Paramount-ის ახალი შეთავაზება Warner Bros-ისთვის Netflix-ის ჯარიმის გადახდასაც ითვალისწინებს

Paramount-ის ახალი შეთავაზება Warner Bros-ისთვის Netflix-ის ჯარიმის გადახდასაც ითვალისწინებს

ფოტო: NurPhoto on Getty Images

 

Warner Bros Discovery-ის შესყიდვისთვის რბოლას Paramount-ი კვლავ არ ეთიშება. ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Paramount Skydance-მა Warner Bros-ს ახალი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც აქციონერებს ყოველ კვარტალში, სანამ შეთანხმება არ გაფორმდება, დამატებით თანხას გამოუყოფს, ხოლო Netflix-ისთვის უარის თქმით დაკისრებულ ჯარიმას თავად გადაიხდის.

მიუხედავად იმისა, რომ Paramount-ს კომპანიის შესაძენად გამოყოფილი თანხა არ გაუზრდია, შესაძლოა აღნიშნული შეთავაზება აქციონერებისათვის მიმზიდველი აღმოჩნდეს. უფრო კონკრეტულად, Paramount Skydance-ის შეთავაზებით 2027 წლიდან დაწყებული მანამდე, სანამ Warner Bros Discovery-სთან შეთანხმება დაიხურება, აქციონერები ყოველ აქციაზე 25 ცენტს მიიღებენ, რაც საერთო ჯამში კვარტალურად $650 მილიონის გადახდას გულისხმობს. ამით Paramount-მა საკუთარ თავდაჯერებულობას გაუსვა ხაზი, რომ დარწმუნებულია, ტრანზაქციის დასრულებისათვის დიდი დრო არ დასჭირდება.

გარდა ამისა, ახალი შეთავაზება Warner Bros Discovery-ისათვის, Netflix-ისთვის უარის თქმით დაკისრებული $2.8-მილიარდიანი ჯარიმის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აქციონერები ამ უკანასკნელთან გარიგების დადებაზე უარს იტყვიან.

შეგახსენებთ, რომ Warner Bros-ის შესყიდვა ორ მთავარ სატელევიზიო მოთამაშეს, Netflix-სა და Paramount-ს სურთ. Netflix-ის შეთავაზება $82.7-მილიარდიანი, ხოლო Paramount-ის – $108.4-მილიარდიანია.

Warner Bros-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, LSEG-ის თანახმად, $69 მილიარდია.

ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ კონკურენტ Netflix-თან $82.7-მილიარდიანი შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად Paramount Skydance-მა Warner Bros-ს უჩივლა. Paramount-ის მიერ დელავერის სასამართლოში შეტანილი სარჩელი Warner Bros Discovery-საგან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მხარდაჭერილი Netflix-ის შეთავაზების ფინანსური ანალიზის გამჟღავნებას მოითხოვს.

Paramount-ისა და Netflix-ის შეთავაზებებს შორის განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ კინო- და სატელევიზიო სტუდიების, HBO-სა და HBO MAX-ის შეძენა სურს. Paramount-ის წინადადება კი კომპანიის სრული აქტივების გადაცემას ითვალისწინებს. Paramount-ი ამტკიცებს, რომ კომპანიის სრულად შესყიდვის ოფცია ამ შეთანხმებისთვის მარეგულირებლების მხრიდან ნებართვის გაცემას გაამარტივებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.