პანამის დოკუმენტები: მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე

პანამის დოკუმენტები: მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე

ამასწინათ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კონფიდენციალური ინფორმაცია გავრცელდა. პანამაში დაფუძნებული იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-დან 2.6 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაციამ გამოჟონა. ანონიმური წყაროს მეშვეობით, გერმანულმა გამომცემლობამ 214,000 კომპანიის შესახებ დაახლოებით 11.5 მილიონი კონფიდენციალური დოკუმენტი მიიღო.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ “პანამის დოკუმენტების” შემთხვევა რეზონანსულია, ვინაიდან მსოფლიო დონის ლიდერებსა და ბიზნესელიტის წარმომადგენლებთან დაკავშირებული ტრანზაქციების დეტალები გამომჟღავნდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოფშორულ ცენტრებთან დაკავშირებული ტრანზაქციების უმეტესი ნაწილი სამართლებრივად გამართულია. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ოფშორული ცენტრები გამოიყენება არალეგალური მიზნებისთვისაც – ფულის გათეთრებისა და კორუფციული გარიგებებისთვის.

“პანამის დოკუმენტების” გასაჯაროება არ არის პირველი და სავარაუდოდ ბოლო რეზონანსული, ოფშორულ ცენტრებთან დაკავშირებული შემთხვევა. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ვფიქრობ, საერთაშორისო მართლწესრიგი გადაიხედება ოფშორულ ცენტრებთან მიმართებით. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) ინტენსიურად მუშაობს საგადასახადო გამჭვირვალობისა და საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის სტანდარტებზე. ამასთანავე, საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საგადასახადო გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. 2010 წლის 18 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act), რომლის თანახმადაც, საფინანსო ინსტიტუტები იღებენ ვალდებულებას, მიაწოდონ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს ამერიკელი მოქალაქეებისა და კომპანიების უცხო ქვეყანაში არსებული ფინანსური ანგარიშების თაობაზე.

ამასთანავე, 2013 წლის თებერვალში OECD-ისმიერ მიღებულ იქნა 15-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, დარეგულირდეს საგადასახადო ბაზის ეროზიისა და მოგების “გადაქაჩვის” საკითხები.

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა მულტინაციონალური კომპანიების როლი, ეკონომიკური ტრანზაქციები იძენს გლობალურ და კომპლექსურ სახეს, ბიზნესი აქტიურად იყენებს ტრასტულ და გამტარ კომპანიებს იმისათვის, რომ შეიმციროს ხარჯი და შეინარჩუნოს ანონიმურობა. აღნიშნული შემთხვევებისას რთულია ბენეფიციური მფლობელის დადგენა. კერძოდ, ბიზნესის ან ინდივიდის იდენტიფიცირება კონკრეტულ ეკონომიკურ ტრანზაქციასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ოფშორული ცენტრები განხვავდებიან რეგულაციების მიხედვით. ძირითადად სთავაზობენ ბიზნესს კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის მაღალ სტანდარტს, პრეფერენციულ საგადასახადო რეჟიმს, აქტივების დაცულობასა და მიმზიდველ ბიზნესგარემოს. ეკონომისტი გაბრიელ ცუკმანი თავის წიგნში “ერების მიერ დამალული სიმდიდრე” სტატისტიკურ მოდელზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ მსოფლიო სიმდიდრის დაახლოებით 8% აკუმულირებულია ოფშორულ ზონებში, რაც დაახლოებით $7.6 ტრილიონს შეადგენს. საინტერესოა OECD-ის მიდგომა ოფშორულ ცენტრებთან და საგადასახადო გამჭვირვალობასთან მიმართებით.

ნიშანდობლივია, რომ OECD შვიდ წელზე მეტია, საგადასახადო გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს. 2009 წელს გლობალური ფორუმის ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო შეთანხმების მოპოვება ისეთ ინსტრუმენტზე, როგორიცაა მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლა. ქვეყნების უმრავლესობამ აღნიშნული სტანდარტის იმპლემენტაცია განახორციელა. პანამამ კი აღნიშნული შეთავაზება, მრავალი წლის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, 2015 წელს მიიღო.

