ოქროსა და ვერცხლის ფასები ერთთვიან მინიმუმზეა – რატომ არ ძვირდება ლითონები ირანის ომის ფონზე?

ოქროსა და ვერცხლის ფასები ერთთვიან მინიმუმზეა – რატომ არ ძვირდება ლითონები ირანის ომის ფონზე?

ფოტო: DPA/Picture Alliance via Getty Images

 

ოქროსა და ვერცხლის ფასები დაახლოებით ერთთვიან მინიმუმზეა, რაც ეწინააღმდეგება ტრადიციულ მოსაზრებას, რომ ძვირფასი ლითონების ღირებულება გლობალური კონფლიქტის დროს იზრდება. ირანის ომმა ნავთობის ფასები გაზარდა და დოლარი გააძლიერა, რამაც ლითონებზე ზეწოლა მოახდინა.

ოთხშაბათს ოქროს ფასი 2.5%-ით შემცირდა და უნციაზე დაახლოებით 4,886.70 აშშ დოლარს გაუტოლდა. ამავდროულად, ვერცხლის ღირებულება დაახლოებით 3%-ით დაეცა და 77.40 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ორივე ლითონის ფასმა ერთთვიან მინიმუმს მიაღწია: ოქროსა და ვერცხლის ფასი ბოლოს, შესაბამისად, 4,900 და 76 დოლარზე დაბლა, 18 თებერვალს დაეცა.

ლითონების ფასები ირანთან ომის დაწყებიდან, თებერვლის ბოლოდან, სტაბილურად ეცემა. აღსანიშნავია, რომ ირანზე თავდასხმების დაწყებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე ოქროს ფასმა 5,400 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ვერცხლის ფასმა 93 დოლარს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროსა და ვერცხლის ფასები, როგორც წესი, საერთაშორისო კონფლიქტის პერიოდებში იზრდება, ირანში თითქმის სამკვირიანი ომის განმავლობაში არცერთი ლითონი მკვეთრად არ გაძვირებულა. პირიქით, ოქრო ზედიზედ მეექვსეა დღეა, რაც ღირებულებას კარგავს. Bloomberg-ის ცნობით, ეს 2024 წლის შემდეგ მისთვის კლების ყველაზე გრძელი სერიაა.

Sucden Financial-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ლითონების ფასები ნავთობთან „უარყოფით კორელაციაში“ ივაჭრება, რადგან ნავთობისა და ენერგიის ფასები იზრდება. მათი თქმით, ძვირფასი ლითონების ფასები უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, კვლავ „ცვალებადი დარჩება“. ნავთობის ფასები ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დაახლოებით 5%-ით მოიმატა და 109 აშშ დოლარს გადასცდა, რაც ომის დაწყებიდან ღირებულების 40%-ზე მეტით ზრდაა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების ფასების ზრდამ ინფლაციური შიში გააღვივა და შეასუსტა მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. ეს ძვირფასი ლითონების ფასის ზრდას უშლის ხელს, რადგან ოქროსა და ვერცხლის ფასი, როგორც წესი, განაკვეთების შემცირების შემდეგ იზრდება.

ამას თან დაერთო აშშ დოლარის გამყარება, რაც, როგორც წესი, ძვირფას ლითონებზე ზეწოლას კლების კუთხით ახდენს.

სხვაგვარია წარსულის გამოცდილება. ომმა და საერთაშორისო დაძაბულობამ წარსულში ოქროსა და ვერცხლის ფასის ზრდა გამოიწვია. ოქროს ფასები ერთწლიან მაქსიმუმამდე 2022 წელს გაიზარდა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მიმდინარე წლის დასაწყისში ანალიტიკოსებმა ოქროსა და ვერცხლის ისტორიული ფასების ზრდის ნაწილობრივ ახსნად სხვადასხვა გლობალური დაძაბულობა დაასახელეს. ზოგიერთ ფაქტორს შორის იყო იანვარში აშშ-ის მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავება, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება და ევროპელ ლიდერებთან მზარდი დაძაბულობა, როდესაც მან გრენლანდიის ანექსიის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოქროსა და ვერცხლის ფასებმა იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რითაც რამდენიმეთვიანი ზრდა დასრულდა. პიკზე ოქროს ფასმა 5,600 დოლარს გადააჭარბა, ხოლო ვერცხლის ფასმა – 120 დოლარს. ფასები იანვრის ბოლოს დაეცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელად კევინ უორშს წარადგენდა. ანალიტიკოსები მის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდნენ.