შოთა თედორაძემ პირველი სტომატოლოგიური კლინიკა პანდემიის პერიოდში, ერთ პატარა ოთახში გახსნა. ამის შემდეგ მისი ბიზნესი გაფართოვდა და დღეს GDN-PIER-ი 40-მდე თანამშრომელს აერთიანებს, რომელთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით $100,000 იხარჯება. შოთას სამომავლოდ უფრო დიდი და ამბიციური გეგმები აქვს, რომლებზეც თვითონვე მოგვიყვება.
პირველ რიგში, როგორ დაიწყო თქვენი სტომატოლოგიური კარიერა?
განათლება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, „ალმა მატერში“ მივიღე. რეზიდენტურა კი პროფესორ მამუკა მარგველაშვილთან გავიარე. სწორედ მისი რეკომენდაციით მოვხვდი ექიმ-ორთოპედად კლინიკა Medi-ში და, შეიძლება ითქვას, ჩემი სტომატოლოგიური კარიერა აქედან დაიწყო.
Medi-ის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან 25 წლის ასაკში, დამწყები ექიმი, ასე ვთქვათ, წარმატებისკენ მიმავალ პლატფორმაზე დამსვა. მაშინ მასტერკლასების გავლა ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორიც დღესაა. უცხოელ სპეციალისტებთან კომუნიკაცია ძირითადად კონფერენციებზე გვიწევდა. მე კი მომეცა საშუალება, გავმხდარიყავი მარკ ზობელმანის ასისტენტი და ცოდნა შიდა, დახურულ ტრენინგებზე, ვიქტორ დაუბისგან მიმეღო.
ჯერ კიდევ 25-26 წლის ასაკში, რამდენიმე ადამიანთან ერთად, საქართველოში პირველად, ვინირების პროცედურის ჩატარება დავიწყე. სწორედ Medi-მ მომცა შესაძლებლობა, ამ ადამიანებს შორის ვყოფილიყავი. ქალაქ ბათუმის ფილიალში, თავდაპირველად კვირაში ერთხელ, მივლინებით დავდიოდი. მალევე ამ ფილიალის მთავარი ორთოპედი გავხდი, რის გამოც ბათუმში გადასვლა და იქ სამი წლით ცხოვრება მომიწია.
სტომატოლოგიური კარიერის პარალელურად, აკადემიურ საქმიანობასაც ეწევით – რამ გიბიძგათ ამ სფეროში ჩაბმისკენ?
საუნივერსიტეტო სფეროში ჯერ კიდევ ბათუმში მუშაობისას, 2016 წელს აღმოვჩნდი. ვფიქრობ, აკადემიურ ცხოვრებაში ჩაბმა ნებისმიერი პრაქტიკოსი ექიმის მიზანი უნდა იყოს, რადგან იქ დაგროვილი ცოდნის გარეშე მედიცინა წარმოუდგენელია. ამგვარად დავიწყე სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ინგლისურ ენაზე კურსს – „ორთოპედიული სტომატოლოგია“ – ვკითხულობდი.
ამის შემდეგ, 2018 წელს, ჯანდაცვის ფაკულტეტზე სადოქტორო ნაშრომის დაცვა დავიწყე, რომლის თემაც სამედიცინო ტურიზმი იყო. კერძოდ, ამ სფეროში წარმატებული განვითარებადი ქვეყნების მაგალითს ვიკვლევდი და ვცდილობდი, საქართველოში აღნიშნული კუთხით არსებული ხარვეზები გამომევლინა, რაც მათ აღმოფხვრაში დაგვეხმარებოდა.
ამავე წელს, გაცვლითი პროგრამით ნორვეგიაში, გლობალური ჯანდაცვის მოკლევადიანი კურსის გასავლელად წავედი, პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ნორვეგიიდან 2019 წელს დავბრუნდი, 2020 წელს კი კოვიდპანდემიაც გამოცხადდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნორვეგიაში წასვლამდე არაერთი მასტერკლასი გავიარე, მათ შორის გერმანიაში, Vita-ს ქარხანაში. ეს კერამიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომლისგანაც მასალას ვყიდულობთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ცოდნას პირველწყაროსგან იღებ. გარდა ამისა, გავიარე მასტერკლასი ცნობილ გერმანელ პროფესორ მანფრედ ლანგთან იმპლანტაციაში. მასტერკლასების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია და ამაზე შევჩერდეთ.
