ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის წამყვანი კომპანიის, OpenAI-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ივნისის მონაცემებით, კომპანიის 2025 წლის პროგნოზირებულმა შემოსავალმა $10 მილიარდი შეადგინა. OpenAI-ის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მოთხოვნის ზრდის დამსახურებით, კომპანია წლის გეგმების სრულად შესრულებას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან OpenAI-ის შემოსავალი $3.7 მილიარდს გაუტოლდა, ზარალმა კი თითქმის $5 მილიარდი შეადგინა. ChatGPT-ზე მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდის გამო კი წელს კომპანია შემოსავლებს თითქმის სამჯერ გაზრდის. OpenAI-ის მიზნობრივი შემოსავალი 2025 წელს $12.7 მილიარდია. კომპანია განმარტავს, რომ ზრდის არსებული ტემპით აღნიშნული პროგნოზის შესრულება შესაძლებელი იქნება. OpenAI-ის პრესსპიკერის განმარტებით, ზემოხსენებული $10 მილიარდი Microsoft-ის სალიცენზიო შემოსავალსა და ერთჯერად დიდ გარიგებებს არ ითვალისწინებს.
ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდის გამო მთლიანად ინდუსტრია ვითარდება. მაგალითად, OpenAI-ის კონკურენტი Anthropic-ის წლიურმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა.
მარტში OpenAI-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია ინვესტირების ახალ რაუნდში დამატებით $40 მილიარდს მოიზიდავდა, რითაც მისი ღირებულება $300 მილიარდამდე გაიზრდებოდა. ცნობისთვის, OpenAI-ის პროდუქტებს, მარტის მონაცემებით, კვირაში 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.