პანდემიაზე რეაგირების ზოგიერთი გაკვეთილი

Health Web - ზოიძე

შესავალი

ამ ბლოგის დაწერისას  COVID-19-ის პანდემია კვლავ იმკის ადამიანურ მსხვერპლს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოჩნდა სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს ეფექტიანი ვაქცინების სახით. მას მერე, რაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში პირველად დააფიქსირეს ახალი კორონავირუსი, ამ ვირუსით 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა 223 ქვეყანაში. პანდემიის და მასთან ბრძოლის შედეგად გლობალური ეკონომიკის მიერ მიღებული ზარალი კოლოსალურია: მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით უკვე აღემატება 10 ტრილიონ აშშ დოლარს და შეიძლება 25 ტრილიონსაც კი მიაღწიოს მანამ, სანამ მსოფლიო თავს დააღწევს პანდემიურ საფრთხეს. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი უცნობი და პასუხგაუცემელი კითხვები, თუ რატომ და როგორ გამოიწვია და ჯერ კიდევ იწვევს ახალი კორონავირუსი ამ მასშტაბის ზიანს მსოფლიოში. ამასთან, საკმარისი დრო გავიდა და საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა ანალიზისა და განხილვისთვის და  პანდემიაზე გლობალური რეაგირებიდან გარკვეული გაკვეთილების გამოტანისათვის: თუ რატომ მოხდა ისე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსი გავრცელდა  და მათი ჯანმრთელობის სისტემები ჩამოიშალა, ხოლო სხვა ქვეყნებმა მოახერხეს წარმატებით ეკონტროლებინათ გავრცელება და თავიდან აეცილებინათ კატასტროფული შედეგები; რა იყო ქვეყნებს და ზოგჯერ მთელ რეგიონებს შორის ასეთი ვარიაციის მიზეზები და რამ იმუშავა და რამ არა,  ამ საუკუნეში კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევაზე რეაგირების პროცესში.

ამ მხრივ, COVID-19-ზე რეაგირების საქართველოს გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულში პანდემიის პირველი ტალღის მოგერიებისას ჩვენი ქვეყნის შემთხვევა საერთაშორისო მედიისა და პროფესიული წრეების მიერ მიიჩნეოდა წარმატებულად, იმავე  წლის შემოდგომაზე კი საქართველო ინფექციის გავრცელების ტემპის მიხედვით ქვეყნების პირველ შვიდეულში მოხვდა, რამაც  COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ჯანმრთელობის სისტემაზე ზეწოლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ კონკრეტულმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ გაზაფხულზე ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით წარმატებულად რეაგირებდა, ხოლო სხვა შესაძლო მიზეზებმა განაპირობა ის, რომ შემოდგომაზე პრაქტიკულად „აგვიფეთქდა“ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩემი აზრით, ეს ფაქტორები და მიზეზები როგორც წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაში რამდენიმეა და დაკავშირებულია პანდემიაზე რეაგირების, როგორც პოლიტიკის (policy) პროცესის გლობალურ და ეროვნულ კონტექსტთან და ამ კონტექსტის კავშირთან თვით პროცესის და რეაგირების პოლიტიკის შინაარსთან და მონაწილე აქტორებთან. მოკლედ განვიხილოთ მათგან ძირითადი.

გლობალური კონტექსტი და რეაგირების პოლიტიკის შინაარსი

პანდემიაზე რეაგირების გლობალური კონტექსტიდან გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებმაც გლობალურთან ერთად ეროვნულ რეაგირებაზეც მოახდინა გავლენა: პანდემიური მზადყოფნის საერთაშორისო მექანიზმები და პანდემიის განვითარებაზე რეაგირების შედეგების პროგნოზირების მოდელები.  

