პირველი მსოფლიო გამოფენა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაიმართება, Expo 2020 Dubai, სტარტს 1 ოქტომბერს აიღებს და დაახლოებით 200 სხვადასხვა ქვეყნის გამოფენას უმასპინძლებს. Expo 2020 Dubai წელს კორონავირუსული პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით გაიმართება.
პანდემიის დაწყებამდე, საკონსულტაციო კომპოანია EY ვარაუდობდა, რომ Expo ექვსი თვის განმავლობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%–ს შექმნიდა.
პანდემიის მიუხედავად, დუბაი კვლავ 25 მილიონ ვიზიტორს ელოდება, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობის რაოდენობას 2–ჯერ აღემატება. ამასთან, მოსალოდნელ ვიზიტორთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე 2015 წელს მილანში გამართული Expo–ს დროს. ყველა 18 წელს გადაცილებული სტუმარი ვალდებული იქნება, ან კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი საბუთი, ან ტესტის უარყოფითი პასუხი წარმოადგინოს.
ხუთი სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ისინი თავიანთი პავილიონების ვიზიტორთა მიზნებს კიდევ ერთხელ გადახედავენ. ჯეიმს სვანსტონმა, Capital Economics–ის ეკონომისტმა აღნიშნა, რომ უცხოეთში მოგზაურობის დაბრკოლებები ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გადახედვას გამოიწვევს.
პანდემიის მიუხედავად, სპიკერებმა გაყიდული ბილეთების რაოდენობის თაობაზე აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით გაყიდვების მოცულობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ Expo 2020 Dubai–ის ბევრი ღონისძიება პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა.
დუბაი აცხადებს, რომ სურს Expo-ზე, რომლის ლოზუნგი ,,ჩართეთ გონება და შექმენით მომავალი“ გახდება, კულტურის, ტექნოლოგიისა და არქიტექტურის გარდა განიხილებოდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილებები, კონფლიქტები; ეკონომიკური ზრდა და სხვა.
ღონისძიებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. გასულ კვირას ევროპარლამენტმა წევრ ქვეყნებსა და კომპანიებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ Expo 2020 Dubai–ს. ამის მიზეზად კი საამიროებში ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.