„აფიშა“ თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის 5 ნომერში, 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა. სასტუმრო, განსხვავებული კონცეფციის წყალობით, ღამის გასათევი ადგილის ფარგლებს სცდება და სტუმრებს თეატრისა და კინოს სამყაროში ამოგზაურებს. პროექტის უკან ორ ქალი დგას, რომლებმაც იდეის დაბადებიდან განხორციელებამდე არაერთი გამოწვევა გადალახეს და ჩანაფიქრი რეალობად აქციეს. „აფიშას“ დირექტორი, ლიკა ბოლოთაური და პროექტის მენეჯერი, ნანა გაგუა ამ სივრცის გაცოცხლების გზაზე, მათ მიერ გადალახულ გამოწვევებსა და მომავლის ხედვაზე გვესაუბრნენ.
პირველ რიგში, რატომ დაინტერესდით ამ პროექტით? რა შესაძლებლობები დაგანახათ მან?
ლიკა: სანამ „აფიშათი“ დავინტერესდებოდი, სხვადასხვა პროექტის მიმართულებით საინვესტიციო კომპანია „მიდლ სის კაპიტალში“ ვმუშაობდი. სწორედ იქ მივიღე შემოთავაზება, „აფიშას“ პროექტისთვის მეხელმძღვანელა. ახალი პროდუქტის შექმნა და დანერგვა ყოველთვის დიდ გამოწვევებთან, ახალ ურთიერთობებთან და განვითარებასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მუდამ მიზიდავდა და მაინტერესებდა შექმნის პროცესი. ეს განსაკუთრებით „აფიშას“ ეხება, რადგან ვიცოდი, რომ შესაძლებლობა მომეცა, ქალაქის შუაგულში რაღაც განსაკუთრებული შემექმნა. ამავე დროს მსურდა, საკუთარი თავი განსხვავებულ სფეროსა და გარემოში გამომეცადა. ვფიქრობ, როდესაც საქმისადმი დიდი ინტერესი გამოძრავებს, მზად ხარ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და თავდაუზოგავად იშრომო, სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევ.
როგორ დაუკავშირდით ერთმანეთს?
ლიკა: მე და ნანა ერთმანეთს დიდი ხნის წინ, პირველ სამსახურში შევხდით და იმ დღიდან მოყოლებული, თანამოაზრეები და მეგობრები გავხდით. ვიცოდი, რომ ნანა ის ადამიანია, ვისაც არ ეშინია გამოწვევების, უნარი აქვს სწორად დაგეგმოს და შეაფასოს პროცესები, იფიქროს ჩარჩოებს მიღმა და, ამავდროულად, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. პროექტის მიმდინარეობისას კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი მის შესაძლებლობებში. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ ორივე უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით სამუშაო პროცესისგან, ვმუშაობდით შეთანხმებულად და სრულად ვიზიარებდით ერთმანეთის შეხედულებებს.
ორი ქალი სამშენებლო პროექტის სათავეში – გენდერულმა სტერეოტიპმა ხომ არ შეგიქმნათ დაბრკოლება?
ნანა: სწორად აღნიშნეთ, ორი ქალი სამშენებლო სფეროში დღესაც ბევრი ადამიანის გაოცებას იწვევს. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ამ სტერეოტიპს შევეჯახებოდით და თავის დასამკვიდრებლად რთული გზის გავლა მოგვიწევდა. ვაღიარებ, პროექტის დასაწყისში ბევრი ადამიანი გვიყურებდა ეჭვის თვალით, თუმცა ნდობაც ბევრმა გამოგვიცხადა, მაგრამ იმდენად ვიყავით ამ იდეით აღტაცებულნი და ჩვენი საქმით შეპყრობილნი, რომ ეს მუხტი ჩვენი გუნდის წევრებმაც მალევე იგრძნეს და ამ საკითხმა ეტაპობრივად აქტუალობა დაკარგა. ჩვენთვის არ არსებობდა სიტყვა შეუძლებელი, კაცი, ქალი და ასაკი, მთლიანად ორიენტირებულნი ვიყავით პროცესსა და შედეგზე. დღეს, როცა სწრაფად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, სფეროების სქესის მიხედვით დაყოფა აღარ უნდა ხდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვეძლოს ურთიერთობების სწორად მართვა, რა დროსაც გენდერი მნიშვნელობას კარგავს.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით პროექტის განხორციელების გზაზე? როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძელით მისი წარმატებით დასრულება?
