OpenAI პლატფორმა X-ის მსგავს სოციალური მედიის ქსელს ქმნის | Verge

OpenAI პლატფორმა X-ის მსგავს სოციალური მედიის ქსელს ქმნის | Verge

ხელოვნური ინტელექტის ამერიკული სტარტაპი OpenAI პლატფორმა X-ის მსგავსი სოციალური მედიის ქსელის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა Verge საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მოხსენების თანახმად, სტარტაპმა ChatGPT-ის სურათების გენერირებაზე დაყრდნობით სატესტო ვერსია შექმნა, რომელსაც სოციალური მედიის სტილის ნიუსფიდი აქვს.

Verge-ის ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი სოციალური პლატფორმის სატესტო ვერსიის შესახებ საზოგადოების აზრის გამოკვლევას ცდილობს, თუმცა პროექტი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და უცნობია, კომპანია სოციალური ქსელის ცალკე აპლიკაციად გაშვებას გეგმავს თუ ChatGPT-ში მის ინტეგრირებას.

პლატფორმა X-ის გარდა, ახალი სოციალური პლატფორმის გაშვებით, OpenAI შესაძლოა პირდაპირ კონკურენციაში Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta-სთანაც აღმოჩნდეს. ეს უკანასკნელი Meta AI-ის სერვისზეც მუშაობს. Meta-ს გეგმებს ოლტმენი თებერვალში, X-ის საშუალებით გამოეხმაურა: „კარგია, მშვენიერია, იქნებ ჩვენ სოციალური აპლიკაცია გავაკეთოთ“.

გარდა ამისა, X-ის მსგავს სოციალური მედიის ქსელის გაშვებამ, შესაძლოა ოლტმენსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს. ვითარება განსაკუთრებით რამდენიმე თვის წინ დაიძაბა, როდესაც სემ ოლტმენმა OpenAI-ის შესყიდვაზე მასკის ხელმძღვანელობით ინვესტორთა კონსორციუმის $97-მილიარდიანი შეთავაზება დაბლოკა.

ცნობისთვის, ილონ მასკი 2015 წელს ოლტმენთან ერთად OpenAI-ის თანადამფუძნებელთა შორის იყო, თუმცა 2018 წელს კომპანია დატოვა. გარდა ამისა, ოლტმენსა და მასკს შორის ამჟამად სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. მასკმა ChatGPT-ის შემქმნელსა და ოლტმენს გასულ წელს უჩივლა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბრალდებით, კომპანიამ გადაუხვია თავის თავდაპირველ მიზანს – შეექმნათ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის საკეთილდღეოდ – და არა კორპორაციული სარგებლისთვის.