პანდემიური მზადყოფნის მექანიზმების ნაკლოვანებები: პანდემია გლობალური გამოწვევაა და ქვეყნის რეაგირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გლობალური მზადყოფნის და რეაგირების მექანიზმების ეფექტიანობაზე. ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში პანდემიური პოტენციალის მქონე ახალი ინფექციური დაავადებების აღმოცენებამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მათზე რეაგირების პოლიტიკურ და მმართველობით მექანიზმებზე ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. თანამედროვე მსოფლიოში პანდემიებისთვის მზადყოფნის ქმედითი გლობალური მექანიზმების ჩამოყალიბებას ბიძგი 2003 წლის მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის (SARS)-ის, ანუ პირველი „ახალი კორონავირუსის“ გამოჩენამ მისცა. ახალი იმიტომ, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ და ადამიანებში უბრალო „გაციების“ სიმპტომების გამომწვევ ოთხ შტამთან კაცობრიობა უკვე დიდი ხანია, თანაცხოვრობს. . SARS-მა და მოგვიანებით ე.წ. ფრინველის გრიპმა (H5N1) აჩვენა ის შემაშფოთებელი სიჩქარე, რომლითაც ინფექციური დაავადება, ამ გლობალიზებულ სამყაროში, შეიძლება გადავიდეს ლოკალური ეპიდაფეთქებიდან გლობალურ კრიზისში, რომელიც დამანგრეველ გავლენას მოახდენს ხალხისა და ეკონომიკის სიჯანსაღეზე საწყისი ფაზიდანვე, საერთაშორისო მოგზაურობისა და ვაჭრობის შემცირების გამო. სწორედ ამ ინფექციებით გამოწვეული პანდემიური საფრთხე  იყო „საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციების“ (IHR) 2005 წლის გადასინჯვის მიზეზი. ეს გადასინჯვა აღიარებს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული დედამიწის ნებისმიერ კუთხეში აღმოცენებული ახალი ან სახეცვლილი ძველი ინფექციისაგან, რის გამოც აუცილებელია პროაქტიული მიდგომა მათი პრევენციის, შეკავების, ეპიდკვლევისა და დროული შეტყობინების სახით პანდემიური პოტენციალის მქონე ინფექციის დადგენის შემთხვევაში. თუმცა IHR-ით შექმნილი საერთაშორისო მექანიზმების ნაკლოვანებები ჯერ კიდევ 2009 წელს გამოჩნდა, მათი პირველივე სერიოზული გამოცდისას, როდესაც მსოფლიო H1N1-ის გრიპის პანდემიამ მოიცვა. გრიპის ამ პანდემიამ აჩვენა, რომ გლობალური აფეთქებისას, კლინიკურად შედარებით მსუბუქმა დაავადებამაც კი შეიძლება გადატვირთოს მრავალი ქვეყნის რეაგირების შესაძლებლობები და გამოავლინა, ან შეგვახსენა პანდემიის თანამდევი საფრთხეები „ინფოდემიისა“ და სტიგმატიზაციის, უსამართლობისა და ქსენოფობიის სახით, რომლებიც განსაკუთებით პანდემიის საწყის ეტაპზე იყო გამოხატული. სტიგმატიზაციისა და ქსენოფობიის მაგალითია თუნდაც ამ დაავადების ფართოდ გავრცელებული დასახელება „ღორის გრიპი“ და მის წარმოშობაზე ბრალის დაკისრება „ღამურაჭამია“ ჩინელებისათვის (ხომ არ გეცნობათ?). ეს ქსენოფობიური მითი, პანდემიის თანამდევ სხვა  ურიცხვ მითსა და შეთქმულების თეორიასთან ერთად იმ ინფოდემიას, ანუ დეზინფორმაციის ეპიდემიას შეადგენდა, რომელიც უშუალოდ გრიპის გამომწვევ ვირუსზე გაცილებით სწრაფად გავრცელდა უპირველესად სოციალური მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ამ „გლობალურ სოფელში“, გამოიწვია უნდობლობა და შფოთვა ადამიანებსა და ქვეყნებს შორის და შედეგად გააღრმავა დაავადებით მიყენებული ზიანი. გამოჩნდა ასევე, რომ ქვეყნების უმეტესობას და მთლიანად მსოფლიოს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი უკეთესი პანდემიური მზადყოფნისათვის. გლობალური მზადყოფნის მსგავსმა სისუსტეებმა იჩინა თავი აფრიკაში ებოლას ეპიდემიის დროს 2014-2016 წწ-ებში. მიუხედავად ამ გაკვეთილებისა, სიტუცია არ გამოსწორებულა შემდგომ წლებშიც. გლობალური მზადყოფნის მონიტორინგის საბჭოს 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ჩვენ ძალიან დიდხანს დავუშვით პანიკისა და იგნორირების ციკლები პანდემიასთან მიმართებით:  ჩვენ მკვეთრად ვაძლიერებთ ძალისხმევას უშუალოდ საფრთხე რომ გვემუქრება და სწრაფად ვივიწყებთ გასაკეთებელს, როდესაც საფრთხე გადაივლის. მოქმედების დრო კი უკვე დიდი ხანია, დგას“.  COVID-19-ზე გლობალურმა რეაგირებამ, განსაკუთრებით საწყის ფაზაში, ჩემი აზრით, ნათლად აჩვენა ამ დასკვნის მართებულობა და მზადყოფნისა და რეაგირების საერთაშორისო მექანიზმების ფაქტობრივი ჩავარდნა ახალი კორონავირუსის პანდემიური გავრცელების არა მარტო პრევენციის, არამედ თუნდაც შენელების თვალსაზრისით. კერძოდ, ბევრმა ექსპერტმა და ქვეყნების მთავრობებმაც კი (მაგ. ტაივანი, აშშ) დაადანაშაულეს ჩინეთი მის ტერიტორიაზე პირველად დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შესახებ შეგნებულად დაგვიანებული და არასრული ინფორმაციის გავრცელებაში, რითაც, მათი აზრით, ამ ქვეყნამ დაარღვია IHR-ით აღებული ფუნდამენტური ვალდებულება ახლად აღმოცენებულ ინფექციებზე სრული და გამჭვირვალე ინფორმაციის დაუყოვნებლივი გაზიარებისა. Associated Press-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ჩინეთის მთავრობა მინიმუმ ერთი კვირა „იჯდა“ ახალი კორონავირუსის გენეტიკური რუკის, ანუ გენომის ამსახველ მონაცემებზე, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფო ლაბორატორიამ ერთდროულად მიიღო. მთავრობამ ასევე კიდევ ორი კვირით დამალა ვირუსის გენომის შესახებ ისეთი დეტალები, რომელთაც შეეძლოთ გადამწყვეტი როლი ეთამაშათ ვაქცინების, ტესტებისა და წამლების შექმნაში, იმ პირობებში, როდესაც თითოეული კვირის დაგვიანება COVID-19-თან ამ გლობალურ ომში ათიათასობით დაკარგულ სიცოცხლე ნიშნავს. დამახასიათებელია, რომ ჩინეთის მთავრობა დღესაც კი არ თანამშრომლობს ბოლომდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პანდემიის წარმოშობის გარემოებების გამომკვლევ მისიასთან, როდესაც, მაგალითად, არ გასცემს 2019 წლის დეკემბერში ქალაქ ვუჰანში დადასტურებული 174 შემთხვევის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას, რაც სტანდარტული პრაქტიკაა და მნიშვნელოვანია ვირუსის წარმოშობის დასადგენად. აშშ-ის, ინგლისისა და კანადის მთავრობებმა ასევე კითხვის ქვეშ დააყენეს ამ რეგულაციებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეფექტიანობის საკითხი, რადგან, მათი აზრით, WHO-მ არ იმოქმედა და დროულად არ გაავრცელა  ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დადასტურებული ინფორმაცია, რითაც მნიშვნელოვნად შეანელა გლობალური რეაგირება. კრიტიკის ობიექტი გახდა ასევე WHO-ის ის გადაწყვეტილება, რომ არ გაეწია ქვეყნებისათვის ვირუსის კერიდან, ქ. ვუჰანიდან  და ჰუბეის პროვინციიდან ავიამიმოსვლის აკრძალვისა და უსიმპტომო მგზავრების იზოლირების რეკომენდაცია. იანვარ-თებერვალში WHO-მ ფაქტობრივად საპირისპირო რეკომენდაცია გასცა  ასეთი შეზღუდვებისაგან თავის შეკავებისა. ამის გამო აშშ-მ, WHO-ის ყველაზე დიდმა დონორმა, დაფინანსებაც კი შეუწყვიტა ორგანიზაციას. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ საქართველომ WHO-ის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთმა პირველმა, თუ პირველმა არა ევროპის კონტინენტზე, აკრძალა პირდაპირი ფრენები ვუჰანიდან 2020 წლის 29 იანვარს და შემოიღო სავალდებულო კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც შემოვლითი გზით ბრუნდებოდნენ ჩინეთიდან. ასევე გადამწყვეტად და ადრეულად იმოქმედა საქართველოს ხელისუფლებამ, როდესაც შეზღუდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში პირველი ეპიდაფეთქებების კერებიდან – იტალიიდან და ირანიდან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა, ხოლო მოგვიანებით მკაცრი ეპიდზედამხედველობა დაამყარა და ჩაკეტა მთლიანად ქვეყნის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვრები. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ეს იყო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოში COVID-19-ის ადრეულ ეტაპზე გავრცელების პრევენციისათვის და პანდემიის იმ პირველი ტალღის შეკავებისათვის, რომელმაც თითქმის მთელი ევროპა მოიცვა. ევროპის ბევრი ქვეყანა და აშშ მაინც იძულებული გახდა, შემოეღო ავიამიმოსვლის შეზღუდვები, მაგრამ რამდენიმე კვირის მერე, მას შემდეგ, რაც მათთან შეღწეულმა ასობით იმპორტირებულმა შემთხვევამ მათ ტერიტორიებზე ეპიდაფეთქებები გამოიწვია. უკვე რამდენიმე სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც „დიდი მონაცემების“ ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს, რომ COVID-19-ის ეფექტიანი ეპიდემიოლოგიური კონტროლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა იმდენად მოსახლეობის მობილობის შეზღუდვებისა და „ლოკდაუნების“ სიმკაცრეს, რამდენადაც მათი შემოღების დროულობას. მაგალითად აშშ-ის რამდენიმე შტატში მიღებული შეზღუდვები ორი კვირით ადრე რომ შემოეღოთ და ათიათასობით ადამიანი გადარჩებდა. ევროპის ექვს დიდ ქვეყანაში მობილობის შეზღუდვებისა და სიკვდილიანობის შედარებითი ანალიზი ნათლად აჩვენებს იმავე მაგნიტუდის კავშირს ზომების ადრეულ შემოღებასა და სიკვდილიანობას შორის.

