ფოტო: Rodin Eckenroth/Getty Images
Paramount Skydance-სა და Warner Bros. Discovery-ის შორის შესყიდვის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, WBD-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ზასლავის ქონება, პოტენციურად, $1 მილიარდს გადააჭარბებს. Warner Bros. Discovery-ის ინფორმაციით, გარიგებიდან ზასლავმა შესაძლოა, $667 მილიონზე მეტი გამოიმუშაოს.
ამერიკული მედიაკომპანიის განცხადებით, ზასლავის მიერ WBD-ის გაყიდვიდან გამომუშავებული თანხა მოიცავს $34.2 მილიონის კომპენსაციას (დაკავებული პოზიციის დატოვების შემთხვევაში) და დაახლოებით $517.52 მილიონს აქციებისა და ბონუსების სახით. გარდა ამისა, ზასლავი უკვე ფლობს კომპანიის $115 მილიონის ღირებულების აქციებს, ხოლო დამატებით $335 მილიონს გარიგების პირობებით, საგადასახადო ანაზღაურების სახით მიიღებს.
შედეგად, შესყიდვაზე გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დევიდ ზასლავის მიერ გამომუშავებული თანხა პოტენციურად $1 მილიარდზე მეტს შეადგენს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზასლავი ამ თანხას სრულად მიიღებს, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული რიცხვები 11 მარტის მდგომარეობითაა შეფასებული. პროცესის დასრულების გაჭიანურებასთან ერთად კი მისი საგადასახადო ანაზღაურება შემცირდება, მათ შორის – ნულამდე იმ შემთხვევაში, თუ გარიგების დასრულება 2027 წლამდე გადავადდება.
დევიდ ზასლავმა 2006 წელს NBC დატოვა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე Discovery-ის შეუერთდა. Warner Bros. Discovery-ის CEO-დ კი 2022 წელს დაინიშნა. ათწლეულების განმავლობაში აღმასრულებელი დირექტორის პოსტებზე ყოფნისას, ზასლავმა ასეულობით მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მათ შორის: 2021 წელს, როგორც Discovery Communications-ის CEO-მ — $246 მილიონზე მეტი, ხოლო 2014 წელს — დაახლოებით $152 მილიონი.
დამატებით, ზასლავმა Paramount-თან შეთანხმების ხელმოწერიდან ოთხი დღის შემდეგ, Warner Bros. Discovery-ის 4 მილიონზე მეტი აქციის გაყიდვით $114.1 მილიონზე მეტი მიიღო.