ლიკა: ვფიქრობ, სფეროს მნიშვნელობა არ აქვს, გამოწვევები ყველა ახალ საქმეს ახლავს თან, თუმცა სამშენებლო სფეროში კიდევ უფრო მეტ სირთულეს ვაწყდებოდით, რადგან ის ძალიან სპეციფიკურ და მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს. სიღრმისეულად უნდა იყო გარკვეული ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონსტრუქცია, არქიტექტურა, საინჟინრო კომუნიკაციები და სხვა. ამავდროულად გიწევს, დიდი სამშენებლო ჯგუფი ეფექტიანად მართო, ყოველი დღე დაგეგმო და შესრულების ხარისხსა და ვადებს ზედამხედველობა გაუწიო.
მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობა მთლიანი პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. პროექტის განხორციელება დიზაინ-პროექტის სრულად გაცოცხლებას გულისხმობდა – 118 ნომრის და საერთო სივრცეების მოპირკეთებას, სპეციალურად „აფიშასთვის“ შექმნილი ავეჯისა და ინტერიერის დეტალების დამზადებისა და შესყიდვის პროცესს, რომელიც საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა როგორც ჩვენთვის, ასევე კონტრაქტორი კომპანიებისთვისაც.
გარდა ინტერიერის დიზაინისა, საჭირო იყო კვების თითოეული ობიექტის კონცეფციის შემუშავება, მათი აღჭურვა და ტექნიკურად გამართვა, ასევე სასტუმროს საოპერაციო პროცესის დაგეგმვა და პერსონალის შერჩევა.
საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო სასტუმროს საბოლოო ეტაპამდე მიყვანა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი შრომის, გამბედაობისა და სწორი გუნდის წყალობით ყველა სირთულე გადავლახეთ.
უშუალოდ პროექტზე ვისაუბროთ, „აფიშას“ გამორჩეული დიზაინი აქვს – როგორ შეიქმნა სასტუმროს კონცეფცია?
ნანა: „აფიშა“ ექსტერიერისა და ინტერიერის კონცეპტუალური და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. მის არქიტექტურულ პროექტზე ქართველმა არქიტექტორმა, ლაშა ცინცაძემ იმუშავა. ვფიქრობთ, საპასუხისმგებლო ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მან ამ გამოწვევას თავი არაჩვეულებრივად გაართვა და პროექტის ექსტერიერი მელიქიშვილის გამზირს საკმაოდ ორგანულად შეერწყა.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, მე და ლიკა ვმსჯელობდით, თუ ვის შეეძლო ყველაზე საინტერესოდ დაენახა ამ ადგილმდებარეობისა და სივრცის უნიკალურობა. არჩევანი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხედვების მქონე ქართველ დიზაინერზე, ესმა ხეცურიანზე შევაჩერეთ, რომლის ნამუშევრები ჩვენში დიდ მოწონებასა და ინტერესს იწვევდა. ამის შემდეგ, ესმას დავუკავშირდით და თანამშრომლობა შევთავაზეთ. ასე დაგვემატა გუნდში კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის ხედვებითა და იდეებით მალევე ჩვენც „შეპყრობილები“ გავხდით და კინოთეატრზე ისედაც შეყვარებულებს, კიდევ უფრო დიდი კავშირი ვიპოვეთ ხელოვნებასთან. იმ დღიდან „აფიშასთვის“ საოცრად საინტერესო ეტაპი დაიწყო, ნელ-ნელა უფრო და უფრო აღქმადი გახდა, თუ რატომ უნდა დარქმეოდა სასტუმროს ეს სახელი და რა ისტორიას მოგვიყვებოდა ის.
სასტუმროს სახელწოდებად „აფიშას“ შერჩევა, მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. „ფილარმონიის“ გვერდით და, ზოგადად, თბილისის კულტურულ ცენტრში მდებარეობა, იქ, სადაც მთავარი საკონცერტო დარბაზი, რუსთაველის ეროვნული თეატრი და არაერთი დიდი მუზეუმი იყრის თავს, სახელთან ერთად, ამ ახალ სივრცეს თეატრალურ ხასიათსა და კონცეპტს უქმნის.
