ოქროს ფასმა $4,378-ს გადააჭარბა – გაძვირების მიზეზები

ოქროს ფასმა $4,378-ს გადააჭარბა – გაძვირების მიზეზები

დღეს ოქროს ფასმა უნციაზე 4,378 დოლარს გადააჭარბა. თუ ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ერთკვირიან პერიოდში, ყველაზე დიდი ზრდაც დაფიქსირდეს.

ძვირფასი ლითონის კიდევ უფრო გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობით, ასევე აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინით ხსნიან, რაც ინვესტორებს უსაფრთხო თავშესაფრის ძიებისკენ უბიძგებს – ასეთ აქტივად კი სწორედ ოქრო განიხილება.

17 ოქტომბრის დილას ოქროს ფასმა უნციაზე $4,378.69 შეადგინა, რაც ყველა დროის მაქსიმუმია. მოსალოდნელია, რომ საერთო ჯამში, მიმდინარე კვირაში ძვირფასი ლითონის ღირებულება დაახლოებით 8.1%-ით გაიზრდება.

ექსპეტების განცხადებით, ოქროს ფასის ზრდის მიზეზი საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინები, გეოპოლიტიკური რისკები და საბანკო სფეროს მხრიდან შეშფოთებაა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ საფუძველზე, ოქროს ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (RSI) 88-ზეა, რაც ლითონის გადაჭარბებულ შესყიდვებზე მიუთითებს.

ამავდროულად, დღეს ვერცხლის ფასი 0.5%-ით, უნციაზე 53.96 დოლარამდე შემცირდა, მას შემდეგ, რაც რეკორდულ მაქსიმუმს – 54.47 დოლარს მიაღწია. ეს, ძირითადად, ოქროს ფასის ზრდას უკავშირდებოდა.