ამ ყველაფერს ერთმანეთის პარალელურად ვაკეთებდი, რამაც მომცა შესაძლებლობა, სტომატოლოგია სხვადასხვა, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს, ასევე საზღვარგარეთ მომუშავე წარმატებული პროფესიონალების თვალით დამენახა. ჩემთვის დასავლეთი და დასავლური კულტურა ყოველთვის პრიორიტეტული იყო, რადგან ის მეცნიერებაზე დგას, ეს არ არის ემპირიული გამოცდილება. მოგეხსენებათ, მეცნიერებას შეცდომის დაშვების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს და სამედიცინო სფეროში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
სანამ Medi-ში დავიწყებდი მუშაობას, თავისუფალი მსმენელის რანგში ისეთ საგნებს გავდიოდი, როგორიცაა ფილოსოფია, აბრამისტული რელიგიები, მათ შორის ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ასევე რელიგიის სოციოლოგია, ქრისტიანული ხელოვნება, რენესანსის შუა საუკუნეებისა და ანტიკური ეპოქის მხატვრობა. ეს ყველაფერი დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ რისი ნაწილი ვარ. ამ განათლებამ ჩემში გააღვიძა ამბიცია – საზოგადოებისთვის რაღაც ღირებული გამეკეთებინა. განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო სამხატვრო აკადემიაში სრული კურსის მოსმენა რენესანსის ეპოქის შესახებ. ეს იყო შესანიშნავი მწვერვალი, საიდანაც შეიძლებოდა, რომ ახალგაზრდას გადაეხედა. გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა.
ნორვეგიიდან ჩამოსვლისას, 2020 წელს, აშშ-ში წასასვლელად დავიწყე მზადება. სტომატოლოგად მუშაობას აღარ ვაპირებდი, მინდოდა, ამერიკაში ჩემი სამეცნიერო კვლევები შემდეგი მიმართულებით გამეგრძელებინა – გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვერმონტის უნივერსიტეტში ჩავაბარე. გადაბარგების სამზადისი იწყებოდა, როდესაც კოვიდის გამო ყველაფერი დაიკეტა.
როდის გადაწყვიტეთ საკუთარი კლინიკის გახსნა?
კლინიკა, რომელშიც პანდემიის დაწყებისას ვმუშაობდი, რეგულაციების გამო დაიკეტა. გარდა ამისა, უნივერსიტეტები ონლაინსწავლებაზე გადავიდა და სტუდენტების რაოდენობა შემცირდა. ამან ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა გამეხსნა და ამისთვის ერთი პატარა ოთახი ვიქირავე. ყოველ საღამოს, კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, სოციალურ ქსელში ხალხს სტომატოლოგიაზე ველაპარაკებოდი და ვაჩვენებდი, თუ რისი გაკეთება შემეძლო, რაც მათთან კომუნიკაციის აწყობაში დამეხმარა.
კონტრაქტის გასვლის გამო ადგილი რამდენჯერმე გამოვიცვალე, შემდეგ კი ვიყიდე სახლი, სადაც ორი სავარძელი დავდგი და სტომატოლოგიური საქმიანობა იქ გავაგრძელე. დასაწყისისთვის ორი ექიმი ავიყვანე, ერთი თერაპევტი და ერთი ორთოპედი, ქირურგიაზე პასუხისმგებლობა ამჯერად მე ავიღე. იმ 59 კვადრატულ მეტრ სივრცეში, სადაც მხოლოდ ორი სავარძელი გვედგა, პაციენტების ნაკადი არ წყდებოდა. სამი წლის განმავლობაში ჩავარდნის გარეშე ვიმუშავეთ. შედეგად, გარკვეული კაპიტალი დაგვიგროვდა და გაფართოებაზე დავიწყეთ ფიქრი.
რამ განაპირობა თქვენი ბიზნესსტრატეგიის შეცვლა? სამი წლის განმავლობაში სოლო მეწარმე იყავით, დღეს კი ბიზნესში პარტნიორებიც ჩართეთ.
როდესაც სპეციალობას დააკისრებ მხოლოდ კონკრეტული პიროვნების გამოკვების ან ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების ფუნქციას, განვითარება წყდება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი კაპიტალის დაგროვებაზეა ორიენტირებული, იგი ამ მიმართულებით თავს წურავს და კლავს იმ საქმიანობას, საიდანაც კაპიტალი დაიბადა. ზოგჯერ შეუძლებელია, კაპიტალის დაგროვების პარალელურად, დრო დაგრჩეს იმაზე ფიქრისთვის, თუ როგორ გააფართოო ბიზნესი. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესი ყველა მიმართულებით წარმატებული იყოს, მთელი რესურსი კაპიტალის დაგროვებას ეწირება. მისი წარმატების კრიტერიუმადაც მხოლოდ დაგროვებული კაპიტალი მიიჩნევა.