სანდო ეპიდემიოლოგიური მოდელების არარსებობა. ჩემი აზრით, კიდევ ერთმა გლობალურმა კონტექსტუალურმა ფაქტორმა ითამაშა როლი (ძირითადად უარყოფითი) როგორც გლობალურად, ისე საქართველოში პანდემიური რეაგირების ადეკვატური პოლიტიკის ფორმირების პროცესში და ეს იყო COVID-19-ის პანდემიის განვითარების სცენარების ჩამოყალიბებისათვის სანდო ეპიდემიოლოგიური მოდელების არარსებობა. პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში სარწმუნო პროგნოზირების ჩავარდნა ალბათ უპირველესად დაკავშირებული იყო ახალი კორონავირუსის ძირითადი მახასიათებლების შესახებ იმ მონაცემების სიმწირესთან, რაც თეორიაზე დამყარებული პროგნოზირებისათვის არის აუცილებელი. ახალ ვირუსზე მწირი და ცუდი ხარისხის საწყისმა ინფორმაციამ, რომელიც დამყარებული იყო წინა პანდემიების დროს მიღებულ მონაცემებზე (რომლებიც არაადეკვატური აღმოჩნდა COVID-19-ის პანდემიისათვის) განაპირობა სწორი მოდელირებისათვის აუცილებელი დაშვებების სიმცდარე. მაგალითად, ბაზისური რეპროდუქციული ინდექსი (R0), ანუ ინფექციის შემთხვევათა რიცხვი, რომელიც მოსალოდნელია, გამოიწვიოს ერთმა ინფიცირებულმა ადამიანმა ინფექციის მიმართ მოწყვლად მოსახლეობაში, -პანდემიური გავრცელების  უმეტეს მოდელში იყო დათვლილი მაქსიმუმ 2-ის ფარგლებში. რეალობაში, პროგნოზირებისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრი ახალი კორონავირუსისთვის აღმოჩნდა მინიმუმ ორჯერ მეტი, ანუ 4-ზე მაღალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, COVID-19-ის გამომწვევი შტამი გაცილებით უფრო ინფექციური და სწრაფად გავრცელებადი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ამ პანდემიამდე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მოდელებში იყო გათვალისწინებული. პანდემიის ადრეულ ფაზაში, ვირუსის თავისებურებების შესახებ ბევრი უცნობით და სოლიდური ეპიდემიოლოგიური მოდელების არარსებობის პირობებში, გადაწყვეტილებების მიმღებები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, აღმოჩნდნენ ურთულესი დილემის და ზოგჯერ კი შეუძლებელი არჩევანის წინაშე, როდესაც უწევდათ რეაგირების შესაბამისი ზომების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. გადაწყვეტილების პროცესს, ინფექციის გავრცელების სანდო პროგნოზირების შეუძლებლობასთან ერთად, კიდევ უფრო ართულებდა მობილობის ამა თუ იმ ტიპის შეზღუდვებისგან მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკურ-სოციალური შედეგებისა და ეფექტების შესახებ მტკიცებულებათა ბაზის უკიდურესი სიმწირე. დღეს კი, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, დაგროვდა საკმარისი ცოდნა და  გამოცდილება, რომელიც გადაწყვეტილებების მიმღებებს როგორც ეპიდემიოლოგიური მოდელირების, ისე COVID-19-ის კონტროლის ზომების ეფექტიანობის პროგნოზირების საშუალებას აძლევს გაცილებით მეტი საიმედოობით,  ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო, რამაც თავის მხრივ უკვე  შესაძლებელი გახადა უფრო მიზნობრივი შეზღუდვების შემოღება ნაცვლად ეროვნული ლოკდაუნისა პანდემიის მეორე ტალღის დროს.

