OpenAI, Anthropic-ი და Google-ი ჩინურ ანალოგებთან საბრძოლველად ერთიანდებიან

OpenAI, Anthropic-ი და Google-ი ჩინურ ანალოგებთან საბრძოლველად ერთიანდებიან

Photo by Saradasish Pradhan on Unsplash

OpenAI-მ, Anthropic-მა და Google-მა ჩინური კომპანიების მხრიდან თავიანთი AI-მოდელების ანალოგების შექმნასთან საბრძოლველად ერთობლივი მუშაობა დაიწყეს. ამერიკული გიგანტების მიზანია, დაუპირისპირდნენ იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად აშშ-ის უახლეს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ასლებს უქმნიან.

ამერიკული კომპანიები თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად ინდუსტრიის არაკომერციულ ორგანიზაციას — Frontier Model Forum-ს იყენებენ. ეს უკანასკნელი Microsoft-თან თანამშრომლობით 2023 წელს ე.წ. „დისტილაციის“ ტექნიკის არასამართლიანად გამოყენების კონტროლისთვის შეიქმნა.

OpenAI-ს, Anthropic-ისა და Google-ის თანამშრომლობა იმ გამოწვევების შედეგია, რომელთაც ამერიკული კომპანიები ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე ჩინური კომპანიების მხრიდან აწყდებიან. განსაკუთრებით ჩინური ფირმების მიერ შეინიშნება ამერიკული პროდუქციის იმიტირებული, შედარებით ხელმისაწვდომი ვერსიების გამოშვება, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე არასამართლიან პირობებს ქმნის და, ამავდროულად, . აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. შედეგად, ჩინური კომპანიები მომხმარებლებს დაბალი ფასით იზიდავენ, რაც ამერიკულ ლაბორატორიებს მილიარდობით დოლარის მოგებას აკარგვინებს.

OpenAI-მ დაადასტურა, რომ ის მუშაობს Frontier Model Forum-ის საშუალებით ინფორმაციის გაცვლის პროცესში, რაც ნაწილია ამერიკული კომპანიების ბევრად მასშტაბური ძალისხმევისა — შეაჩერონ თავიანთი ტექნოლოგიის არასანქცირებული კოპირება. OpenAI-მ კონგრესს სპეციალური მემორანდუმითაც მიმართა, რომელშიც ჩინური კომპანია DeepSeek-ი მათი AI-მოდელების განსავითარებლად ამერიკული ლაბორატორიების მიერ შექმნილი რესურსების არაკანონიერ გამოყენებაში დაადანაშაულა. Google-მა, Anthropic-მა და Frontier Model Forum-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ცნობისთვის, „დისტილაცია“ არის ტექნიკა, რომლის დროსაც ახალი AI-მოდელების დასახვეწად ძველი, გამოცდილი ვერსიები გამოიყენება. მსგავსი ტექნიკა კომპანიებს ახალ მოდელებზე მუშაობისას ხარჯების შემცირებაში ეხმარება. „დისტილაციის“ ზოგიერთი ფორმა ფართოდ არის მიღებული და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიების მიერ წახალისებულიც კია, მაშინ როდესაც კომპანიები საკუთარი მოდელების უფრო მცირე მასშტაბის და ეფექტიან ვერსიებს ქმნიან. მიუხედავად ამისა, „დისტილაცია“ სადავო პროცესია, როდესაც მესამე მხარის მიერ გამოიყენება, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.