OpenAI, Oracle-ი და SoftBank-ი, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიციირებული Stargate-ის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ხუთი ახალი ცენტრის მშენებლობას გეგმავენ. ტრამპის გათვლებით, Stargate-ის პროექტში, კომპანიების საერთო ინვესტიცია $500 მილიარდი იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს იანვარში უმასპინძლა და Stargate-ის პროექტის დეტალები გააცნო. მონაცემთა ცენტრების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მთლიანობაში 20 მონაცემთა ცენტრი აშენდება. ტრამპის გეგმით, OpenAI-ის, Oracle-ისა და SoftBank-ის ახალი ერთობლივი კომპანია 100,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.
OpenAI-ის განცხადებით, კომპანია Oracle-თან ერთად ტეხასსა და ნიუ-მექსიკოში სამ ახალ ობიექტს გახსნის, კიდევ ორ ობიექტს კი ოჰაიოსა და ტეხასში, SoftBank-თან პარტნიორობით ააშენებს. ახალი ობიექტებით, Stargate-ის მონაცემთა ცენტრის მთლიანი სიმძლავრე 7 გიგავატამდე გაიზრდება, მომდევნო სამ წელიწადში კი $400 მილიარდზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება.
Stargate-ის ფარგლებში ახალი ობიექტების დაანონსებამდე, Nvidia-მ OpenAI-ში $100 მილიარდამდე ინვესტირების შესახებ განაცხადა. საკითხთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, OpenAI, თავის პარტნიორებთან ერთად, Stargate-ის AI-პროექტისთვის კომპიუტერული ჩიპების იჯარით აღებასაც განიხილავს.