საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 507.77 მლნ ლარით, 0.75%-ით გაიზარდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 68.03 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.80%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სესხების მოცულობის წლიურმა ზრდამ კი ოქტომბერში 12.71% შეადგინა.
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 470.13 მილიონი ლარით, 1.21%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 37.64 მილიონი ლარით, 0.13%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 10.82 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 19.09 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 1.07%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 0.29%-იანი კლება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბრის განმავლობაშია 1.08%-ით, 378.83 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 35.52 მილიარდი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.03% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.260 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.









