ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, OpenAI-მ საკუთარი ვებბრაუზერი, ChatGPT Atlas-ი გაუშვა. კომპანიის ინფორმაციით, Atlas-ი ჯერ მხოლოდ MacOS-ზეა ხელმისაწვდომი, ხოლო Microsoft-ის Windows-ზე, Apple-ის iOS-ის ოპერაციულ სისტემასა და Google-ის Android-სისტემაზე მოგვიანებით გაეშვება.
OpenAI-ის ვებბრაუზერი Google-ის პირდაპირ კონკურენტად განიხილება. გამომდინარე აქედან, OpenAI-ის ოფიციალური განცხადებიდან მალევე, სამშაბათს შუადღის სავაჭრო სესიისას, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ღირებულება 2.5%-ით, $250.49-მდე დაეცა.
ChatGPT Atlas-ს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ვების გვერდითა პანელი – ChatGPT-ი ვების გამოყენებისას გვერდითა ზოლში ჩნდება და მომხმარებლისთვის დამხმარე ფუნქციას ასრულებს; ძიების შედეგების გასაუმჯობესებლად ბრაუზერის მეხსიერების გამოყენების შესაძლებლობა; ChatGPT-აგენტი ისეთი ტიპის დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა მაგიდის დაჯავშნა, ონლაინ შეკვეთის გაკეთება ან დოკუმენტების რედაქტირება.
OpenAI-ის ინფორმაციით, კომპანიის AI-ჩეტბოტს უკვე 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა მათი უმრავლესობა პლატფორმის უფასო ვერსიას იყენებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა ChatGPT Atlas-ის გაშვებას „ათწლეულში ერთხელ მიღებული შესაძლებლობა უწოდა“ და ბრაუზერის გამოყენებისკენ მოუწოდა.