ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ზრდას განაგრძობს. გაძვირებას რამდენიმე მიზეზი აქვს: ეკონომიკური არასტაბილურობა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მაღალი მოთხოვნა ცენტრალური ბანკების მხრიდან.
ნიუ-იორკის საქონლით ვაჭრობის საფონდო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,690 ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც წლის დასაწყისში არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. შედარებისთვის, ამერიკის 500 უმსხვილესი კომპანიის საფონდო ინდექსის, S&P 500-ის ზრდა წლის დასაწყისიდან დღემდე 21%-ს შეადგენს.
ოქროს ფასებზე გავლენა მოახდინა აშშ-ის ფედერალური რეზერვის მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ, 4.5 წლის განმავლობაში პირველად შეემცირებინა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.
ამ ყველაფერმა ოქრო საინვესტიციო პორტფოლიოს დივერსიფიკაციისთვის მიმზიდველ აქტივად აქცია. ოქრო ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირებისთვის ყველაზე პოპულარულ აქტივად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აშშ-ში ინფლაცია გაუარესდება, ეს ძვირფასი ლითონის ფასზე შესაძლოა დადებითადაც აისახოს.
ამავდროულად, Goldman Sachs-ის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი გასამმაგდა, რის მიზეზად აშშ-ის ფედერალური სესხის ზრდაც სახელდება.
Wall Street Journal-ის თანახმად, ეროვნულმა ბანკებმა რეკორდული ოდენობის ოქრო 2022 და 2023 წლებში შეიძინეს. ყველაზე მეტს ამ პერიოდში ჩინეთის სახალხო ბანკი ყიდულობდა.
ოქროს ღირებულება განსაკუთრებით იმატებს არასტაბილურ პერიოდებში, რადგან ამ დროს ინვესტორებს ფულის დაბანდება სწორედ ძვირფას ლითონში სურთ, რადგან ის სავალუტო რყევებისა და კონფლიქტების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა.
ოქროს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის, კოვიდპანდემიისა და ბოლო ორი წლის გლობალური ინფლაციის პერიოდში.
ექსპერტები უახლოეს მომავალში ღირებულების კიდევ უფრო ზრდას მოელიან, მაგრამ შესაძლოა გეოპოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამ საპირისპირო შედეგი მოიტანოს.
შესაძლებელია, ოქრო პორტფოლიოს დივერსიფიკაციისთვის იქნას გამოყენებული, მაგრამ მთელი საინვესტიციო თანხის ერთ აქტივში დაბანდება რეკომენდებული არაა, რადგან ძვირფასი ლითონების ფასებზეც ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორი მოქმედებს.