ეროვნული კონტექსტი

რეაგირების ეროვნულ კონტექსტში მინდა გამოვყო, ჩემი აზრით, სამი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი, რომლებმაც მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმოქმედა: მაკროეკონომიკური და ჯანმრთელობის სისტემების მდგრადობა და პოლიტიკური ციკლი.

მაკროეკონომიკური მოწყვლადობა. საქართველო, თავისი გარდამავალი ეკონომიკით, ზოგადად დაუცველია ნებისმიერი გარეგანი შოკისგან. ბოლო ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ COVID-19-ის პანდემია არის უმწვავესი გლობალური გამოწვევა, რომელსაც შეუძლია დამანგრეველი დარტყმის მიყენება ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ეკონომიკებზე, ჯანმრთელობის და სოციალურ სისტემებზე,  როდესაც ის შესაბამისად არ კონტროლდება. ხოლო ეროვნული ლოკდაუნები, რომლებიც გამოიყენებოდა პანდემიის ორივე ტალღის შესაჩერებლად ქვეყნების უმეტესობაში, ეფექტიანი ვაქცინის დანერგვამდე, – არის ორლესული მახვილი, რომლის ერთი პირი წყვეტს ინფექციის გადაცემის ჯაჭვს, მაგრამ მეორე პირი იმავდროულად ანადგურებს ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს საზოგადოებაში და თუ გამოყენებული იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ საყოველთაო და ღრმა სიღარიბემდე, რომლის გრძელვადიანმა შედეგებმა შეიძლება გადააჭარბოს უშუალოდ დაავადებისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის და სიცოცხლეების დანაკარგებს. გადაწყვეტილებების მიმღებებს სავარაუდოდ ესმოდათ, რომ საქართველოს მოწყვლადი ეკონომიკა ვერანაირად ვერ გაუძლებდა ვერც ინფექციის უკონტროლო და/ან ფართო გავრცელებას და ვერც მის შესაჩერებლად გრძელვადიან ლოკდაუნს. ეს ნათლად გამოჩნდა, როდესაც ქვეყანაში ინფექციის გავრცელების საწყის ეტაპზე მობილობის შემზღუდველი ზომების მიღებისთანავე ლარი მკვეთრად გაუფასურდა და ათიათასობით დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ან აღმოჩნდა დაკარგვის საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა, მდგრად ეკონომიკებთან შედარებით მნიშვნელოვნად უფრო შეზღუდული იყო და არის ორივე მიმართულებით, როგორც ფიზიკური დისტანცირების და მობილობის შედარებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული შეზღუდვების არმიღებაში,  როგორც, მაგალითად, ეს შვედეთმა გააკეთა, ისე ამ ზომების გაფართოებასა და დროში გახანგრძლივებაში, როგორც ეს ჩინეთმა და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააკეთა, სადაც მკაცრი ლოკდაუნები სამ თვეს და მეტხანს  გრძელდებოდა და გრძელდება პანდემიის როგორც პირველი, ისე მეორე ტალღის შემთხვევაში. მრავლისმეტყველია ინგლისის მაგალითი, რომელმაც ორივე ტალღის დროს დააგვიანა მობილობის შემზღუდველი ზომების შემოღება და ამით ორმაგი ფასი გადაიხადა როგორც ეკონომიკური, ისე ჯანმრთელობის დანაკარგების სახით, რადგან მოუწია გაცილებით მკაცრი და ეკონომიკურად მეტი ნეგატიური ეფექტის მქონე ზომების მიღება სწრაფად გაზრდილი ავადობისა და სიკვდილიანობის ფონზე.  აღსანიშნავია მეორე ლოკდაუნის წინ, რომელიც შობის წინა პერიოდს დაემთხვა, ბორის ჯონსონის მტკიცე განცხადება, რომ არ დაუშვებდა ბრიტანელებისათვის ამ უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის ლოკდაუნით „გაუქმებას“, მაგრამ რამდენიმე დღეში მოუწია ამ „მტკიცე“ გადაწყვეტილების შეცვლა და უმკაცრესი შემზღუდველი ზომების მიღება, როდესაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სახეცვლილ შტამთან დაკავშირებული ინფექციის ექსპონენციალური ზრდა დაფიქსირდა. დააგვიანა ზომების მიღება იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ, აშშ-მ. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი დაგვიანებულ-იძულებითი გადაწყვეტილებები აიცილა თავიდან საქართველომ პანდემიის პირველი ტალღის შესაკავებლად შემზღუდველი ზომების ადრეული მიღებით, მათი შემდგომი თანმიმდევრული და სხვა ქვეყნებთან შედარებით მოკლევადიანი გამკაცრებით: ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ თვე-ნახევარი: მარტის შუიდან – აპრილის ბოლომდე მოქმედებდა.

