ფოტო: Muhammed Selim Korkutata/Anadolu via Getty Images
OpenAI-ის მიერ ვიდეოგენერირების AI-აპლიკაცია Sora-ს დახურვის შემდეგ, ილონ მასკმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Grok Imagine-ის გაფართოების პირობა დადო. მასკის განცხადებით, Grok Imagine-ის შემდგომი განახლება „ეპიკური“ იქნება, კომპანია კი ამ მიმართულებით „ფსონებს გააორმაგებს“. აღნიშნული განცხადება Sora-ს დახურვის დაანონსებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა.
Grok Imagine-ის გეგმებზე საუბრის შემდეგ, xAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა X-ზე ჩატბოტისა და მისი ვიდეოინსტრუმენტების რეკლამირებასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. მათ შორის იყო რეკლამა $10-იანი წევრობის შესახებ, რომელიც მომხმარებელს სურათებისა და 6-წამიანი ვიდეოების გენერირების საშუალებას აძლევს.
მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ, xAI-მა, ვიდეოებისა და სურათების გენერირების ინსტრუმენტი Grok Imagine-ი გასულ ზაფხულს გამოუშვა. Grok Imagine-ის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს სექსუალური ხასიათის ფოტო- და ვიდეოკონტენტის შექმნის საშუალებას აძლევს, ბოლო პერიოდში სასამართლო დავების მიზეზად იქცა. Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ევროკავშირმაც. საქმე ეხება რეალური ადამიანების, მათ შორის არასრულწლოვნების, სექსუალიზებული სურათების გენერირების ფაქტს.
Grok Imagine-ის თავდაპირველი გაშვების შემდეგ მისი რამდენიმე განახლება უკვე ვიხილეთ. მათ შორის, რეალური ადამიანების სექსუალიზებული სურათების გენერირების სკანდალთან დაკავშირებით, მასკმა პლატფორმაზე რამდენიმე შეზღუდვის შემოღება დააანონსა. X-ის განცხადებით, სურათების შექმნისა და რედაქტირების ფუნქციები Grok-ის ანგარიშის მეშვეობით მხოლოდ ფასიანი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, გეოგრაფიული შეზღუდვები დაწესდება იმ იურისდიქციებში, სადაც რეალური ადამიანების მსგავსი გამოსახულებების გენერირება კანონით აკრძალულია.















