ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - მიზეზი

ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - მიზეზი

ცოტა ხნის წინ ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ში დასაქმების შესახებ არასახარბიელო ანგარიშმა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების იმედები განამტკიცა. ოქროს ღირებულება მიმდინარე კვირაში საერთო ჯამში 3.7%-ით გაიზარდა და დღეს ისტორიული მაქსიმუმი, 3,582.71 აშშ დოლარი შეადგინა.

მონაცემები აჩვენებს, რომ აგვისტოში აშშ-ში დასაქმების ზრდა მკვეთრად შესუსტდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა. ეს კი მიმდინარე თვეში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების არგუმენტებს განამტკიცებს.

როდესაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია და ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალი, უსაფრთხოების მაძიებელი ინვესტორებისთვის ოქრო მთავარ აქტივად იქცევა. ძვირფასი ლითონის ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაძვირებაც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს, ვერცხლის ფასი 1%-ით გაიზარდა და უნციაზე 41.09 აშშ დოლარს მიაღწია. პლატინის ფასი 2.2%-ით გაიზარდა და 1,396.97 აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო პალადიუმის ფასი 0.2%-ით დაეცა და 1,125.44 აშშ დოლარი შეადგინა.