ჯანმრთელობის სისტემის მდგრადობა. ჯანმრთელობის სისტემის მდგრადობის ორ კომპონენტზე გავამახვილებ ყურადღებას: (1) ჯანმრთელობის სისტემის პანდემიური მზადყოფნა და (2) მისი ინფექციის „აზვირთებაზე“ რეაგირების შესაძლებლობები (surge capacity). საქართველოს პანდემიის დაწყების მომენტისათვის ჰქონდა როგორც საგანგებო სიტუაციებისა და პანდემიური მზადყოფნის ეროვნული გეგმა (მართალია, პანდემიურ გრიპზე მორგებული, მაგრამ მაინც) და სამართლებრივი ჩარჩო, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეაგირების შესაბამისი შესაძლებლობები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), მისი ლუგარის ცენტრისა და ეროვნული ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოცდილი და კვალიფიციური სამუშაო ძალის სახით, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად. პანდემიასთან „წინა ხაზზე მებრძოლმა“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ამ ორგანიზატორებმა, ეპიდემიოლოგებმა და ლაბორატორიულმა სპეციალისტებმა ნამდვილად წამყვანი როლი შეასრულეს COVID-19-ზე ქვეყნის რეაგირების პროცესში. არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, განსაკუთრებით პანდემიის მეორე ტალღის დაწყების მერე, ინფექციონისტებმა, რეანიმატოლოგებმა, ექიმებმა და უმცროსმა ექიმებმა, ექთნებმა, ექთნების დამხმარეებმა, სამედიცინოს სტუდენტებმა და ჯანმრთელობის სისტემის ყველა იმ აქტორმა, ვინც ამ სამედიცინო ომში ავანგარდში იმყოფებოდა. ხოლო ინფექციის აზვირთებაზე ეფექტიანი რეაგირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის კუთხით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ლიდერადაც კი შეგვეძლო მიგვეჩნია რეგიონში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო 100,000 მოსახლეზე როგორც საავადმყოფო, ისე რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის მიხედვით ევროპის რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ჯანმრთელობის სისტემის მესვეურებმა ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას შეეძლო 1200-მდე პერსონალითა და აღჭურვილობით დაკომპლექტებული რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლების მობილიზება, რაც დასჭირდა კიდეც ქვეყანას COVID-19-ის მეორე ტალღის ჯანმრთელობის სისტემაზე ზეწოლის პიკზე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ასევე, ქაოსური დასაწყისის მიუხედავად ჯერჯერობით გაუძლო უკიდურესად გაზრდილ პაციენტების ნაკადს საავადმყოფო სექტორმა მთლიანად, რომელსაც ამ ნაკადის გადანაწილებაში პირველადი ჯანდაცვის და ე.წ. კლინიკური თუ კოვიდ-სასტუმროების სისტემა დაეხმარა. თავის მხრივ, საავადმყოფო სექტორის მდგრადობა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანწილად ორმა კონტექსტუალურმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი, ეს ქვეყნის მთავრობების მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯები და 2013 წლიდან ჯანდაცვის დაფინანსების პრიორიტეტიზაცია და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოტანა იყო, რომელმაც არა მხოლოდ მოუხსნა ბევრ მოქალაქეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადამრჩენელი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები, არამედ ასევე მოიზიდა მნიშვნელოვანი კერძო კაპიტალი (1,4 მილიარდ ლარამდე) ჰოსპიტალური სექტორის ძირეული განახლებისა და საწოლფონდის პროგრესული ზრდისათვის, რომლის მიხედვითაც, როგორც უკვე ითქვა, საქართველო მსოფლიო ლიდერებში გავიდა. 2020 წლამდე ანუ პანდემიამდე „მშვიდობიანი“ პერიოდისათვის ეს სიმძლავრეები ცალსახად ჭარბი და სექტორის არაეფექტიანობის მაჩვენებელი იყო, როდესაც საშუალოდ მათი მხოლოდ ნახევარი იყო დაკავებული  წლის განმავლობაში. COVID-19-ის პანდემიის დროს საწოლებზე მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნამ კი საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის ეს ნეგატიური ფაქტორი ამავე სისტემის პანდემიური მზადყოფნისა და რეაგირებისათვის პოზიტიურ ფაქტორად გადააქცია, მსგავსად გერმანიისა, რომელიც ასევე ცნობილი იყო შედარებით ჭარბი საავადმყოფო სიმძლავრეებით და რის ფუფუნებაც, მაგალითად, არ ჰქონდათ იტალიის, ინგლისის თუ აშშ-ის მაღალეფექტიან ჰოსპიტალურ სექტორებს. მეორე ფაქტორიც ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია და უკავშირდება საქართველოს ჯანმრთელობის სისტემაში ჩამოყალიბებულ კერძო-სახელმწიფო პარტნიორობას, რომელსაც ამ ბოლო დროს ძირითადად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ. , პანდემიაზე რეაგირების გამოცდილებამ კი, ჩემი აზრით, ნათლად წარმოაჩინა კერძო კაპიტალური ინვესტიციებისა და კერძო-სახელმწიფო თანამშრომლობის როლი ისეთი კრიზისის დროს, როგორიც პანდემიაა და როდესაც სახელმწიფოს რეალურად დასჭირდა თანადგომა, კერძო ჰოსპიტალებმა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა დიდ ნაწილს უმკურნალეს, ხოლო კერძო ლაბორატორიები დღეს უზრუნველყოფენ ახალ კორონავირუსზე ტესტირების მოცულობის 70 პროცენტს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კერძო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემის მზადყოფნასა და რეაგირებაში.