სასტუმრო „აფიშას“ ბრენდინგსა და რესტორნების გასტრონომიულ კონცეფციაზე კომპანია „გასტრონავტმა“, კერძოდ მისმა თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, ლალი პაპაშვილმა იმუშავა. მის მიერ შემოთავაზებული ბრენდის ხასიათმა, ღირებულებებმა და უნიკალურობამ არსებული ინტერიერი უფრო გასაგები გახადა. თითოეული დეტალი ზუსტად ჰპასუხობს და აცოცხლებს იმ თეატრალურ განწყობას, რაც კონცეპტუალურად იყო ჩაფიქრებული – ლოგოტიპი, რომლის ინსპირაცია ძველი ქართული აფიშები გახდა; ასევე ინტერიერში შემოსული ნებისმიერი ნივთი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ამავე თემატიკას ეხმიანება; სურნელი, რომელიც პარტერის, გრიმის, პომადისა და სცენისთვის სხვა დამახასიათებელი ნოტებით შემთხვევით არ არის შერჩეული; და ფონური მუსიკა, რომლებიც ცნობილი ფილმების ნაკლებად ცნობილი „soundtrack“-ებია.
გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი არტისტული, სანახაობრივი ხასიათისაა, სასტუმროში მოხვედრა და მასთან ყოველი შეხება თითქოს სტუმარს წარმოდგენისთვის ამზადებს. აქ რეალობის საზღვრები იშლება და სხვადასხვა სივრცეში შეგიძლია იპოვო ან პირიქით დაკარგო საკუთარი თავი, ითამაშო და განასახიერო ნებისმიერი პერსონაჟი, განიცადო ყველა ის შეგრძნება, რაც ხელოვნებით მოჯადოებულ ადამიანებს ეუფლებათ, როდესაც სცენაზე ფარდა იხსნება.
კონცეფციასთან ერთად, რა გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ნანა: სასტუმრო „აფიშა“, აქ მოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, სასტუმროს ნომრებთან ერთად, განსხვავებულ სივრცეებს სთავაზობს, მათ შორის რესტორნებს, ღვინის ოთახს, რუფტოპზე არსებულ Bubble bar-ს, სპა და საკონფერენციო სივრცეს.
სასტუმროს პირველ სართულზე ევროპულ-ქართული რესტორანი „აფიშა ბრასერია“ განთავსებული, სადაც სტუმარს საშუალება აქვს როგორც ქართული, ასევე ევროპული, მათ შორის ფრანგული კერძები და დესერტები დააგემოვნოს. ასევე აღსანიშნია საქართველოში პირველი შამპანბარი, რომელიც სტუმარს გამორჩეული ფრანგული შამპანურების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, სპეციალურად შეხამებულ ხემსებთან ერთად.
სასტუმრო „აფიშას“ ბოლო სართულზე განთავსებულია Bubble bar-ი, რომელიც დახურული და ტერასული ტიპის სივრცეებს მოიცავს. აქ თითოეული დეტალი, დიზაინ ჩანაფიქრი, სპეციალურად ამ გარემოსთვის შექმნილი კოქტეილები და, რაც მთავარია, მუსიკა 70-80-იანი წლების დისკოს სამყაროში გამოგზაურებთ.
როგორ გესახებათ ბრენდის განვითარების პერსპექტივა?
ლიკა: თავიდანვე მიზნად დავისახეთ, რომ „აფიშა“ ძლიერი ბრენდი გამხდარიყო, რაც იმას გულისხმობს, რომ განსხვავებულები და ხარისხზე ორიენტირებულები უნდა ვყოფილიყავით.
გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ბაზარზე სულ მეოთხე თვეა, რაც ოპერირებს, დაინტერესება საკმაოდ დიდია როგორც ქართველი, ასევე უცხოური სტუმრების მხრიდან. გვიხარია, ჩვენი უკვე ლოიალური სტუმრების არსებობა, რომლებიც კომპლიმენტებსა და გულწრფელ რეკომენდაციებს არ იშურებენ, რათა ბაზარზე თავშეყრის, დასვენების და გართობის ერთ-ერთ საუკეთესო სივრცედ დავპოზიციონირდეთ.
ჩვენი მიზანია, ბრენდის სიძლიერე შევინარჩუნოთ და, ამავდროულად, მუდმივად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ბრენდის მრავალფეროვანი ხასიათიდან გამომდინარე, მის განვითარებას ვხედავთ არა მხოლოდ საქართველოს კულტურულ ქალაქებში, სადაც კინოხელოვნება ასევე აქტიურად იყო განვითარებული, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
S