საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 281.06 მილიონი აშშ დოლარი (766.3 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 1.5%-ით (4.4 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 124.58 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 44.33%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 11.51% შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყნებს, ოქტომბერში ფულადი გზავნილებით აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 50.87 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 20.64%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 47.33 მილიონი აშშ დოლარით იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 10.14%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 34.37 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 44.49%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მილიონი აშშ დოლარი (97.3 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2023 წლის ამავე თვის (31.8 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.