ფინანსური დოკუმენტების უმსხვილესი „გაჟონვით“ მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო ქონებას ნათელი მოეფინა. ოფშორული კომპანიების „პანდორას“ ფაილებში დაახლოებით 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერის, ასევე 300-ზე მეტი საჯარო მოხელის სახელი ფიგურირებს. Pandora Papers-ში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად კი საქართველოს ექს-პრემიერს და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც შევხვდებით.
Pandora Papers-ი გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) ავტორიტეტულ ბრიტანულ მედიასაშუალებებთან The Guardian-თან და BBC Panorama-სთან ერთად გამოაქვეყნა. 650 ჟურნალისტის მონაწილეობით, გამოძიების ფარგლებში ისეთ ტერიტორიებზე, როგორიცაა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, პანამა, ბელიზი, კვიპროსი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სინგაპური და შვეიცარია, ფინანსური სერვისების თოთხმეტი კომპანიდან 12 მილიონამდე ფაილი შეისწავლეს, შედეგად კი პანდორას ყუთში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ფიგურები აღმოაჩინეს, მათ შორის რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, კენიის მოქმედი პრეზიდენტები და მათთან დაახლოებული პირები, ჩეხეთის პრემიერი ბაბიში და გაერთიანებული სამეფოს ექს-პრემიერი ტონი ბლერი.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ფინანსური დოკუმენტების „გაჟონვის“ რამდენიმე შემთხვევა ძირითადად შემდეგი ოფშორებიდან დაფიქსირდა: FinCen Files-ი, the Paradise Papers-ი, the Panama Papers-ი და Luxleaks-ი.
“Pandora Papers”-ში საჯარო მოხელეები სხვადასხვა დანაშაულებრივი ბრალდებებით არიან წარდგენილნი, მათ შორისაა: კორუფცია, ფულის გათეთრება, გადასახადებისგან თავის არიდება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქეისი მდიდარი ადამიანების მხრიდან, გაერთიანებულ სამეფოში ქონების შეძენისთვის, ლეგალური წესით კომპანიების დაარსებას უკავშირდება. შესყიდვების მიღმა დოკუმენტები 95,000 ოფშორული ფირმის მფლობელებს ავლენენ. Pandora Papers-ის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად გაერთიანებული სამეფოს მრავალჯერადი მცდელობისა, ოფშორული ქონების დარეგისტრირების პროცესში, ფულის გათეთრების მიზნით საკუთრების მფლობელთა „დამალვა“ კვლავ აქტიურად ხორციელდება.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გარიგება დოკუმენტებში სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავს, თუმცა ICIJ-ის წარმომადგენლის ფერგიუს შილის განცხადებით, Pandora Papers-ის მიერ ნათელი მოეფინა რეალობას ფულადი სახსრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ოფშორული კომპანიების ხშირი გამოყენების შესახებ. ICIJ-ი ასევე ხაზს უსვამს მდიდარი პირების მხრიდან ოფშორული ანგარიშების გამოყენებით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ასობით მილიონიანი ღირებულების ქონების შეძენისა და თავიანთი მოქალაქეების ხარჯზე საკუთარი ქონების გაზრდის ფაქტებს.
მრავალ საინტერესო პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად Pandora Papers-ი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის გასაიდუმლოებული ქონების შესახებ. მათ შორისაა, 2003 წელს 3,6 მილიონ ევროდ მონაკოში მდებარე მდიდრული აპარტამენტების შეძენა, რომლის მყიდველი პირის ვინაობა აქამდე გასაიდუმლოებული იყო და ოფიციალურ შემსყიდველად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორული კომპანია სახელდებოდა. როგორც Pandora Papers-ის ფაილების შესწავლის შემდგომ გაირკვა, მონაკოში მდებარე აპარტამენტები 2003 წელს 28 წლის ასაკში სვეტლანა კრივონოგმა შეიძინა, ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ 28 წლის კრივონოგი უკიდურესად მდიდარი რამდენიმე წლის განმავლობაში გახდა. მის საკუთრებაშია ასევე პეტერბურგის პრესტიჟულ კომპლექსში მდებარე ბინა, იახტა და სხვა ქონება, რომლის ღირებულებაც $100 მილიონს უტოლდება. რამდენიმე გამოცემა სვეტლანას რუსეთის პრეზიდენტის საყვარლად მიიჩნევს და უფრო მეტიც 2003 წელს დაბადებულ მათ საერთო შვილსაც მოიხსენიებს. გეტყვით, რომ ანგარიშში ასევე ვხვდებით გენადი ტიმჩენკოსა და კონსტანტინ ერნსტს, რომლებიც პუტინის გარემოცვის წარმომადგენლებად არიან მოხსენიებულნი.
კორუფციისა და ფულის გათეთრების ფაქტებით, Pandora Papers-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახია, რომლებიც საკუთარი ქვეყნის გაძარცვაში არიან ბრალდებულნი. გამოძიების მიხედვით, ალიევი და მისი ოჯახი ფარულად მონაწილეობდნენ დიდ ბრიტანეთში, 400 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირებულების ქონების გარიგებებში. “Pandora Papers“-ი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას ალიევის ოჯახის მიერ დიდ ბრიტანეთში 17 ობიექტის, მათ შორის მისი 11 წლის ვაჟის მიერ 33 მილიონ გირვანქად შეფასებული საოფისე შენობის შეძენასთან დაკავშირებით.
გამოძიების შედეგებს შორის ასევე ვხვდებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში იორდანიის მეფის საკუთრებაში არსებულ 70 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ქონებას, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის ტონი ბლერისა და მისი მეუღლის მიერ ოფშორული კომპანიის შესყიდვას და ლონდონის ოფისის შეძენისას დაზოგილ 312,000 გირვანქა სტერლინგს, კენიის პრეზიდენტ უხურუ კანიატის ოფშორულ ქსელსა და 11 ფირმას. აღსანიშნავია, რომ ფაილებში უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახელიც ფიგურირებს, რომლის საკუთრებაშიც პრეზიდენტად დანიშვნამდე ოფშორული კომპანიის წილი ირიცხებოდა, თუმცა 2019 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე მან აქციები თავის მაგობარსა და ქვეყნის პრეზიდენტის მოქმედ თანაშემწეს, სერგეი შეფირს გადასცა.
როგორც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, ICIJ-ისა და ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემების გამოძიებით, “Pandora Papers“-ის სიაშია საქართველოს ყოფილი პრემიერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილის სახელს უკავშირდება 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, იურიდიული ფირმა Alcogal-ის შუამავლობით 12 კომპანიის დაარსება. დოკუმენტი კომპანიების აქტივებსა და ოპერაციებზე ლიმიტირებულ ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა ასახელებს ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ორ კომპანიას, Silverpot Holdings Ltd-სა და Brighton Corporate Ltd-ს. აქვე გეტყვით, რომ 2011 წელს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მარეგულირებლის მიერ ივანიშვილის სახელი კიდევ ერთი ოფშორულ კომპანიას Finseck-ს დაუკავშირდა, თუმცა Alcogal-ის განცხადებით, ეს ორგანიზაცია მხოლოდ ივანიშვილის შვილების საქმიანობას მართავდა.