ორ კორეას შორის 70-წლიანი ომის დასასრული: რას ნიშნავდა და ნიშნავს ეს ეკონომიკისთვის

ორ კორეას შორის 70-წლიანი ომის დასასრული: რას ნიშნავდა და ნიშნავს ეს ეკონომიკისთვის

ორი კორეა იმ კონფლიქტის დასრულებისთვის ემზადება, რომელიც არასდროს დასრულებულა. საბრძოლო დაპირისპირებები კორეის ომში (1951-1953) ზავის ხელმოწერით, თითქმის 70 წლის წინ შეწყდა, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება ქვეყნებს შორის არასდროს გაფორმებულა. ეს კი ნიშნავს, რომ ორი სახელმწიფო ტექნიკურად ჯერ კიდევ ომშია. თუმცა ახლა, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა „პრინციპულ შეთანხმებას“ მიაღწიეს – ერთგვარ გეგმას, რომელიც უახლოეს თვეებში ოფიციალურად ომის დამამთავრებელი ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს.

38-ე პარალელის გასწვრივ, შვიდი ათწლეულის განცალკევებამ, ორ კორეაში, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთ სახელმწიფოდ ცხოვრობდნენ, რადიკალურად განსხვავებული და ერთმანეთის საპირისპირო ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება გამოიწვია: კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთი), „Juche”-ს დოქტრინის პრინციპებით განსაზღვრული გეგმური და ავტარკის ეკონომიკით, მეორე მხარეს კი კორეის რესპუბლიკა (სამხრეთი), კაპიტალისტური სისტემით, ღიაობითა და ძლიერი საექსპორტო შესაძლებლობებით.

სამშვიდობო ხელშეკრულება, უპირველეს ყოვლისა, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის გაძლიერებას გულისხმობს, რადგან კიმ ჩენ-ინის მთავრობის მიზანია, აშშ-მ შეამსუბუქოს სანქციები, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობას ზღუდავს. ბირთვული პროგრამიდან გამომდინარე, ჩრდილოეთი კორეა სანქციებით დახუნძლული აღმოჩნდა, რაც პროდუქტთა დიდი ნაწილის იმპორტსა და ექსპორტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემის გარეთ ტოვებს.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, მისი მიზანია, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ჩრდ. კორეამ დენუკლეარიზაციის პროცესი დაიწყოს, რომელიც ნახევარკუნძულზე მშვიდობის გარანტიც იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ჩრდ. კორეამ ბალისტიკური რაკეტების არსენალი შეიმუშავა, რომელიც შესაძლოა მეზობელ იაპონიაში მოხვდეს, ხოლო Hwasong-15-მა შეერთებულ შტატებსაც კი მიაღწიოს. ხელშეკრულების ამ პირობების გათვალისწინებით, გაფორმების შემთხვევაში, სამხრეთი ნაწილი ატომური თავდასხმის შიშის გარეშე იცხოვრებს, ჩრდილოეთი კი არსენალის გამოყენებას ფინანსური სარგებლისთვის შეძლებს.

ჩრდილოეთი კორეა: კიმის დინასტია

კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით კიმების ოჯახმა უკვე ლიდერთა სამი თაობა ჩამოაყალიბა, რომელიც კიმ ილ-სუნით დაიწყო ახლა კი კიმ ჩენ ინთან ერთად გრძელდება. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკა მთავრობის მხრიდან მკაცრად კონტროლდება, მთავრობა განსაზღვრავს როგორც წარმოების რაობას, ასევე მის რაოდენობასა და ფასს.

ჩრდილოეთ კორეის სამრეწველო ნაწარმი, სამწლიანი ომის შემდგომ, პრაქტიკულად განადგურდა. ომის შემდგომ მცირე დროში ქვეყანამ, სხვა კომუნისტური სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წყალობით, ზრდის მაღალ ტემპს მიაღწია. თუმცა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, დესტალინიზაციის გამო, 1950-იანი წლების ბოლოსა და 60-იანი წლების დასაწყისში დაიძაბა. კონკრეტულად, ფხენიანის ჩინეთთან გაერთიანების გამო ჩრდილოეთმა საბჭოთა მხარდაჭერა დაკარგა. 1989-1992 წლებში, კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთი იძულებული გახდა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის გადაეხედა და გაეზარდა ეკონომიკური გაცვლა სამხრეთი კორეასთან. რაც შეეხება ჩინეთს, ის ექსპორტის 67%-ს შეადგენს, რაც მას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს. არასწორმა ეკონომიკურმა მენეჯმენტმა, რომელიც 1990-დან 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე სასტიკი შიმშილობის მიზეზი გახდა, საკვების წარმოებისა და იმპორტის შემცირებაც გამოიწვია. კრიზისს დაერთო წყალდიდობები და გვალვები. 2009 წლამდე საერთაშორისო საზოგადოება სასურსათო დახმარებას უზრუნველყოფდა, მას შემდეგ სიმინდისა და ბრინჯის წარმოება გაიზარდა.

ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრე, ათწლეულების განმავლობაში არასწორი მენეჯმენტის, ინვესტიციების სიმცირისა და სხვა საკითხების გამო, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სამხედრო და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების ხარჯები კი  ზღუდავს სახელმწიფო ფინანსების ინვესტირებას ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებში.

სამხრეთი კორეა: ეკონომიკა საკრუიზო სიჩქარით

სამხრეთ კორეისთვის, 1953 წლის ზავიდან, ეკონომიკური წარმატების ისტორია დაიწყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 1970 წლის $7,000 მილიონიდან, 2020 წელს დაახლოებით $1,6 ტრილიონამდე გაიზარდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული პროცესებით, სამხრეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაა.

საავტომობილო, გადაზიდვის, ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის საყრდენია. მის ბიზნესსექტორში ე.წ. „ჩაიბოლები“ დომინირებს, დივერსიფიცირებული ინდუსტრიული კონგლომერატები, რომლებიც ოჯახების მიერ კონტროლდება. მათ შორისაა ჩინგ ჯუ-იუნგის შთამომავლობის საკუთრებაში მყოფი Hyundai. სხვა ცნობილი კონგლომერატებია Samsung-ი და LG Corporation-ი. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა სამხრეთ კორეის კულტურული პროდუქციის ექსპორტიც მთელ მსოფლიოში, მათ შორისაა, მაგალითად, პოპულარული სერიალი The Squid Game, ასევე მუსიკალური ჟანრი K-Pop-ი და მისი შემსრულებლები.

ორ კორეას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას განსაკუთრებით დიდი ეკონომიკური ინტერესი კაესონგის ინდუსტრიული რეგიონისთვის (RIK) აქვს. RIK-ი კაესონგში, ჩრდ. კორეაში მდებარეობს. სასაზღვრო რეგიონში რამდენიმე სამხრეთკორეული კომპანია მდებარეობს, რომელშიც 53,000 ჩრდილოელი და 800 სამხრეთკორეელი თანამშრომელი მუშაობს. ამ ხელფასებიდან დაახლოებით $90 მილიონის გამომუშავება ხდება, რომელიც ყოველწლიურად სწორედ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ირიცხება.

 

მთავარი ფოტო: სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი ათლეტები ოლიმპიადის მარშზე ერთობლივად გამოდიან