პოლიტიკური ციკლი. პანდემიაზე ქვეყნის რეაგირებაში პოლიტიკური ციკლის ფაქტორი უპირველესად, რა თქმა უნდა, 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ამასთან, საარჩევნო წლის გაზაფხულზე შეიძლებოდა ქვეყნის მთავრობის მიერ  პრაქტიკულად უყოყმანოდ მკაცრი ლოკდაუნის შემოღება ერთგვარ პოლიტიკურ სიმამაცედ ჩაგვეთვალა, რადგან ასეთი შეზღუდვების ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს შესაძლოა ხელისუფლების მიმართ ამომრჩევლის მკვეთრი უკმაყოფილება გამოეწვია, მით უმეტეს, თუ ამით მაინც ვერ იქნებოდა თავიდან აცილებული ინფექციის სწრაფი გავრცელება, როგორც ეს ევროპის დიდ ნაწილში მოხდა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა რისკმა გაამართლა და შუა ზაფხულისთვის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა პანდემიის კონტროლში მიღწეულმა წარმატებამ, როდესაც ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთეული იმპორტირებული შემთხვევები ფიქსირდებოდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დიდ ნაწილში ეს წარმატება ასოცირდა ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვასთან. ალბათ არავისთვის სადავო არ არის, რომ სწორედ ამ დივიდენდებმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ხელისუფლებისა და, შესაბამისად, მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგში, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღისთვის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკვე მკვეთრად გაუარესებული იყო და ეს გაუარესებაც, ჩემი აზრით, პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ ციკლს. კერძოდ, ჯერ ზაფხულის განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთდა იმ გარკვეულწილად ეიფორიული დამოკიდებულების და შედეგად მოქალაქეების დიდი ნაწილის მიერ რეგულაციების სრული იგნორირების ტენდენციის შესაცვლელად, რომელიც დამკვიდრდა საზოგადოებაში COVID-19-ის წარმატებული კონტროლის პირობებში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მესვეურების გაფრთხილების მიუხედავად, სახელმწიფომ პრაქტიკულად შეწყვიტა მასობრივი კომუნიკაცია ისეთი  უმნიშვნელოვანესი რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლი, როგორიცაა პირბადეების ტარება და მასობრივი თავშეყრისა და წვეულებების პრევენცია. ხოლო შემდეგ, როდესაც ამას გარდაუვლად მოჰყვა სერიოზული ეპიდაფეთქება აჭარაში, საპირისპიროდ პანდემიის პირველი ტალღისას გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, როდესაც პოლიტიკის შემქმნელები ცალსახად დაეყრდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების არგუმენტაციას, ამჯერად, როგორც ჩანს, პოლიტიკურმა მოსაზრებებმა გადაწონა და არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე, ნოემბრის შუა რიცხვებამდე, მობილობის შემზღუდველი არანაირი სერიოზული ზომები არ განხილულა და დამტკიცებულა უწყებათაშორისი კომისიის მიერ. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის, მიტინგების, შეხვედრების, კოორდინატორთა და აგიტატორთა აქტივობის შედეგად არჩევნებზე მოვიდა 2 მილიონამდე ადამიანი და იმავდროულად, ქვეყანა დღეში 5,000-ზე მეტი ინფიცირებულით და 50-ზე მეტი გარდაცვალებით მსოფლიოს „ლიდერებში“ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივაც საქართველო მარტო არ იყო და COVID-19-ის და არჩევნების ეს ისტორია სხვადასხვა ვარიაციით და პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა პერიოდში განმეორდა ირანში, ჩეხეთში, იტალიაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში.

აქტორები

ძალიან ბევრმა ეროვნულმა და საერთაშორისო აქტორმა შეიტანა თავისი დადებითი თუ უარყოფითი წვლილი პანდემიაზე ქვეყნის რეაგირების ფორმირებისა და დანერგვის პროცესში. ბლოგის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, დეტალურად შევჩერდე თითოეული მათგანის როლსა და მნიშვნელობაზე, მაგრამ მაინც მინდა გამოვყო ორი: ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მესვეურები და საქართველოს მოქალაქე, როგორც ამ პროცესის ძირითადი აქტორი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარაჯები. „მეცნიერის მორალური და პროფესიული ვალდებულებაა, ყოველთვის თქვას სიმართლე” – ეს სიტყვები ეკუთვნის უოლტერ რიკიარდის, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის საჯარო სახეა იტალიაში და რომელიც, ისევე როგორც ენტონი ფაუჩი აშშ-ში და მათი ღრმადპატივცემული კოლეგები დასავლეთის წამყვანი ქვეყნებიდან, პოპულისტმა პოლიტიკოსებმა ჩააგდეს სცილასა და ქარიბდას შორის. როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ხისტი სიმართლე არავის სიამოვნებს იმის გამო, რომ  მატულობს რეალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და, შესაბამისად, სულ უფრო იზრდება ფარული თუ აშკარა საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც ქვეყნების „დაკეტვას” უკავშირდება, პოლიტიკოსები სასწრაფოდ ახდენენ ამ უკმაყოფილების გადამისამართებას და კონცენტრირებას სწორედ ამ სიმართლისა და შეზღუდვების შენარჩუნების აუცილებლობაზე მოლაპარაკე მეცნიერებზე: „ჩვენ რა, აი, ამათ რეკომენდაციებს ვასრულებდით და ვასრულებთ თქვენს დასაცავადო”. შედეგად, თუ კორონაკრიზისის დასაწყისში ამერიკელები ნამცხვრებზე გამოსახავდნენ ფაუჩის პროფილს, პანდემიის მეორე ტალღის დროს უკვე საპროტესტო აქციები იმართებოდა მისი გადადგომის მოთხოვნით და ტრამპმაც „მოიძულა“ ფაუჩი. იმავე  რიკიარდის გადადგომას ითხოვდა იტალიის მთავარი პოპულისტი სალვინი. მათი გერმანელი კოლეგა იღებდა სიძულვილისა და მუქარის წერილებს… „კორონაპოლიტიკის” პირობებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოულოდნელად მოქცეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურები ხდებიან ასევე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის შეტევის სამიზნეები. მათ აბრალებენ დამოუკიდებლობის დაკარგვას და ხელისუფლებასთან „ზედმეტ ერთხმიანობას” და, შესაბამისად, მოითხოვენ მათ გადაყენებას/გაკიცხვას/დაგმობას, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ინგლისში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და ექიმების გმირებიდან „ცუდ ბიჭებად” გადაქცევის სამწუხარო ტენდენციას „პოლიტიკო” აღწერს აშშ-ის, იტალიის, გერმანიისა და ინგლისის მაგალითზე. ჩემი აზრით, სწორედ იგივე მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც, როდესაც გაზაფხულზე, მაგალითად, ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის სახელები ასოცირებული იყო ჩვენი და ჩვენთვის ახლობელი ადამიანების COVID-19-ისგან დაცვის ჭეშმარიტად გმირულ ძალისხმევასთან, რომელსაც იჩენდა და იჩენს ათასობით ეპიდემიოლოგი, რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ექიმი, ექთანი პანდემიის შეკავებისათვის და, შესაბამისად, დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებოდა, ქვეყანაში შეზღუდვების ხელმეორედ შემოღების მერე ისინი და ზოგ შემთხვევაში მთლიანად სამედიცინო საზოგადოება ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის სამიზნედ, ხოლო საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის კი ამ დამთრგუნველი პანდემიური შეზღუდვების არა მხოლოდ სახედ, არამედ მიზეზადაც კი გადაიქცნენ COVID-19-ის ნაცვლად. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მაშინ როდესაც პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძნელი გზა გვაქვს გასავლელი, ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ არ გავწიროთ, დავუჯეროთ და მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ გზის გავლას გვიადვილებს.

