დღეს ოქროს ფასი 3%-ით შემცირდა და გასული ერთი კვირის მინიმუმს მიაღწია. თბილისის დროით დაახლოებით 12:00 საათისთვის ძვირფასი ლითონის ღირებულებამ უნციაზე 3,224.34 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1-ელი მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოქროს ფასის შემცირება აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების გამოცხადებას მოჰყვა. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები ე.წ. „საპასუხო ტარიფების“ მინიმუმ 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ როგორც ამერიკული, ასევე ჩინური მხარე 125%-იანი ტარიფს 10%-მდე შეამცირებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში დარჩა დონალდ ტრამპის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე ცალკე გამოცხადებული 20%-იანი ტარიფი, რომელიც პრეზიდენტმა აშშ-ში ფენტანილის კრიზისის გაღვივებაში ჩინეთის სავარაუდო როლის მოტივით დააწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინურ საქონელზე მთლიანი სატარიფო განაკვეთი 145%-დან 30%-მდე შემცირდება.
„ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის დეესკალაცია, ტარიფების 90 დღით შემცირებით, უსაფრთხო თავშესაფრად მიჩნეულ აქტივებზე — როგორიცაა ოქრო — მოთხოვნას ამცირებს“, – განაცხადა UBS-ის ანალიტიკოსმა, ჯოვანი სტაუნოვომ და დასძინა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ოქროს ფასები, სავარაუდოდ, კვლავ არასტაბილური დარჩება.
Reliance Securities-ის უფროსი ანალიტიკოსის, ჯიგარ ტრივედის თქმით, ოქროს ფასის კიდევ უფრო კლებაა მოსალოდნელი, რადგან გეოპოლიტიკური რისკის შემცირებამ შესაძლოა უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. მისი ვარაუდით, ძვირფასი ლითონის ფასი შესაძლოა უახლოეს მომავალში უნციაზე 3,200 დოლარამდე დაეცეს.
აღსანიშნავია, რომ ოქროსთან ერთად ასევე შემცირდა სხვა ძვირფასი ლითონების ფასებიც: ვერცხლის ღირებულება 2.3%-ით, $31.96-მდე დაეცა, პლატინის — 1.2%-ით, $983.44-მდე, ხოლო პალადიუმის — 0.9%-ით, $967.35-მდე.
იხილეთ ასევე: აშშ და ჩინეთი ტარიფების დროებით შემცირებაზე შეთანხმდნენ