ჩემთვის ამ ბიზნესში ყოფნა ღირებულებების გააზრებულ იერარქიას ეფუძნება. უდავოა, რომ სიკეთეა კაპიტალი, რომელიც გროვდება, მაგრამ არა ერთისთვის, არამედ ადამიანების ჯგუფისთვის. ნათლად დავინახე, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შემეძლო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სიცხადისთვის ხუთ სეგმენტად დავყოფ: ექიმები, ასისტენტები, ოფისის თანამშრომლები, მომხმარებლები და სტუდენტები. როგორც დამფუძნებლისთვის, მოტივაცია იყო, რომ ადამიანები, რომლებთანაც ვიმუშავებდი, მუდმივად შთამეგონებინა, ასევე მათგან ვყოფილიყავი შთაგონებული, რათა განვვითარებულიყავით ერთმანეთის და საზოგადოების სასიკეთოდ. როგორც გუნდს, ამის შესაძლებლობა უკვე სამი წლის თავზე მოგვეცა.
უდავო იყო, რომ ან ნელ-ნელა უნდა გავფართოებულიყავით ჩვენი ფიზიკური შრომის ხარჯზე და დროებით გუნდის განვითარების პერსპექტივები გადაგვედო, ან საქმეში პარტნიორები შემოგვეყვანა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ბიზნესის წილი გამეყიდა. საკმაოდ კარგი პარტნიორები გამოგვიჩნდნენ და ერთ წელიწადში ახალი სივრცისთვის ინფრასტრუქტურა შევქმენით. პარალელურად, ჩემი თანამშრომლებისთვის უწყვეტი განათლების მიცემის შესაძლებლობა მომეცა.
უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა. დღეს რეორგანიზაციისა და რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს. რისთვისაც იმ სამი წლის განმავლობაში ვიშრომე, ყველაფერს მივაღწიე – გაფართოება შევძელით, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, შევქმენი თანამშრომლების კარგი გუნდი, განათლებასა და ღირებულებებზე ორიენტირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესსექტორს ღირებულებებში გამორკვევა ჰაერივით სჭირდება, რადგან სწორი ქმედებების შედეგად, მას საზოგადოებისთვის უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ მე ღირებულებაზე ვარ ორიენტირებული და არა კაპიტალზე. ჩემს საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესღირებულებათა იერარქიის სიის სათავეშია. კაპიტალი კი, როგორც გარკვეული შრომის საფასური, ჩემთვის შედეგია და არა მიზანი.
თანამშრომლებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნა ახსენეთ – რას მოიცავს იგი და რა რესურსი იხარჯება ამ მიმართულებით?
გასულ, 2023 წელს, თანამშრომლებისთვის განათლების მისაცემად ბრაზილიაში, იტალიაში, გერმანიასა და ლიეტუვაში 100,000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა. 2024 წელს უკვე გაწეული საგანმანათლებლო ხარჯები 20,000 დოლარს აჭარბებს.
ღონისძიებების შორის კი, რომლებშიც ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობენ, ძირითადად პროფესიული მიმართულების კონფერენცია-მასტერკლასებია. ჩვენს კლინიკაში ქოუჩინგი ცხოვრების წესია. ამისთვის აუტსორსზე კადრებს ჯერჯერობით არ მივმართავთ და ამ როლს მე ვითავსებ. უკუკავშირის მიხედვით, ეს საკმაოდ პროდუქტიულია. როგორც კი ჩემს ძალებს ამოვწურავ, ამ მიმართულებით შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გადავალთ.
სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ.
ერთი მხრივ, ჩვენ ვშრომობთ, ჩაბმული ვართ უწყვეტი განათლების პროგრამაში, მეორე მხრივ, გვინდა, საგანმანათლებლო სივრცე თავადვე შევქმნათ. მინდა, ხალხს ისეთი განათლება მივცე, რომლის იმპლემენტაციასაც შეძლებენ და გარემოსა და ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
საგანმანათლებლო მიმართულებით „ალტესთან“ გვაქვს მემორანდუმი და ჩემი კლინიკა პრაქტიკული საქმიანობის ბაზას წარმოადგენს. ამავე უნივერსიტეტში მიწვეული სპეციალისტი ვარ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ლექციებს ვკითხულობ. სტუდენტები კი ჩვენთან მოდიან და მათ პრაქტიკული განათლების მიღებაში ვეხმარებით. ამგვარად, ინფრასტრუქტურამ და სივრცემ მოგვცა საშუალება, კიდევ ერთი ღირებული საქმე გავაკეთოთ.
