ხელოვნური ინტელექტის ამერიკული სტარტაპი OpenAI მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, ინდოეთში, მონაცემთა ცენტრის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. Bloomberg-ის ინფორმაციითვე, OpenAI-ის მონაცემთა ცენტრის სიმძლავრე, სულ მცირე, 1 გიგავატი იქნება.
OpenAI-ის პოტენციური პროექტის ზუსტი ლოკაციის, ვადებისა და ფინანსური დეტალები ამ დრომდე უცნობია. სავაურაუდოდ, მონაცემთა ცენტრის მშენებლობის შესახებ OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ოლტმანი ამ თვეში, ინდოეთში ვიზიტის დროს განაცხადებს.
ცნობისთვის, გასულ კვირას OpenAI-მ ინდოეთში, დედაქალაქ ნიუ-დელიში პირველი ოფისის გახსნა დააანონსა. კომპანიის გეგმებით, ინდოეთის პირველი ოფისი მიმდინარე წლის ბოლომდე, Microsoft-თან თანამშრომლობით გაიხსნება. კომპანიის მიზანი ბაზარზე პოზიციების გაძლიერება და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაა. აგვისტოში, OpenAI-მ მხოლოდ ინდოეთის ბაზრისთვის, ChatGPT-ის ყველაზე იაფი, $5-იანი პაკეტიც გაუშვა.
ამერიკული კომპანიის მხრიდან ინდოეთის ბაზარზე გაძლიერება განსაკუთრებით საინტერესოა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 50%-მდე გააორმაგა. აღნიშნულის მიზეზად ტრამპმა ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა დაასახელა.
გარდა ამისა, OpenAI ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად განიხილება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული Stargate-ის აშშ-ის მონაცემთა ცენტრის პროექტისთვის. არსებული გეგმით, Stargate-ის მონაცემთა ცენტრს OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი დააფუძნებენ და პროექტის ღირებულება $500 მილიარდს მიაღწევს.