565 მლრდ დოლარი.
ხუთას სამოცდახუთი მილიარდი. დოლარი.
565 000 000 000 დოლარი.
თვის ბოლოსკენ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დათვლილი ინფრასტრუქტურული ზარალი და მიუღებელი შემოსავლები.
მიწასთან არის გასწორებული მარიუპოლი და უკრაინის კიდევ რვა ქალაქი. განადგურებული ან ოკუპირებულია უკრაინის პრაქტიკულად ყველა პორტი, ხოლო სავაჭრო დანიშნულებით ხორბლის თუ სხვა მარცვლეულის მიწოდება უკვე რკინიგზით ხდება.
უკრაინის მოსახლეობის მიგრაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთდროული ნაკადები II მსოფლიო ომის პერიოდს შეადარეს. ეს ხალხი შეიფარეს მეზობელმა სახელმწიფოებმა ევროპიდან, ძირითადად – პოლონეთმა. მეორე მსოფლიოს გახსენებას არ სჭირდება უკრაინელი ლტოლვილების დამთრგუნველი სტატისტიკის მოყვანა (სულ 5,5 მლნ ადამიანი) – გადახედეთ ვიდეო- და ფოტოკადრებს მარიუპოლიდან და ხარკოვიდან. ეს ის ქალაქებია, რომელთაც რუსეთის მთავარსარდალი და მისი უშიშროების საბჭოს წევრები ფაქტობრივად საკუთრად თვლიდნენ, როგორც единый народ-ს!
ამ დროს კი ხალხი გაერთიანდა და უკრაინის სამსახურში ჩადგა, და ამის მთავარი მაგალითი ამ ქვეყნის მთავარმა და პირველმა Слуга Народа-მ მისცა.
ზელენსკიზე სხვა დროს. მისი პიროვნება და მასშტაბი სრულად იმსახურებს, რომ მასზე ცალკე და მეტი დაიწეროს. დაიწეროს ერთ უბრალო ბიჭზე, წესიერ ადამიანსა და მოქალაქეზე, შეიძლება ვიღაცისთვის სუსტ მმართველზე, თუმცა „ხე ნაყოფით იცნობაო”. ზელენსკი საქართველოში ყოფნის დროსაც გამორჩეულად მოიქცა, როცა გადმოფრინდა დასავლეთ საქართველოში და მცირე ამალის თანხლებით ეწვია აფხაზეთის დე ფაქტო საზღვართან განლაგებულ საგუშაგოს, ზუსტად ისე, როგორც მშობლიური უკრაინის დე ფაქტო კონფლიქტურ საზღვრებზე სტუმრობდა. ბევრმა სასიამოვნოდ იუცხოვა ეს ნაბიჯი. საზოგადოება გადაჩვეული იყო აქტივობებს საზღვრისპირა რეგიონებში, თუ არ ჩავთვლით საპარტნიორო ფონდისა და ცალკეული ბიზნესების რამდენიმე პროექტს, რომლებიც, იმედია, წარმატებით გააგრძელებენ საქმეს და ბარაქაც ექნებათ.
რას დაკარგავს ან რას მიიღებს საქართველო ამ კონფლიქტისგან?
ამაზე ძალიან ადრეა საუბარი – ალბათ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ქვეყნის გამოკვეთილი პოზიცია უკრაინის თემაზე, რომელიც მკვეთრად და გასაგებად არის დაფიქსირებული ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან. და ასევე, მკვეთრად და გასაგებად დაფიქსირდა მთავრობის მხრიდან საერთაშორისო სანქციებზე მიუერთებლობაც, იმ ფონზე, რომ შედარებით გასაგებად, თუმცა არა მკვეთრად საქართველოს მთავრობა აფიქსირებს უკრაინის მხარდაჭერას. მესმის, რომ ბარბაროსებად და არაადამიანებად მოხსენიება მხოლოდ რჩეული, ისიც პოლიტიკური ოპონენტების, ანუ ნაცების „ხვედრია”.
