ოქროსა და ვერცხლის ფასები 7-თვიან მინიმუმამდე დაეცა

ოქროსა და ვერცხლის ფასები 7-თვიან მინიმუმამდე დაეცა

ფოტო: upstox.com

 

დღეს ოქროსა და ვერცხლის ფასები 7-თვიან მინიმუმამდე დაეცა, რაც ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, გამყარებული დოლარისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის მოლოდინს უკავშირდება.

თბილისის დროით 18:15 საათისთვის ოქროს ფასი 3,988.60 დოლარამდე შემცირდა, რაც თითქმის 4%-იან დღიურ ვარდნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამავე დროს ვერცხლის ღირებულება 58.44 დოლარამდე დაეცა, რაც დაახლოებით 6%-იან კლებას წარმოადგენს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორივე ძვირფასი ლითონის ფასი მკვეთრ კლებას განიცდის – ვერცხლი დაახლოებით 16%-ით, ხოლო ოქრო 8%-ით გაუფასურდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ფასებზე ზეწოლას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, მათ შორის აშშ დოლარის გამყარება. დოლარის ინდექსი 0.36%-ით გაიზარდა და 101.77-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ერთ წელიწადზე მეტი ხნის მაქსიმუმია.

ანალიტიკოსების თქმით, ძვირფასი ლითონების ბაზარი ზეწოლას განიცდის როგორც ძლიერი დოლარის, ისე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ბოლოდროინდელი გაყიდვების ფონზე, რაც ინვესტორთა რისკისადმი მიდგომას ცვლის.

ამავდროულად, ბაზარზე იზრდება მოლოდინი, რომ ფედერალურმა რეზერვმა შესაძლოა წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები გაზარდოს. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ეს მოლოდინი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რომელიც ძვირფასი ლითონების ფასებს ამცირებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროსა და ვერცხლის ფასების შემცირებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმაც მოახდინა. ტრადიციულად „უსაფრთხო თავშესაფრის“ აქტივებად მიჩნეული ძვირფასი ლითონები ამჯერად ვერ ასრულებენ ამ როლს და ნავთობის ფასებთანაც კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.