ორბანის გამარჯვება უნგრეთში: გავლენა ევროკავშირზე, ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან

ორბანის გამარჯვება უნგრეთში: გავლენა ევროკავშირზე, ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან

უნგრეთის ავტორიტარულმა ლიდერმა და რუსეთის დიდი ხნის მოკავშირე ვიქტორ ორბანმა, კვირას არჩევნებში გამარჯვებით, ხელისუფლებაში ზედიზედ მეოთხედ დარჩენის უფლება მოიპოვა. ორბანის პარტია Fidesz-მა თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად, 53%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მმართველ პარტიას პარლამენტში პოზიციების გაძლიერებისა და ოპოზიციური პარტიების კოალიციაზე ლიდერობის საშუალებასაც კი მისცემს.

ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა. პუტინმა უნგრეთის პრემიერს გამარჯვებაც მიულოცა და დასძინა, რომ რთული საერთაშორისო ურთიერთობების მიუხედავად, ორმხრივი პარტნიორობის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. თავის მხრივ, ორბანმა, გამარჯვების შემდგომ მხარდამჭერებთან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, „ბრიუსელის ბიუროკრატებსა და საერთაშორისო მეინსტრიმ მედიასთან ერთად“ მის „ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ“ დაასახელა.

უნგრეთში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. უნგრეთის თვითმარქვია არალიბერალი დემოკრატი პრემიერი არაერთხელ დაუპირისპირდა ბრიუსელს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება და მიგრაცია. ამას ერთვის რუსეთთან ახლო ურთიერთობები, რაც შესაძლოა, უნგრეთის მიერ რუსეთისგან საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიის შეძენით იყოს განპირობებული, თუმცა ევროკავშირის საკმაოდ ბევრი ქვეყანაც მნიშვნელოვნადაა კვლავ რუსეთზე დამოკიდებული.

საინტერესოა, რომ ორბანსა და პუტინს შორის მრავალი მსგავსებაა. ორივე მათგანს უარყოფითი დამოკიდებულება და ზიზღი აქვს ბრიუსელისა და პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და LGBTQ+ საზოგადოების მიმართ. 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ორბანმა კონტროლი მოიპოვა უნგრეთის სასამართლო სისტემაზე, მედიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. სახელმწიფო და კერძო მედიის უმეტესობაც ორბანის მოკავშირე პირებმა დაისაკუთრეს. არჩევნების შემდგომ, მსგავსი ტიპის მმართველობა ქვეყანაში  2026 წლამდე გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ორბანი პუტინი არაა, თუმცა წინასაარჩევნოდ უნგრეთში საინტერესო ბილბორდი გამოჩნდა, ორივე პოლიტიკური ფიგურითა და შუაში ამომრჩევლისადმი მიმართული წარწერით: „უნგრელი პუტინი“ თუ ევროპა? შესაძლოა ითქვას, რომ ბილბორდი არსებულ სიტუაციას ზუსტად და ყოვლისმომცველად ასახავს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნების თაობაზე საჩივრით მიმართეს ეუთოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას. ეუთო მარტის დასაწყისში უნგრეთში ადამიანის უფლებებსა და არჩევნებს უწევდა მონიტორინგს.

ორბანი ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს ლიდერია, იმ დროს როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ჩანს, რომ ორგანიზაციისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს. მიუხედავად ამისა, უნგრეთი მხარს უჭერდა თითქმის ყველა სანქციას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან რუსეთისათვის დაწესდა, თუმცა უფრო მეტი აქტიურობისგან თავს იკავებდა და ამომრჩევლისთვის თავი „მშვიდობისმყოფელად“ გამოაცხადა. ორბანი ასევე მაქსიმალურად ცდილობდა, მისი ჯარი და იარაღი უკრაინის კონფლიქტში ჩართული არ ყოფილიყო.

უკრაინა უნგრეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, რის გამოც რუსეთის შეჭრის შემდგომ ქვეყანას 400.000 ლტოლვილის მიღება მოუწია. უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ორი დიდი სახელმწიფოს შეიარაღებული კონფლიქტისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მან უარი განაცხადა როგორც თავად, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან უნგრეთის გავლით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ორბანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერია, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი ღიად გააკრიტიკა. ორბანის გარემოცვამ ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის ოპოზიციასთან „პაქტის“ დადებაში დაადანაშაულა, რაც უნგრელი ჯარისკაცების რუსეთთან ომში ჩართვას ითვალისწინებდა.

ორბანი წლების განმავლობაში ამაყობდა თავისი „პოლიტიკური პრაგმატიზმით“. ბერლინის კედლის დაცემის შემდგომ დაუფარავი ანტიკომუნისტი, ამჟამად ნოსტალგიური ნაციონალისტი კონსერვატორია. ის ებრძვის დასავლელ და აღმოსავლელ მოკავშირეებს და საზღვრებს ყოველთვის სცდება. უკრაინის მიმართ ორბანის დამოკიდებულებაც მიუღებელია ევროკავშირისა და ნატოსთვის. შედეგად, უნგრეთი თითქოს სულ უფრო იზოლირებული ხდება.

ორბანმა იმდენი მოახერხა, რომ ევროკავშირში მის უახლოეს მოკავშირე პოლონეთსაც კი ჩამოშორდა, რომელსაც მსგავსი „არალიბერალურად“ მოაზროვნე მთავრობა მართავს. წლების განმავლობაში, პოლონეთი და უნგრეთი ავტორიტარული ალიანსით დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ერთიანი ძალებით ესხმოდნენ თავს. თუმცა ურთიერთობაში ბზარები გაჩნდა. მაშინ, როდესაც უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებისგან თავს იკავებდა, პოლონეთი მძიმე სანქციების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო.

მიუხედავად ვიქტორ ორბანის პოლიტიკისა, არც ნატოს და არც ევროკავშირის ინტერესებში მისი სრულად გაძევება არ შედის, რადგან დასავლეთის მიზანი პუტინის წინაშე ერთიანი ფრონტის სახით წარდგენაა. ფაქტია, რომ ორგანიზაციას უნგრეთში ორბანის მმართველობის მოთმენა უკვე დამატებით ოთხი წლით, 2026 წლამდე მოუწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *