OpenAI Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის სტარტაპს $6.4 მილიარდად შეიძენს

OpenAI Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის სტარტაპს $6.4 მილიარდად შეიძენს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI ახალ სტარტაპს $6.4 მილიარდად შეიძენს. აღნიშნული სტარტაპი, სახელად io, AI-მოწყობილობებს აწარმოებს და ის Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის, ჯონი აივის მიერაა შექმნილი. ცნობისთვის, ჯონი აივი iPhone-ისა და MacBook-ის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევა.

ჯონ აივისა და OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის მიერ ერთობლივად გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ გარიგებაზე მხარეები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

გარიგება OpenAI-ს ისტორიაში აქამდე ცნობილი ყველაზე მსხვილი შესყიდვაა. როგორც ირკვევა, ჯონ აივისა და Apple-ის სხვა ყოფილი თანამშრომლების მიერ ერთი წლის წინ შექმნილი სტარტაპის გუნდი OpenAI-ს გუნდს შეუერთდება. ჯონ აივი კომპანიაში კრეატიულ მიმართულებას ჩაიბარებს და მონაწილეობას მიიღებს ისეთი მოწყობილობის დიზაინის შექმნაში, რომელიც სხვა მოწყობილობებთან OpenAI-ს ტექნოლოგიის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ეს გარიგება ადასტურებს OpenAI-ს სურვილსა და ხედვას, შექმნას ხელოვნურ ინტელექტზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგია.

შეთანხმებისთვის მარეგულირებლის მხრიდან მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, გარიგება 2025 წლის ზაფხულში დაიხურება.

ცნობისთვის, ჯონ აივიმ Apple-ი 2019 წელს, კომპანიაში 27-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა. აივი სხვადასხვა დროს ისეთი მოწყობილობების დიზაინზე მუშაობდა, როგორიცაა: iPod-ი, iPhone-ი, MacBook Air-ი, Apple Watch-ი და AirPods-ი.

შეგახსენებთ, OpenAI კერძო კომპანიაა, რომლის 49%-იან წილსაც Microsoft-ი ფლობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ამჟამად კომპანიის ღირებულება საინვესტიციო რაუნდების გათვალისწინებით $300 მილიარდად არის შეფასებული.