ფოტო: Jaap Arriens/NurPhoto via Getty Images
ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-მ საფონდო ბირჟაზე გასვლა, შესაძლოა, 2027 წლამდე გადადოს. ამის შესახებ The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი SpaceX-ის IPO-ს შემდეგ აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა და ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ინვესტორთა შემცირებული ინტერესი გახდა.
წყაროების ინფორმაციით, OpenAI-მ IPO-სთვის მზადება უკვე დაიწყო და საინვესტიციო ბანკირებსა და იურისტებთან ერთად ბირჟაზე გასვლას 2026 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში გეგმავდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანი, საჯარო დებიუტისას $1-ტრილიონიანი შეფასების მიღწევას იმედოვნებდა.
თუმცა ბოლო დღეებში კომპანიის მრჩევლებმა OpenAI გააფრთხილეს, რომ არსებული საბაზრო გარემოს გათვალისწინებით, IPO-მ შესაძლოა ინვესტორებში საკმარისი ინტერესი ვერ გამოიწვიოს. წყაროების თქმით, ალტმანს ორი ვარიანტი შესთავაზეს: ან 2027 წლამდე დაეცადა და $1-ტრილიონიანი შეფასებით გასულიყო ბირჟაზე, ან უფრო დაბალ შეფასებას დათანხმებოდა და IPO უფრო ადრე განეხორციელებინა. გამოცემის ცნობით, ალტმანმა შეფასების შემცირება კატეგორიულად გამორიცხა და მას „მიუღებელი“ უწოდა.
OpenAI-მ ამ თვის დასაწყისში დაადასტურა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) IPO-სთვის საჭირო დოკუმენტები კონფიდენციალურად შეიტანა, თუმცა საჯარო განთავსების ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. მანამდე The Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ კომპანია ბირჟაზე გასვლას სექტემბერში გეგმავდა.
გამოცემის ცნობით, კომპანიის შიგნით IPO-სთან დაკავშირებით სკეპტიციზმი დოკუმენტების შეტანამდეც არსებობდა. მათ შორის ფინანსური დირექტორი სარა ფრიარიც გამოხატავდა შეშფოთებას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამო.
OpenAI-ის შეფასება, ბოლო დაფინანსების რაუნდის შემდეგ, $852 მილიარდს შეადგენს. კომპანიამ გასულ წელს დაახლოებით $13 მილიარდის შემოსავალი მიიღო, თუმცა წმინდა ზარალმა $21 მილიარდი შეადგინა. ამასთან, 2030 წლამდე გამოთვლით ინფრასტრუქტურასა და აპარატურულ განვითარებაში დაახლოებით $600 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ OpenAI-ის მთავარმა კონკურენტმა, Anthropic-მა, IPO-სთვის საჭირო კონფიდენციალური დოკუმენტები 1 ივნისს შეიტანა და, გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო განთავსებას 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს. კომპანიამ მაისში განხორციელებული დაფინანსების რაუნდით $965-მილიარდიან შეფასებას მიაღწია, რითაც OpenAI-ის შეფასებას პირველად გადაასწრო.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა კი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IPO უკვე განახორციელა. კომპანიამ ბირჟაზე დებიუტისას $85 მილიარდზე მეტი მოიზიდა და მისი საბაზრო შეფასება $2.77 ტრილიონამდე გაიზარდა. თუმცა დებიუტიდან რამდენიმე დღეში SpaceX-ის აქციების ფასი $225-დან $153-მდე დაეცა, რის შედეგადაც ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსიც დაკარგა.
SpaceX-ის IPO ასევე დაემთხვა OpenAI-ის თანადამფუძნებლებს, სემ ალტმანსა და ილონ მასკს, შორის მრავალწლიანი სამართლებრივი დავის დასრულებას. კალიფორნიის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში დაადგინეს, რომ მასკმა OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გადაწყვეტილების გასაჩივრება დააანონსა.










