სამშაბათს ოქროს ფასმა უნციაზე ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და აპრილში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს, $3,500-ს გადააჭარბა. სავაჭრო სესიის დაწყებისთვის, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 0.9%-იანი მატების შემდეგ, 3,508.50 აშშ დოლარი დააფიქსირა.
საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ოქროს ღირებულება უნციაზე 32%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება სხვა ძვირად ღირებულ მეტალებს, ვერცხლის ფასი უნციაზე 0.7%-ით შემცირდა და $40.39-ს შეადგენს, პლატინის ღირებულება 1%-ითაა გაზრდილი და $1,412.95-ს აღწევს, ხოლო პალადიუმის ფასი 0.7%-ით, $1,129.52-მდე დაეცა.
ოქროს ფასის ზრდა აშშ-ის სარეზერვო სისტემის (Fed) მხრიდან, სექტემბერში საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინს უკავშირდება. CME FedWatch Tool-ის პროგნოზით, ფედერალური ფონდების განაკვეთის 4.25%-4.5%-დან 4%-4.25%-მდე შემცირების ალბათობა 10-დან 9-ის ტოლია.
Fed-ის განაკვეთების შემცირებაზე შექმნილი მოლოდინის გარდა, Capital.com-ის ანალიტიკოსის, კაილ რადას შეფასებით, ოქროს ღირებულებაზე გავლენა დოლარის აქტივების მიმართ ნდობის კრიზისმაც იქონია, რაც „აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმითაა განპირობებული“.
აშშ-ის პრეზიდენტი, განაკვეთების შემცირების მოთხოვნით, ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და მის თავმჯდომარეს, ჯერომ პაუელს თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა. გასულ თვეში პრეზიდენტმა ტრამპმა პაუელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანაც დააანონსა, რომელიც ვაშინგტონში Fed-ის სათავო ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მართვას უკავშირდება.