საქართველოს მოქალაქე. პანდემიაზე რეაგირების პოლიტიკის ფორმირებას ახდენენ სპეციალისტები და ექსპერტები, გადაწყვეტილებებს იღებენ და ახორციელებენ პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები სამთავრობო სტრუქტურებიდან, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და ასრულებენ კერძო სექტორის მოთამაშეები, მაგრამ ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პანდემიაზე რეაგირების მთავარი აქტორი ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში არის მოქალაქე. ის მოქალაქე, რომელმაც გაზაფხულზე მოუსმინა, დაუჯერა და დაყვა ყოველდღიურობაში მძიმე შეზღუდვებს, დაიცვა წესები და რეგულაციები, გამოხატა თანაგრძნობა და სოლიდარობა ყველაზე უფრო მოწყვლადი თანამემამულეების მიმართ, ხანდაზმულების, ღარიბების და მათ მიმართ, ვისი სამუშაო და საარსებო შემოსავლები პანდემიას შეეწირა (ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეზღუდვებისას ყოველმა მეხუთე ოჯახმა განიცადა ისედაც დაბალი შემოსავლების ვარდნა) და ყველაფერ ამით უზრუნველყო COVID-19-ზე ეფექტიანი რეაგირება პანდემიის პირველი ტალღის დროს. იგივე მოქალაქე, მაგრამ COVID-19-თან ასოცირებული შიშით და გაურკვევლობით დაღლილი (COVID-19-ით „დაღლილობა“ ობიექტური გლობალური ფენომენია), ასევე მთავარი აქტორი იყო შემოდგომაზე ეპიდაფეთქებისა იმით, რომ არ დაიცვა წესები, ინფოდემიის ზეგავლენით დაიჯერა, რომ COVID-19 არც ისეთი სერიოზული საფრთხეა, როგორსაც მას  „ესტაბლიშმენტი“ ხატავს და რომ შეიძლება გააგრძელო ცხოვრების ჩვეული წესი. თუმცა უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში მოქალაქეთა უდიდესმა ნაწილმა მაინც კეთილგონიერების ხმას დაუჯერა და კვლავაც დაიწყო წესების დაცვა – პირბადეების ტარების მაჩვენებელი რამდენიმე კვირაში თითქმის მეოთხედით გაიზარდა, რამაც ჯერჯერობით შეგვაძლებინა მეორე ტალღის კონტროლის ქვეშ მოქცევა.

დასკვნები

რომ შევაჯამოთ:

COVID-19-ზე რეაგირებისას, გლობალური რეაგირების საერთაშორისო მექანიზმებმა ვერ იმუშავა სათანადოდ, წარმოაჩინა რა იგივე ნაკლოვანებები, რაც ახასიათებდა წინა პანდემიებზე რეაგირებას. WHO-მ არა მარტო ვერ მოახერხა სრულად და დროულად მოეპოვებინა და გაეზიარებინა ქვეყნებისათვის ინფორმაცია ახალ ვირუსულ საფრთხეზე, არამედ დააგვიანა სათანადო რეკომენდაციების გაცემა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად ადრეულ ეტაპზე. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობამ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მესვეურების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო სწორი გადაწყვეტილებები COVID-19-ის კერიდან მგზავრობის შეზღუდვის, საზღვრების ეპიდკონტროლის გაძლიერებისა და საკარანტინო მექანიზმის ადრეული გამოყენების თაობაზე, რითაც აღკვეთა იმპორტირებული შემთხვევების დიდი ნაწილი და ქვეყანაში ინფექციის ფართოდ და სწრაფად გავრცელება.

პანდემიის დასაწყისში სანდო ეპიდემიოლოგიური მოდელებისა და მობილობის შემზღუდველი ცალკეული ღონისძიებების შედეგების საიმედო გაზომვის ან პროგნოზირების მეთოდების არარსებობის გამო მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა და მათ შორის საქართველო 2020 წლის გაზაფხულზე წავიდა ეროვნული ლოკდაუნის სახით უკიდურესი შეზღუდვების გზით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზარბაზნით ბეღურებზე ნადირობას წააგავდა, შეიცავდა პოლიტიკურ რისკს და საქართველოს ეკონომიკისა და ათიათასობით ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაურესების მიზეზი გახდა, მაგრამ იმავდროულად ამ ლოკდაუნის ზედმეტი ყოყმანისა და დროის გაწელვის გარეშე მიღებამ შეგვაძლებინა პანდემიის პირველი ტალღიდან ჯანმრთელობისა და სიცოცხლეების მინიმალური დანაკარგებით გამოსვლა და პანდემიის შემდგომი შემოტევისათვის მოსამზადებლად დროის მოგება.

პანდემიისათვის მზადყოფნა და ადეკვატური რეაგირება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის სექტორის დაფინანსება = პრიორიტეტული რომ არ ყოფილიყო,  კერძო სექტორს მნიშვნელოვანი ინვესტიციები რომ არ განეხორციელებინა  ჯანმრთელობის სექტორში და ეფექტიანად არ ეთანამშრომლა საჯარო სექტორთან COVID-19-ზე რეაგირების თითქმის ყველა ასპექტში – პრევენციული ზომებით დაწყებული, ტესტირებითა და პაციენტთა მკურნალობით დამთავრებული.

დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნების პოლიტიკური პროცესის მაქსიმალურად შეუფერხებლად წარმართვა პანდემიის პირობებში,  მაგრამ, ჩემი აზრით, არა იმ ფასად, რაც გადავიხადეთ იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს 2 მილიონი ადამიანი მივიდა საარჩევნო ყუთებთან.