გარდა ამისა, სამედიცინო ბიბლიოთეკის გაკეთებაზე ვოცნებობ. მასში მხოლოდ კლასიკური სამედიცინო ლიტერატურა არ იქნება წარმოდგენილი, იქ ასევე ნახავთ სტატიებს კონკრეტულ კვლევებთან დაკავშირებით. ეს მასალა ინტერნეტშიც არის განთავსებული, თუმცა პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მათი მოძიება ძალიან რთულია. მინდა, ეს მასალა დავახარისხო და თემატურად ხელშესახები გავხადო; კარგი, განსხვავებული ინფრასტრუქტურა შევქმნა და რამე არაორდინარული კონცეფცია შევიმუშაო. მინდა, ამ ბიბლიოთეკამ საქართველოში სამეცნიერო აზროვნების განვითარებას შეუწყოს ხელი. სწავლის ძირის გატკბილებაზე ფიქრი ურიგო არ უნდა იყოს. ბევრს ვფიქრობ, რა შემიძლია ენის პოპულარიზაციისთვის გავაკეთო, მაგრამ ამას მომავალი გვიჩვენებს.
ასევე, წამოვიწყე სწავლის მსურველი ახალგაზრდების დაფინანსების ინიციატივა. პირველი დაფინანსება უკვე გავეცი და ამით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ისარგებლებს. მას ხუთწლიანი სწავლა სრულად დავუფინანსე, მხოლოდ ერთი პირობით – როდესაც უნივერსიტეტს დაამთავრებს და მუშაობას დაიწყებს, ეს თანხა სხვა სტუდენტს უნდა გადაუხადოს. პარალელურად, მე სხვა ახალგაზრდების დაფინანსებას გავაგრძელებ. ასე შეიქმნება დაფინანსების ქსელი, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
კიდევ ერთი გეგმა და მიზანია სოციალური აქტივობა – მსოფლიო ოჯახის წევრად ყოფნა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სექტორი ყველა გლობალური პრობლემის გადაწყვეტაში აქტიურად იყოს ჩართული. არ ვსაუბრობ მხოლოდ ფინანსურ მონაწილეობაზე. ამ იდეის გაზიარება ხშირად იმასაც გულისხმობს, რომ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გლობალურ პრობლემებს იწვევს ან მომავალში გამოიწვევს, საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ. ვფიქრობ, ასე უფრო მეტი საქმე გაკეთდება, ვიდრე ერთჯერადი ფინანსური ჩართულობით.
დაბოლოს, ჩემი ოცნებაა, საქართველოში ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტი დავაფუძნო, რომელიც ფილოსოფიისა და მედიცინის სწავლებაზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, დღეს ნებისმიერი სფეროს პროფესიონალებს ყველაზე მეტად არა ტექნიკური უნარების ცოდნა, არამედ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება აკლიათ. ადამიანებში აზროვნების გაძლიერებით, კონკრეტული უნარების მიღმა, ღირებულებები უნდა გამოიწუროს, რაც მათი საქმიანობის დასაყრდენი გახდება.
რისი მიღწევა გსურთ ამ გეგმების განხორციელებით?
ჩემს ყოველდღიურ შრომას კონკრეტული მიზანი აქვს. არ შეიძლება, ადამიანი შრომობდე მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე პრობლემაა მოსაგვარებელი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ ვქმნით იმ საზოგადოებას და ისტორიას, რომელშიც ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელნი ვართ როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან. ამის გააზრების გარეშე ვერ მივხვდებოდი, თუ რატომ უნდა გავიღო ყოველდღე ჩემი ენერგია, დრო და ფიზიკური ჯანმრთელობა იმის სანაცვლოდ, რასაც ვაკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა, ვიქნები სტომატოლოგი, ლექტორი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ჩემი შრომა რაღაც ღირებულის შექმნას უნდა მიეძღვნას. უმაღლესი ღირებულება კი, ვფიქრობ, ადამიანთა მშვიდი და ჯანსაღი თანაცხოვრებაა. ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი საქმიანობის მიზანი ეს იქნებოდა.