ორბანის თქმით, რუსული გაზის უნგრეთისთვის მიწოდებას თურქეთი უზრუნველყოფს

ორბანის თქმით, რუსული გაზის უნგრეთისთვის მიწოდებას თურქეთი უზრუნველყოფს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსული გაზის უნგრეთისთვის მიწოდების გაგრძელების გარანტორი თურქეთი იქნება. თუმცა რა სახის გარანტორობაზეა საუბარი, ვიქტორ ორბანს არ დაუკონკრეტებია.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უნგრეთმა რუსულ ბუნებრივ რესურსებზე უარი არ თქვა და მიუხედავად ევროპელი კოლეგების კრიტიკისა, დღემდე განაგრძობს ენერგორესურსების იმპორტს.

2021 წელს უნგრეთმა რუსეთის ფედერაციასთან 15-წლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან ყოველწლიუურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის. გასულ წელს კი უნგრეთმა რუსული სახელმწიფო კომპანიისგან, Gazprom-ისგან ბუნებრივი აირის შესყიდვის მოცულობა 7.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. აღნიშნული ბუნებრივი აირის უნგრეთში იმპორტი სწორედ Turkstream-ის გაზსადენით განხორციელდა.

უნგრეთის თურქეთთან გაზის მიწოდების უზრუნველყოფაზე შეთანხმების შინაარსიც, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული გაზსადენის შეუფერხებლად გამოყენების გარანტიაა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, Turkstream-ის გაზსადენით წელს უკვე განხორციელდა 7.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უნგრეთში იმპორტი.

შეგახსენებთ, გასულ თვეს აშშ-ის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უნგრეთს გამონაკლისის სახით რუსული ნავთობრესურსების შესყიდვის ერთწლიანი სტატუსი მიანიჭა. ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი აშშ-ის სანქციებს არ დაექვემდებარება.

ვიქტორ ორბანი ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი რუსეთისგან ენერგორესურსების მიწოდების უწყვეტობის გარანტიის მიღება იყო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.