ფოტო: Nicolas Tucat / AFP – Getty Images
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ეტაპობრივად შეწყვეტს მანამ, სანამ „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის ტრანზიტი არ აღდგება. მილსადენის ფუნქციონირება უკრაინამ იანვარში, რუსული სარაკეტო თავდასხმით გამოწვეული დაზიანების გამო შეაჩერა. უკრაინული მხარე მილსადენის შესაკეთებლად დროს ითხოვს, უნგრეთი კი მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვს.
„ჩვენ ეტაპობრივად შევაჩერებთ უნგრეთიდან უკრაინაში გაზის მიწოდებას და დარჩენილ მარაგს უნგრეთის საცავებში შევინახავთ. მანამ, სანამ უკრაინა ნავთობს არ მოგვაწვდის, ის უნგრეთიდან გაზს ვერ მიიღებს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, — განაცხადა ორბანმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ნავთობსადენი „დრუჟბა“ უნგრეთსა და სლოვაკეთში, უკრაინის გავლით, რუსული ნედლი ნავთობის გადასაზიდად გამოიყენება. სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინის მიერ ნავთობსადენის ფუნქციონირების შეჩერება, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზად იქცა. გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ორბანი კიევს უახლოეს წარსულშიც არაერთხელ დაემუქრა.
გარდა ამისა, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტი დაბლოკა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინისათვის ახალი სესხის გამოყოფაზე დეკემბერში შეთანხმდნენ, თუმცა უნგრეთმა ეს შეთანხმება გასულ თვეში დაბლოკა და განაცხადა, რომ „დრუჟბის“ მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენამდე გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
უნგრეთის მილსადენის ოპერატორის, FGSZ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ოთხშაბათ დილის მდგომარეობით, უკრაინას გაზი კვლავ მიეწოდებოდა. უკრაინული ოპერატორის ინფორმაციით კი, ქვეყანა ოთხშაბათს უნგრეთიდან 8.3 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, იმდენივეს, რამდენსაც სამშაბათს. საერთო ჯამში, არსებული გეგმით, უკრაინამ აღმოსავლეთ ევროპიდან ოთხშაბათს 25 მილიონი მ³ გაზი უნდა მიიღოს.















