OpenAI ახალი ბაზრების ათვისებას განაგრძობს და ამჟამად Google-ისთვის კონკურენციის გასაწევად, ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემა SearchGPT გაუშვა. ახალი ფუნქცია ChatGPT-შია ინტეგრირებული. ხუთშაბათს, SearchGPT-ის გაშვების შემდეგ, Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ფასი 3%-ით, 2024 წლის მინიმუმამდე დავარდა.
SearchGPT-ი – ახალი საძიებო სისტემა, რომელიც OpenAI-ის AI-მოდელების გამოყენებით შეიქმნა, დროებით, მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის გაეშვა. SearchGPT-ის სატესტო ვერსიით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ 10,000-მდე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია – მათ შორის არიან მომხმარებელთა მცირე ნაწილი და გამომცემლები.
ხუთშაბათს, SearchGPT-ის გაშვების შემდეგ, Alphabet-ის აქციების ფასი ბოლო 52 კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ტრეიდინგ-პერიოდის დასრულების შემდეგ Alphabet-ის თითო აქციის ღირებულებამ $167.32 შეადგინა.
Google-ისგან განსხვავებით, SearchGPT-ი მომხმარებელს ვებგვერდებიდან მიღებულ ინფორმაციას შეჯამებული სახით აწვდის, შემდეგ კი იძლევა მოკლე აღწერილობებს თავისივე ბმულით – პირდაპირ ვებგვერდებთან დაკავშირების ნაცვლად. გარდა ამისა, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ხელოვნურ ინტელექტს კითხვები დაუსვან და გვერდითა ზოლში შესაბამისი ბმულებიც გახსნან.
OpenAI-ის განცხადებით, გამომცემლებს შესაძლებლობა აქვთ, უარი თქვან მათი კონტენტის გამოყენებაზე ან თავად მართონ, თუ როგორ გამოჩნდებიან SearchGPT-ის საძიებო ველში.
OpenAI-მა განაცხადა, რომ მომავალში გეგმავს „ამ ფუნქციებიდან საუკეთესოების ინტეგრირებას“ ChatGPT-ში, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ფუნქციები იქნება შეტანილი. გაშვებული ვერსიის ტესტირების შემდეგ, OpenAI საძიებო სისტემის ყველაზე გამოყენებად ფუნქციებს ChatGPT-ში ჩააინტეგრირებს.