მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი სოციალური მედიის პლატფორმა X, ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტ Grok-ის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ამერიკელი მილიარდერის გადაწყვეტილება OpenAI-სთან დაპირისპირებას უკავშირდება, რომელშიც მასკის Grok-მა სემ ოლტმენის „მხარე დაიჭირა“.
აღნიშნულ განცხადებამდე, ილონ მასკმა Apple-ის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღება დააანონსა. მილიარდერის თქმით, მისი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI Apple-ის წინააღმდეგ საჩივარს App Store-ის რეიტინგის მართვისას ანტიმონოპოლიური რეგულაციების დარღვევის გამო შეიტანს. მასკის მტკიცებით, OpenAI-ს გარდა ხელოვნური ინტელექტის სხვა ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს App Store-ში #1 ადგილზე მოხვედრას, რაც ცალსახად ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაა.
მასკის ბრალდებებს გამოეხმაურა OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი და მილიარდერი პლატფორმა X-ის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ოლტმენის განცხადებით, ილონმა X-ზე ალგორითმი ფარულად შეცვალა ისე, რომ ამას მასკისთვის დადებითი, ხოლო მისი კონკურენტებისთის უარყოფითი შედეგები მოეტანა.
ამის დასტურად, ოლტმენმა ტექნოლოგიური საინფორმაციო სააგენტო Platformer-ის სტატიაც მოიყვანა. სტატიის თანახმად, 2023 წლის Super Bowl-ის შემდეგ, X-ის ინჟინრებმა პლატფორმის ალგორითმი მასკის პოსტებზე ჩართულობის გასაზრდელად შეცვალეს.
ოლტმენის განცხადების შემდეგ, X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა AI-ჩეტბოტს ალგორითმისა ცვლილებაზე შეკითხვა დაუსვა. Grok-ის გენერირებული პასუხით, „2023 წლის ანგარიშებისა და მიმდინარე გამოძიებების თანხმად, 2023 წელს მასკმა თავის პოსტებზე ჩართულობის გაძლიერებისა და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, X-ის ალგორითმი შეცვალა“.
მასკმა ბრალდებებს „ცრუ ცილისმწამებლური განცხადებები“ უწოდა და განაცხადა, რომ Grok-ი მაღალი სანდოობითაა განწყობილი მედიის წყაროებისადმი, რაც „მნიშვნელოვანი პრობლემაა“ და რომლის გამოსწორებაზეც ახლა X მუშაობს.