მეორე მხრივ, ქვეყნის ხელისუფლების მოქმედება „წინააღმდეგობაში” მოდის მათ მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებთან. გავიგეთ, რომ არ უერთდებით სანქციების საერთაშორისო პაკეტს, მაგრამ, მეორე მხრივ, 48 საათში გვარდება რუსეთის წამყვანი სახელმწიფო ბანკის VTB-ის ქართული შვილობილი კომპანიის მნიშვნელოვანი პორტფელის გადაყიდვა ორი ქართული ბანკისთვის, რითაც მანამდე დადასტურდა VTB Bank Georgia-ს შეზღუდვები სავალუტო ოპერაციების წარმოებაზე. ამიტომაც მგონია, რომ ის, რაც საჯაროდ არის გაცხადებული, არის უფრო გზავნილი უკრაინისთვის, რომლის დღევანდელ ხელმძღვანელობას საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან არასდროს ჰქონია კარგი ან საქმიანი ურთიერთობები. იდეაში, იყო პერიოდები, როცა ეს ურთიერთობებიც არ არსებობდა. საერთოდ.
ეკონომიკა წელს საქართველოში შემცირდება და ახლა პროგნოზების თუ მოქმედების მთელი ძალისხმევა არის მიმართული იმაზე, რომ არცერთ შემთხვევაში არ განმეორდეს 2020 წელი, როცა ვირუსის შიშით რამდენიმე თვით ფაქტობრივად გავაჩერეთ ეკონომიკა, რომელიც მინუს 7%-ში გავიდა 2020-ში და შარშან ამ მინუსიდან გასვლა გაგვიხარდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. მე პირადად, ის გამიხარდა, რომ შარშანდელი მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ ზრდას 2019 წელთან შედარებითაც აჩვენებდა.
ჩემი პროგნოზია, რომ წლევანდელი ეკონომიკა საქართველოში დარჩება მზარდი, და რატომღაც მგონია, რომ 5%-ის ფარგლებში იქნება. მეტწილად მანიპულირებადი სახელმწიფო პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სახელმწიფოს, როგორც უმსხვილესი დამსაქმებლის, ხარჯზე.
2008 წლის შემდეგ – ქართულ ბიზნესს გაუჩნდება მორიგი შანსი, რომ უკეთ დაადივერსიფიციროს ბიზნესებიც და ექსპორტიც. აქ ორი პრობლემაა: მსოფლიო ეკონომიკა კოვიდის გავლენისგან ჯერ არ გამოსულა, რომ ისე შევიდა მეორე, არანაკლები სიმძიმის სტაგფლაციურ რეალობაში. სტაგფლაცია – პირი იქით მიქნია, და ჯერ ინფლაციას ვერ მიხედა მსოფლიომ, რომელიც მხოლოდ წელს დაიხევდა უკან, მათ შორის საქართველოში, თუმცა – ესეც უნდა დავივიწყოთ ნავთობისა და სხვა პროდუქტების არნახულად გაზრდილი ფასების ფონზე. რას დაუპირისპირებს ამას მთავრობა? შეამცირებს ხარჯებს? ამის შანსი ნულოვანია. რას დაუპირისპირებს ამას მონეტარული ხელისუფლება? მეტად გაზრდის განაკვეთს? დიდი ალბათობით, გაზრდის, თუ მიიღებს მყარ მიმართებებს, რომ სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს არ ელოდება დრამატული კლება. ცხადია, გარდა რემიტენტებისა, ანუ გადმორიცხვები რომლებიც შემცირდება და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ განულდება რუსეთიდან, და მეორე მხრივ – სანქციები. და ჩემი თხოვნაა, იმაზე ფიქრისას, რომ რუსეთიდან ვეზიდებით ხორბლის ძირითად მარაგებს თუ მიმდინარე საჭიროებების ელექტროენერგიის იმპორტის 10%-ს, გახსოვდეთ, რომ გაცილებით მძიმე ამ ყველაფერში სანქციებია, დაწესებული სანქციები, რომლებიც თავისი სიმძიმით ნამდვილად არის ბირთვული იარაღის გასროლის ტოლფასი. და ექო ამ სანქციებისა (რომლებიც, სხვათა შორის არც სრულად ამოქმედებულა და მათგან მომდინარე შოკი ჯერ არც ასახულა) კიდევ ხშირად შეგვახსენებს თავს. ისევე როგორც, სულ თავგადაკლული რუსეთუმე რომ იყოს ქართველი საქმოსანი და სურდეს ე.