კვირას, სტამბოლში პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკებების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენებაზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დააწესა. დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში თურქეთის ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) რეგიონული ხელმძღვანელის გადაყენებასა და დროებით რწმუნებულად პარტიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, გიურსელ თეკინის დანიშვნას აპროტესტებდნენ.
ოპოზიციის მხარდამჭერები პარტიის რეგიონული ხელმძღვანელის ცვლილებას თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დაშლის მცდელობად აფასებენ. კვირას დემონსტრანტებთან დაპირისპირების დროს, მთავრობა თურქეთის სტამბოლის შტაბ-ბინაზე კონტროლის აღდგენას ცდილობდა, რისთვისაც აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი იქნა გამოყენებული.
დაპირისპირების შემდგომ თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტზე შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესა. მათ შორის გათიშა წვდომა YouTube-ზე, X-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე. ბევრმა მომხმარებელმა შეზღუდვისთვის გვერდის ავლა VPN-ის გამოყენებითაც სცადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ დრომდე თურქეთის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.
ხელისუფლების გადაწყვეტილებამდე, სტამბოლის ჩრდილოეთ ნაწილში, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინა რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრანტებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. ამ ხერხით აქციის მონაწილეები თეკინის მიერ ადმინისტრაციის შენობის დაკავებას აჭიანურებდნენ. თეკინი, რომელიც თავად CHP-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, თურქეთის მთავრობამ პარტიის დროებით რწმუნებულად დანიშნა. ამ თანამდებობაზე მან ოზგურ ჩელიკი ჩაანაცვლა, რომელიც პროვინციულ კონგრესზე, დემოკრატიული წესით, 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს.
როგორც წესი, როდესაც რომელიმე ვებგვერდზე ან აპლიკაციაზე წვდომა იზღუდება, ქვეყნის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორგანო (BTK) ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. თუმცა ამჯერად BTK-ს არც განცხადება გამოუქვეყნებია და არც მის გვერდზე მოიძებნება ინფორმაცია სოციალური მედიის რომელიმე პლატფორმის მუშაობის შეზღუდვაზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში ოპოზიციური პარტიის ლიდერისა და სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. იმამოღლუ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, ამ დრომდე საპატიმროში რჩება. ხელისუფლება მას კორუფციაში ჩართულობასა და ტერორიზმთან კავშირს ედავება.