ეფექტიანი პანდემიური რეაგირების ქვაკუთხედი და ძირითადი აქტორი მაინც კანონმორჩილი, წესების დამცველი, თანაგრძნობისა და სოლიდარობის უნარის მქონე და პატრიოტი მოქალაქეა, რომელიც ასევე აფასებს და დააფასებს იმ ადამიანთა წვლილს და ღვაწლს, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვეხმარებიან, დავძლიოთ COVID-19-ით გამოწვეული უმძიმესი პრობლემები.

გააზიარე

12 კომენტარი

  1. ავტორის დასკვნებს (რომ შეაჯამა) ძირითადში ვეთანხმები, მაგრამ მიმაჩნია რომ, არასრულია.
    „აქტორებშიც“, და შემდეგ „დასკვნებში“ ფიგურირებს მხოლოდ ორი მოთამაშე: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დარაჯები“ და მოქალაქეები.
    ანუ, წარმატებაც და წარუმატებლობაც (თუ იყო ასეთი), მათზე ნაწილდება?
    სად არიან სახელმწიფო მართვის ორგანოები ამ სურათში?

    PS. (კითხვები ბევრი მაქვს, მაგრამ სად გვეჩქარება, მივყვეთ რიგ-რიგობით)

    1. მადლობა, გეთანხმები. ბლოგის დაწერისას არც მქონდა პრეტენზია ანალიზის სისრულეზე, “მხოლოდ ზოგიერთი გაკვეთილი” ვეცადე წარმომეჩინა ჩემი გადასახედიდან, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო და მმართველობით ორგანოებზე და მათ როლზე არის მთელი ბლოგი ამავე გვერდზე

      1. გმადლობ განმარტებისთვის!

        არ ვდაობ ანალიზის სისრულეზე (მაგ. რა როლი შეასრულეს მედია საშუალებებმა, ან პროფესიულმა სამედიცინო ასოციაციებმა, და ა.შ.). მაგრამ მართვა?
        მაინც მიმაჩნია, რომ პროცესების დაგეგმვა, შემდეგ ორკესტრირება, პასუხისმგებლობების განაწილება, ანგარიშგება… (გამჭირვალობა, დიალოგი და ჩართულობა რომ გვერდზე გადავდო), ანუ მმართველობის ელემენტარული ფუნქციები, „ზოგიერთ გაკვეთილზე“ უფრო მეტია თავისი მნიშვნელობით.

        ნაწილობრივ მისაღებია არგუმენტი, რომ მართვის თემა სხვა ბლოგშია აღწერილი და გამეორება აღარ იყო საჭირო. თუ ავტორი სრულად იზიარებს იმ ბლოგში მმართველობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, ხმო არ აჯობებდა, ეს ასე გვეთქვა და იქვე ბმული მიგვეცა მკითხველისთვის (რომელთა უმრავლესობას, ჩემი ვარაუდით, წარმოდგენა არ აქვს იმ ბლოგის არსებობაზე)?
        რატომ არის ნაწილობრივ მისაღები? როცა მსჯელობისას ასეთი ყურადღება დაეთმო „პოლიტიკურ ციკლს“ და მის უარყოფით როლს… მმართველობის ხსენების გარეში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ციკლი და მისი გვერდითი მოვლენები ისეთივე გარდაუვალი იყო, როგორც მზის ჩასვლა-ამოსვლა.
        თვლით, რომ გამართული მმართველობით არ შეიეძლებოდა „პოლიტიკური ციკლის“ მავნე „გვერდითი მოვლენების“ (ეპიდემიის გავლენის თვალსაზრისით) შერბილება (სრულად თავიდან აცილება თუ არა)?

  2. ეპიდემიაზე ეროვნულ პასუხზე პოლიტიკური ციკლის გავლენაზე მსჯელობისას ტექსტში ორი დებულება ამოვიკითხე:
    1) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მესვეურების გაფრთხილების მიუხედავად, სახელმწიფომ პრაქტიკულად შეწყვიტა მასობრივი კომუნიკაცია ისეთი  უმნიშვნელოვანესი რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლი, როგორიცაა პირბადეების ტარება და მასობრივი თავშეყრისა და წვეულებების პრევენცია.“
    2) „საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის, მიტინგების, შეხვედრების, კოორდინატორთა და აგიტატორთა აქტივობის შედეგად არჩევნებზე მოვიდა 2 მილიონამდე ადამიანი“

    რომ დავაზუსტოთ, „საბოლოო ჯამში“, ეპიდემიური სიტუაციის დამძიმება, არჩევნების ჩატარებას „დამსახურებაა“ (დებულება №2), თუ არჩევნებზე გასამარჯვებლად, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ კონსტიტუციური პასუხისმგებლობის უგულებელყოფამ (დებულება №1) (მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებას ვგულისხმობ, სიცოცხლის უფლების ხელშეუხებლობა რომ აკისრებს…)

  3. “ეფექტიანი პანდემიური რეაგირების ქვაკუთხედი და ძირითადი აქტორი მაინც კანონმორჩილი, წესების დამცველი, თანაგრძნობისა და სოლიდარობის უნარის მქონე და პატრიოტი მოქალაქეა”. 
    და არა ნდობის (და კონსოლიდაციის) მაღალი ხარისხი მოქალაქეებსა და მათთან ანგარიშვალდებულ  ხელისუფალს შორის (შვეიცარიის, დანიის, ან გერმანიის მაგალითზე)? 
    სანამ ასეთი მოქალაქეები გვეყოლება საქართველოში, დავრჩენილვართ „უ-ქვაკუთხედოდ“ ეპიდემიასთან გამკლავებაში? მანამდე რამე გეგმა “B” არ გინდა? თუნდაც ისეთი ხელისუფალი, რომელსაც ემახსოვრება, რომ მისი მოვალეობაა დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, და აღასრულოს კანონი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ძალაუფლების მოპოვება (ან შენარჩუნება) ნებისმიერ (ასეულობით ადამიანის სიცოცხლის თუ ათასობით მოქალაქის ჯანრთელობის) ფასად?

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *