ინვესტორების მიერ უსაფრთხო აქტივებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ოქროს ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე – უნციაზე 3,500 დოლარამდე გაზარდა. ფასის ზრდის მთავარი ფაქტორები დოლარის დასუსტება, ფედერალური რეზერვის მიმართ (Fed) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკა და აშშ-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომია.
დღეს ოქროს ფასი 2.2%-ით გაიზარდა და 3,500.05 აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება სხვა ძვირფას მეტალებს, ვერცხლი 0.8%-ით გაძვირდა და 32.97 აშშ დოლარს გაუტოლდა, პლატინა სტაბილურად 962.10 აშშ დოლარზეა, ხოლო პალადიუმის ფასი 1.8%-ით – 944.21 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„ოქრო რჩება მაღალ მოთხოვნად აქტივად ღირებულების მოკლევადიანი ვარდნების დროსაც კი და ნამდვილად ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ფასის ზრდა. იმპულსი აშკარად ძლიერია, რაც ინვესტორებსა და ტრეიდერებს ოქროს გაყიდვისგან თავის შეკავებას აიძულებს,“ – აცხადებს City Index-ისა და FOREX.com-ის ანალიტიკოსი ფავად რაზაქზადა. მისივე თქმით, ფასის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ისევ და ისევ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო დაძაბულობაა, რაც საინვესტიციო ბაზრებზე გაურკვევლობას ქმნის და ოქროს მყიდველთა პოზიციას აძლიერებს.
ფასზე ზეწოლა გააძლიერა ტრამპის განცხადებამაც, რომელმაც ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი კვლავ გააკრიტიკა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოითხოვა. ამან ბაზრებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და დოლარი კიდევ უფრო დაასუსტა.
ინვესტორები ახლა ფედერალური რეზერვის წარმომადგენელთა გამოსვლებს ელიან, მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაფიო მიმართულების იმედით.