Palantir-მა და Vertiv-მა 2021-2025 წლებში Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით აჯობეს

Palantir-მა და Vertiv-მა 2021-2025 წლებში Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით აჯობეს

ფოტო: Getty Images

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ინვესტორების ყურადღება ძირითადად ჩიპების მწარმოებლებზე, განსაკუთრებით NVIDIA-ზე იყო მიპყრობილი. თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ AI-ეკოსისტემაში ყველაზე სწრაფი ზრდა სწორედ იმ კომპანიებმა დააფიქსირეს, რომლებიც არც ჩიპებს აწარმოებენ და არც კლასიკურ ინფრასტრუქტურულ გიგანტებად მიიჩნეოდნენ.

2021-2025 წლებში საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით Palantir Technologies-ი ლიდერობს. ამ პერიოდში კომპანიის ღირებულება 1,132%-ით გაიზარდა, $36.5 მილიარდიდან თითქმის $450 მილიარდამდე. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია გაცილებით მაღალია და რამდენიმე ტრილიონს უტოლდება, აღნიშნულ პერიოდში Palantir-მა ჩიპების მწარმოებელზე ორჯერ დიდი ზრდა დააფიქსირა. 

პირველ რიგში, ამის მიზეზი ე.წ. „დაბალი ბაზის ეფექტია“ – Palantir-ი შედარებით მცირე შეფასებიდან იწყებდა და ინვესტორების მხრიდან მისი როლის გადაფასებამ უფრო მკვეთრი პროცენტული ზრდა გამოიწვია.

თუმცა Palantir-ის წარმატებაში მთავარი როლი კომპანიის ტრანსფორმაციას მიუძღვის. მან მონაცემთა ანალიტიკიდან სწრაფად გადაინაცვლა სრულფასოვან AI-პლატფორმამდე. მისი Artificial Intelligence Platform (AIP) იქცა ინსტრუმენტად, რომელიც კორპორაციულ და სახელმწიფო სექტორებში გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს.

ამან ინვესტორებში გააჩინა განცდა, რომ Palantir-ი ახლოს დგას საბოლოო მონეტიზაციასთან – იქ, სადაც AI რეალურ შემოსავალს ქმნის. განსხვავებით NVIDIA-სგან, რომელიც ტექნიკურ საფუძველს (ჩიპებსა და გამოთვლით სიმძლავრეს) უზრუნველყოფს, Palantir-ი პირდაპირ მუშაობს იმ დონეზე, სადაც AI-ის გამოყენება უკვე ბიზნესის შედეგებზე აისახება.

საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით NVIDIA-Vertiv Holdings-მაც აჯობა. საანგარიშო პერიოდში მისი ღირებულება 583%-ით გაიზარდა, $9.4 მილიარდიდან $64.1 მილიარდამდე. ეს ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ კომპანია არ არის არც ჩიპების მწარმოებელი და არც AIაპლიკაციების დეველოპერი. მისი ძირითადი საქმიანობა მონაცემთა ცენტრების გაგრილებისა და ენერგომომარაგების სისტემებს მოიცავს, რაც, ერთი შეხედვით, უფრო „ტრადიციულ“ ინდუსტრიას მიეკუთვნება.

თუმცა სწორედ ეს „არატექნოლოგიური“ სეგმენტი გახდა AI-ბუმის ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული. თანამედროვე AI-სისტემები – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დიდ GPU-კლასტერებზე მუშაობს – უზარმაზარ სითბოს წარმოქმნის და სტაბილურ ენერგომომარაგებას მოითხოვს. შედეგად, მონაცემთა ცენტრების ეფექტიანი გაგრილება და ენერგიის მართვა კრიტიკულ ფაქტორად იქცა, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და მასშტაბურად შეიძლება AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება.

ამან AIეკოსისტემაში Vertiv-ის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანია აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ინდუსტრიული მომწოდებელი, ის AIინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ძირითად დამხმარე რგოლად გადაიქცა. ინვესტორებმა სწორედ ამ ფაქტორის გადაფასება დაიწყეს, რაც როგორც მისი საბაზრო კაპიტალიზაციის, ისე აქციების ფასის მკვეთრ ზრდაში აისახა.

ამავე პერიოდში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა NVIDIA-მაც. 2021-2025 წლებში მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 531%-ით გაიზარდა და დაახლოებით $4.6 ტრილიონს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA კვლავ რჩება AIჩიპების ბაზრის დომინანტ მოთამაშედ, ფაქტია, რომ 2021-2025 წლებში ზრდის ტემპით ის როგორც Palantir-ს, ისე Vertiv-ს ჩამორჩა.