და NBA-ში რამდენიმე ათეული წლის წინ მიმდინარე მოვლენებს შორის და ვფიქრობ, ეს სწორია. ის ნათლად ხედავს, რა იქნება საჭირო იქ წარმატებული ლიგის ასაშენებლად, მაგრამ მას პირველ სართულზე ყოფნა სურს“.

თავისი ახალი ფონდით, Avenue-თი ის კონკურენტული იქნება სპორტის კერძო ინვესტორების ხალხმრავალ სფეროში. Arctos Partners-ს, რომელსაც თავის ფონდებში თითქმის $7 მილიარდი აქვს, პორტფელში კი რამდენიმე MLB, NBA და NHL გუნდი ჰყავს, ხოლო მაიკლ რისის Dyal HomeCourt Partners-ს ერიცხება მინიმუმ სამი NBA გუნდი. კერძო კრედიტის სპეციალისტმა, Ares Management-მა გასულ სექტემბერში $3.7 მილიარდის სპორტული ფონდი შეაგროვა.

ლასრის არ აწუხებს კონკურენცია. თვლის, რომ მისი გამოცდილება პოტენციურ პარტნიორებთან უპირატესობას მისცემს. ის აღნიშნავს, რომ პიკლბოლის უმაღლესი ლიგის Milwaukee Mashers-ის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, ყოფილ ჩოგბურთელ ჯეიმს ბლეიკთან ერთად $100,000-ის ინვესტიციაზე, გუნდი დღეს მილიონები ღირს.

„ინვესტიციის მხრივ, საქმე, როგორც წესი, ფასშია, – ამბობს ის. – სპორტში საქმე უფრო იმაშია, ‘მსურს ვიყო პარტნიორი თუ არა’? თუ ჩვენ ფსონს სხვების ფსონების 10%-20%-ის ფარგლებში დავდებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ“.