Skydance-თან გაერთიანებიდან რამდენიმე დღეში, Paramount-მა Ultimate Fighting Championship-თან $7.7 მილიარდის ღირებულების გარიგება გააფორმა. შეთანხმება CBS-სა და Paramount+-ს შერეული საბრძოლო ხელოვნების შეხვედრების სტრიმინგსა და ტრანსლირებაზე უფლებებს ანიჭებს.
გამოცემების ინფორმაციით, Ultimate Fighting Championship-თან გაფორმებული გარიგების ყოველწლიური ღირებულება $1.1 მილიარდს აღწევს. შეთანხმება 2026 წლიდან ამოქმედდება და ძალაში მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში დარჩება. მიღწეული გარიგებით, CBS-ი და Paramount+-ი წელიწადში UFC-ის 13 მთავარი ღონისძიების და 30 „Fight Night“-ის ღონისძიების ტრანსლირებისა და სტრიმინგის უფლებებს მიიღებენ.
ცნობისთვის, Paramount-ის გარიგებით ESPN-თან UFC-ის სტრიმინგის შეთანხმება გაუქმდება, რომლის ყოველწლიური შეფასება $550 მილიონს შეადგენდა.
ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ (FCC) Paramount-სა და Skydance-ს შორის თითქმის $8 მილიარდის ღირებულების გარიგება რამდენიმეთვიანი განხილვისა და კომპანიის მხრიდან კომპრომისების შემდეგ დაამტკიცა. მათ შორის Skydance-ი DEI-პროგრამების (მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია) შეჩერებას, CBS News-ის ომბუდსმენის დანიშვნას და დაბალანსებული პროგრამირების გაშვების ვალდებულების აღებას დათანხმდა.
Skydance-ის დამფუძნებელმა დევიდ ელისონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას Paramount+-ის გამოწერების რაოდენობის ზრდა სურდა. 30 ივნისის მონაცემებით, სტრიმინგსერვისს 7.7 მილიონი გამომწერი ჰყავს, რითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა Netflix-ი, Disney+ და HBO Max-ი.