წ. „რუხი სქემებით” მუშაობა ჩრდილოელ მეზობელთან, არად დაგიდევდეს, რომ ამით ბარბაროსებისა და ოკუპანტის არმიას კვებავს – წამსვე წამოვა კითხვა: კი მაგრამ, ფარა? რით და როგორ მოხდება ანგარიშსწორება? თქვენ წარმოიდგინეთ, სანქციების პოსტეფექტიც ეს იქნება – მისი დამწესებლები დიდხანს და მუდმივად გააგრძელებენ ფიქრს, ზრუნვას და მოქმედებას, რომ გაანეიტრალონ ნებისმიერი ალტერნატიული მიწოდების არხი. დარწმუნებული ვარ, ბევრს წასცდება ხელი ამაზე და წინ ამ მხრივაც მძიმე წელიწადი გველოდება, მით უმეტეს, მთავრობა არ დგამს არც საჯაროდ და არც ნორმატივების დონეზე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვის კონკრეტულ ნაბიჯებს. პერიოდულად იმის შიშიც მიპყრობს, რომ ემანდ მოპარული თვითმფრინავებით ირლანდიის სალიზინგო კომპანიიდან არ მოინდომონ პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსთან. რა იცი, რა ხდება…
რუსეთი და უკრაინა არის ჩვენი გვარიანად მობერებული ექსპორტის მთავარი გასაღების ბაზარი – წელს დიდი ალბათობით გაუჭირდებათ მეღვინეებს, ბოსტნეულით და უამრავი სხვა წვრილმანით მოვაჭრეებსაც. ეს ორი ქვეყანა ჩვენი საგარეო ნაკადების დაახლოებით 10%-ს შეადგენდა, ჰოდა, აი აქ ვტრიალებთ ეკონომისტები: თან ჩაფიჩინებული ვართ დუროვის ტელეგრამის არხებს სიახლეების მოლოდინში, და არ გვადარდებს მთავარი, რომ უკრაინიდანაც შემოტანილი რძის ფხვნილი ჩანაცვლდება სხვა ფხვნილით, და ხორბალსაც გამოუჩნდება ჩამნაცვლებელი შეერთებული შტატების, ყაზახეთის ან იმავე ჩინეთის სახით. ეს ყველაფერი სამუშაოა და გამოსავალიც არსებობს, ისევე როგორც წელს აუცილებლად ვიხილავთ საქართველოში რამდენიმე კომპანიას, რომლებიც დროებით საქართველოში დაბანაკდებიან, მას შემდეგ რაც რუსეთი და ბელარუსი დატოვეს. ახლოს სურთ ყოფნა, პირველი რიგის ბილეთები დაიბევეს, რომ თუ რამეა, მალევე შეტრიალდნენ უკან. იქ რუსეთის ეკონომიკის ამჟამად ერთადერთი უპირატესობა ელით: ღარიბი, მაგრამ მაინც მაღალი დონის შიდა მოხმარების ბაზარი – 145 მლნ მცხოვრებლით – ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის ეს ფაქტორია.
საქართველოს ეკონომიკა წელს არ გავა მინუსში, ცხადია, თუ მორიგი შტამი არ მივიღეთ. რაღაც საოცარი მუტაციის – სამამულო ომი და კორონავირუსი ერთად. სხვა მხრივ, ფაქტორები დაიწყებს ამუშავებას, რომ მოახდინოს დანაკლისის კომპენსაცია, როგორც ეს მოხდა ბოლო თვეების მანძილზე რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეების ხარჯზე, რომელთაც გვარიანი თანხები დახარჯეს, და, გარკვეულწილად, ეკონომიკის თვალსაზრისით, დააკომპენსირეს გადმორიცხვების უკვე შეთხელებული ტრენდიც.
მე არ მახსოვს ეკონომიკის ისტორიაში (ბოლო ათწლეულებს ვგულისხმობ) გაურკვევლობის ასეთი მაღალი დონე ყოფილიყო, რომელიც თითქმის სამი წელიწადია, გრძელდება.
ამიტომ რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! უნდა გაიმარჯვოს თავისუფლებამ ბოროტებაზე, რომელიც სულ რამდენიმე მეტასტაზით დარჩა წარმოდგენილი ამ პლანეტაზე.
ერთმა ერმა უკვე დაამტკიცა, რომ საკუთარი და სხვების თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებს. და კიდევ:
დაამსხვრია, მიწასთან გაასწორა ყველაზე დიდი და მძიმე მითი თუ პარადიგმა მსოფლიოს მეორე სახელმწიფოს სამხედრო უძლეველობის შესახებ.
Хай живе, живе вільна Україна!