ოქროსა და ვერცხლის ფასები გაიზარდა – რამ გამოიწვია გაძვირება?

ოქროსა და ვერცხლის ფასები გაიზარდა – რამ გამოიწვია გაძვირება?

ფოტო: Getty Images

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებლის შემცირების ფონზე, ძვირფასი ლითონების ფასები გაიზარდა. როგორც მედიასააგენტო Reuters-ი წერს, ბაზრის რეაქცია დეკემბრის საცალო გაყიდვების სუსტი მონაცემებით იყო განპირობებული, რაც ეკონომიკის შენელებაზე მიუთითებს და ინვესტორებს მიანიშნებს, რომ ფედერალურ რეზერვს შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოუწიოს.

ოქროს ფასი 0.7%-ით გაიზარდა და უნციაზე 5,057.23 დოლარი შეადგინა, ხოლო აპრილის ფიუჩერსები 1%-ით, 5,081.40 დოლარამდე გამყარდა. ვერცხლის ღირებულება კი 2.3%-ით გაიზარდა და უნციაზე 82.56 დოლარს მიაღწია, მას შემდეგ რაც წინა სავაჭრო სესიაზე 3%-ზე მეტით იყო შემცირებული.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო კვირებში ძვირფასი ლითონები გარკვეულწილად მოწყდა საპროცენტო პოლიტიკის ფუნდამენტურ ფაქტორებს, თუმცა შემცირებული სარგებელი კვლავ განაპირობებს ოქროს გაძვირებას. Capital.com-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსის, კაილ როდას შეფასებით, სარგებლის კლება პოზიტიური სიგნალია ოქროსთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკური მაჩვენებლები ზრდის შენელებაზე მიუთითებს.

სამშაბათს გამოქვეყნებულმა მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დეკემბერში აშშ-ში საცალო გაყიდვები არ გაზრდილა – მომხმარებლებმა შეამცირეს ხარჯები ავტომობილებსა და სხვა მსხვილ შესყიდვებზე. ეს ტენდენცია შესაძლოა მომხმარებელთა დანახარჯებისა და მთლიანად ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების წინაპირობა გახდეს.

ამ სუსტი მონაცემების ფონზე სავარაუდოა, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების უფრო სწრაფ და მნიშვნელოვნად შემცირებას განიხილავს. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის შეცვლის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს და ეკონომიკური პერსპექტივა „ფრთხილად ოპტიმისტურია“.

რაც შეეხება სხვა ძვირფას ლითონებს, პლატინის ღირებულება 2.1%-ით გაიზარდა და უნციაზე 2,131.60 დოლარი შეადგინა, ხოლო პალადიუმი 2%-ით, 1,741.78 დოლარამდე გაძვირდა.