ფოტო: Getty Images
Warner Bros-ის შეძენით დაინტერესებული Paramount Skydance-ი და Netflix-ი პოზიციების დათმობას არ აპირებენ. წინა კვირას, Warner Bros-ის მიერ Paramount-ის დაბლოკილი შეთავაზების შემდეგ, ამ უკანასკნელმა სტუდიის შესაძენად Warner Bros-ს უფრო დიდი თანხა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Warner Bros-მა Paramount-ის ერთ აქციაზე 30$-იანი შეთავაზება უარყო და კორპორაციას „საუკეთესო და საბოლოო“ შეთავაზებისთვის შვიდდღიანი ვადა მისცა.
წყაროს მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, Paramount Skydance-ის ახალი შეთავაზების მიზანი Warner Bros-ის დაფინანსებასთან დაკავშირებული ეჭვების გაქარწყლებაა. თუმცა კონკრეტულად რა გაუმჯობესდა ახალ შეთავაზებაში ძველ, აქციაზე 30$-იან შეთავაზებასთან მიმართებით, ჯერჯერობით უცნობია. საკითხზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის Netflix-იც, რომლის შეთავაზებაც ერთ აქციაზე $27.75-ის გადახდას ითვალისწინებს.
Warner Bros-ის სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომპანიების შერწყმის ნებართვა ევროპულმა და ამერიკულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა გასცენ. კერძოდ, მარეგულირებლებმა უნდა იმსჯელონ, კომპანიების გაერთიანებით ხომ არ შეიზღუდება ინდუსტრიაში კონკურენცია ან მომხმარებლებს არჩევანი ხომ არ შეუმცირდებათ.
ცნობისთვის, Paramount-ისა და Netflix-ის შეთავაზებებს შორის განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ კინო- და სატელევიზიო სტუდიების, HBO-სა და HBO MAX-ის შეძენა სურს. Paramount-ის წინადადება კი კომპანიის სრული აქტივების გადაცემას ითვალისწინებს.
ცოტა ხნის წინ Paramount Skydance-მა Warner Bros-ს ახალი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც აქციონერებს ყოველ კვარტალში, სანამ შეთანხმება არ გაფორმდება, დამატებით თანხას გამოუყოფს, ხოლო Netflix-ისთვის უარის თქმით დაკისრებულ ჯარიმას თავად გადაიხდის.
მოგეხსენებათ, Warner Bros-ის შესყიდვა ორ მთავარ სატელევიზიო მოთამაშეს, Netflix-სა და Paramount-ს სურთ. Netflix-ის შეთავაზება $82.7-მილიარდიანი, ხოლო Paramount-ის – $108.4-მილიარდიანია. Warner Bros-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, LSEG-ის თანახმად, $69 მილიარდია.