2010 წელს დიდმა ოცეულმა დღის წესრიგში დააყენა ახალი საერთაშორისო სტანდარტის (ავტომატურ რეჟიმში საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის) დანერგვის აუცილებლობის საკითხი. დაახლოებით 100-მდე ქვეყანა აღნიშნული სტანდარტის დანერგვაზე შეთანხმდა. მათ შორისაა: ბერმუდი, კაიმანის კუნძულები, ჰონკონგი, ჯერსი, სინგაპური და შვეიცარია. რაც შეეხება პანამას, მან არ აიღო აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის ვალდებულება. “პანამის დოკუმენტების” გასაჯაროების შემდეგ OECD-მ განაცხადა, რომ განახორციელებს პანამის მიერ საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის მონიტორინგს და მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

საქართველო გლობალურ ფორუმში 2011 წელს გაწევრიანდა. 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო საქართველოს იურისდიქციის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შეფასების პროცესის პირველი ფაზა, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოს შემოწმებას. სრულად იქნა შესწავლილი საქართველოს კანონმდებლობა და 2014 წლის ივლისში გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაზე საქართველომ წარმატებით გადალახა შეფასების პირველი ფაზა. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები, რომლებითაც უზრუნველყოფილ იქნა სტანდარტის შესაბამისად საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საგადასახადო ორგანოების წვდომა საბანკო ინფორმაციაზე. მიმდინარე წლის 11 მარტს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის” მიერ დამტკიცდა საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში. სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს (რეიტინგი: “Largely Compliant”).

რაც შეეხება ადგილობრივ კანონმდებლობას, საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გადასახადების თავიდან არიდების საწინააღმდეგო ისეთ საერთაშორისო მექანიზმებს, როგორიცაა: სუსტი (Thin Capitalisation) კაპიტალიზაციის (ამოქმედება გადავადებულია), სატრანსფერო ფასწარმოქმნის (Transfer Pricing) წესები, რომელთა იმპლემენტაცია სრულად არ ხორციელდება. ასევე, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ცალკეულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროდან გამოქვითვების გარეშე, 15%-ით იბეგრება. ერთი მხრივ, ეს რეგულაციები ხელს უწყობს სახელმწიფოს, რომ დაბეგროს კუთვნილი შემოსავლები, მეორე მხრივ, აღნიშნული რეგულაციების არასწორმა აღსრულებამ და მკაცრმა საგადასახადო პოლიტიკამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას. შესაბამისად, ვფიქრობ, დასახვეწია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების თავიდან არიდების საწინააღმდეგო საერთაშორისო მექანიზმები.

“პანამის დოკუმენტების” გასაჯაროებისა და სხვა წინამორბედი შემთხვევების მაგალითზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ოფშორული ცენტრების მიერ ბიზნესებისთვის შეთავაზებული კონფიდენციალურობა და ანონიმურობის მაღალი სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შესაძლოა, ოფშორებმა დროთა განმავლობაში მიმზიდველობა დაკარგონ, თუმცა მანამ, სანამ იარსებებს კაცობრიობა და ეკონომიკური ურთიერთობები, გადასახადების შემცირების ახალი მექანიზმები შეიქმნება. ვფიქრობ, თითოეულმა სახელმწიფომ ადგილობრივ დონეზე უნდა შექმნას არალეგალური გზით გადასახადების შემცირების საწინააღმდეგო მექანიზმები, ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკის გათვალისწინებით. ამასთანავე, სახელმწიფოთა თანამშრომლობა და საგადასახადო გამჭვირვალობის სტანდარტების დანერგვა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ კუთვნილი შემოსავლები და არ მოხდეს საგადასახადო ბაზის ეროზია.