ფოტო: Getty Images
OpenAI-მ ახალი კორპორაციული AI-პროდუქტი ChatGPT Work-ი წარადგინა, რომელიც კომპანიის უახლესი ფლაგმანური მოდელის, GPT-5.6-ის დახმარებით მუშაობს და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის არის შექმნილი.
კომპანიის განცხადებით, ChatGPT Work-ი მომხმარებლის დაკავშირებული აპლიკაციებიდან და ფაილებიდან კონტექსტის მიღებას შეძლებს, რის საფუძველზეც ავტომატურად შექმნის ვებგვერდებს, ანგარიშებს, ცხრილებს, პრეზენტაციებსა და სხვა დოკუმენტებს. ახალი ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ChatGPT-ის ვებ-, მობილურ- და დესკტოპ-ვერსიებში.
OpenAI-მ GPT-5.6-ის სამი ვერსიაც წარადგინა: Sol – ყველაზე ძლიერი და მაღალი წარმადობის მოდელი; Luna – ოპტიმიზებულია მაქსიმალური სიჩქარისთვის; Terra – შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის და წარმადობასა და რესურსების ეფექტიანობას შორის ბალანსს უზრუნველყოფს.
ChatGPT Work-ის გამოშვება რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა, რაც კონკურენტმა Anthropic-მა საკუთარი სამუშაო AI-აგენტი Claude Cowork-ი წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის მზარდ კონკურენციას ავტონომიური AI-აგენტების მიმართულებით, რომლებიც მრავალსაფეხურიანი სამუშაო დავალებების შესრულებას ადამიანის მინიმალური ჩართულობით შეძლებენ.
OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა CNBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ GPT-5.6 „აგენტური კოდირების“ პროცესში 54%-ით უფრო ეფექტიანია ტოკენების გამოყენების თვალსაზრისით.
„დღეს ყველა კომპანია ფიქრობს ხარჯებზე და იმ ღირებულებაზე, რომელსაც AI-ში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ იღებს,“ – აღნიშნა ალტმანმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში AI-კომპანიებმა ყურადღება ტრადიციული ჩატბოტებიდან ავტონომიურ აგენტებზე გადაიტანეს. OpenAI, Anthropic-ი, Google-ი, Microsoft-ი და Salesforce-ი უკვე ავითარებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც კომპანიებს პროგრამირებაში, კვლევაში, დოკუმენტების შექმნასა და მონაცემების ანალიზში ეხმარება.
ამავდროულად, ძლიერი AI-მოდელების მიმართ სახელმწიფო ზედამხედველობაც იზრდება. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, OpenAI-მ GPT-5.6 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ ეტაპობრივად გაუშვა. სემ ალტმანის თქმით, კომპანიამ ადმინისტრაციასთან „კონსტრუქციული თანამშრომლობის“ ფარგლებში მოდელში არაერთი ცვლილება შეიტანა და მთავრობის ტექნიკური შესაძლებლობები „შთამბეჭდავად“ შეაფასა.
Axios-ის ცნობით, მსგავსი თანამშრომლობა აშშ-ის ხელისუფლებასა და მოწინავე AI-კომპანიებს შორის, მათ შორის Anthropic-თანაც, უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და ხელოვნური ინტელექტის უფრო და უფრო გაძლიერებული სისტემების შესაძლო რისკების შეფასებას უკავშირდება.











