იტალიელი კონცეპტუალისტი ხელოვანის, მაურიციო კატელანის მიერ შექმნილი 18-კარატიანი ოქროს უნიტაზი, სახელწოდებით „ამერიკა“, რომელიც ერთ დროს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში გამოსაფენად შესთავაზეს, Sotheby’s-ის აუქციონზე 12.1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ოქროს უნიტაზის ტყუპისცალი ნიუ-იორკში, გუგენჰაიმის მუზეუმში იყო გამოფენილი და, როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში შესთავაზეს. კერძოდ, თეთრმა სახლმა მუზეუმს ტრამპის საცხოვრებელ ოთახში დასაკიდებლად ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი ნახატი სთხოვა, გუგენჰაიმმა მოთხოვნაზე უარი თქვა და, სანაცვლოდ, მას ოქროს უნიტაზი შესთავაზა. მაშინ ეს პასუხი დაცინვად იქნა მიჩნეული. უცნობია, უპასუხა თუ არა თეთრმა სახლმა შეთავაზებას.
აღნიშნული უნიტაზი მოგვიანებით ინგლისში, უინსტონ ჩერჩილის დაბადების ადგილას, ბლენჰეიმის სასახლეში გამოფინეს. ნივთი 2019 წელს მოიპარეს. საქმესთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს, ხოლო ორ მათგანს მაისში ბრალი წარუდგინეს. თუმცა დაკარგულ უნიტაზს დღემდე ვერ მიაკვლიეს.









