მართალია, ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ბევრს ნიშნავს, მცირეა იმის ალბათობა, რომ წლევანდელი პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ მსოფლიომ ახალი მილიონერები შეიძინოს. მიუხედავად ამისა, ოლიმპიადაში გამარჯვება საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ჯილდოსთანაც ასოცირდება. ბევრი ქვეყანა ოლიმპიადის მედალოსნებს დამატებით ბონუსებსაც უხდის.
Forbes-ის შეფასებით, თუ ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების სახეობების მიხედვით კატეგორიზაციას არ მოვახდენთ, რეიტინგის ყველაზე მაღალანაზღაურებად წევრებს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი NBA-ს ჰყავს. კალათბურთელებთან ერთად რეიტინგში ლიდერობენ გოლფის პროფესიონალი მოთამაშეები და ჩოგბურთის ვარსკვლავებიც. კონტრაქტებიდან და საპრიზო ჯილდოებიდან მიღებული ფინანსების გარდა, სპორტსმენთა შემოსავლების დიდი ნაწილი მათ კერძო ინვესტიციებსა და მარკეტინგულ გარიგებებზე მოდის.
ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ექვსი ტურნირი გამოავლინა, რომლებშიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები მონაწილეობენ. ეს ტურნირებია: კაცთა კალაბთურთი, ქალთა ჩოგბურთი, კაცთა ჩოგბურთი, ქალთა გოლფი, კაცთა გოლფი და ქალთა ფეხბურთი. იქიდან გამომდინარე, რომ კაცთა საფეხბურთო გუნდები ოლიმპიადაზე პირველი შემადგენლობით არ მონაწილეობენ, ტურნირზე მაღალშემოსავლიან მოთამაშეებს ნაკლებად შეხვდებით. ზემოხსენებული ექვსი ტურნირიდან კი Forbes-მა თითოეულის შემთხვევაში მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სამეული წარმოადგინა:
პარიზის წლევანდელ თამაშებზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ყველაზე დიდ ჯგუფს NBA-ის მოთამაშეები შეადგენენ. უფრო მეტიც, Forbes-ის რეიტინგით, მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების 50-ეულში მხოლოდ აშშ-ის საკალათბურთო გუნდიდან შვიდი წარმომადგენელი გვხვდება.
კაცთა კალათბურთი:
- ლებრონ ჯეიმსი – $128.2 მილიონი
- იანის ანტეტოკუნმპო – $111 მილიონი
- სტეფ კარი – $102 მილიონი
სპორტსმენ ქალებს შორის ჩოგბურთელები ლიდერობენ. 23 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი, დიდი სლემის ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი WTA-ის ყველა დროის საპრიზო ფულად რეიტინგში უკვე მეცხრე პოზიციაზეა. გასულ წელს, აშშ-ის ღია პირველობის მოგების შემდეგ, მსოფლიოს მეორე ნომერ კოკო გოფის სპონსორთა ჯგუფს Ray-Ban-ი და თმის მოვლის ბრენდი Carol’s Daughter-ი შეემატა. ამ სამეულს კი იაპონელი ნაომი ოსაკა ასრულებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტი ქალის ტიტულს 2020-2022 წლებში ფლობდა.
ქალთა ჩოგბურთი:
- იგა შვიონტეკი – $23.9 მილიონი
- კოკო გოფი – $21.7 მილიონი
- ნაომი ოსაკა – $15 მილიონი
უიმბლდონის 2024 წლის ფინალურ მატჩში, 21 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟულ ჯილდოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ალკარასი ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ჯოკოვიჩი მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს პირველი ჩოგანი დღეისთვის იანიკ სინერია.
კაცთა ჩოგბურთი:
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – $38.4 მილიონი
- კარლოს ალკარასი – $31.4 მილიონი
- დანიილ მედვედევი – $20.1 მილიონი
პროფესიონალ გოლფერ ქალთა ასოციაციის ტურნირის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ნელი კორდა გახდა. კორდას მიერ გამომუშავებულმა საპრიზო თანხამ $3 მილიონი შეადგინა. 25 წლის ამერიკელი გოლფის მოთამაშის სპონსორებს შორის არიან Delta Air Lines-ი, Goldman Sachs-ი და T-Mobile-ი.
ქალთა გოლფი:
- ნელი კორდა – $8.2 მილიონი
- ბრუკ ჰენდერსონი – $5.4 მილიონი
- ზინ იონგ კო – $5.1 მილიონი
რაც შეეხება პარიზის ოლიმპიადაზე გოლფის პროფესიონალ მოთამაშე მამაკაცებს, Forbes-ის შეფასებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჯონ რემია. LIV Golf-ის ტურნირში გადასვლით, რემმა საუდის არაბეთის მხარისგან წინასწარ $175 მილიონი მიიღო. სკოტი შეფლერი და რორი მაკილროი – ნომერ 1 და 2 გოლფის მოთამაშეები მსოფლიოში – PGA-ს ლიგის ერთგულებად დარჩნენ, რის გამოც მათ რეიტინგში შემოსავლებით ჯონ რემი ასწრებს.
კაცთა გოლფი:
- ჯონ რემი – $218 მილიონი
- რორი მაკილროი – $83 მილიონი
- სკოტი შეფლერი – $61 მილიონი
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე არ მონაწილეობენ ალექს მორგანი და მეგან რაპინო – გასული წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. თუმცა წლევანდელ სიაში არიან ისეთები, მათ შორის ამერიკის გუნდიდან, რომელთა შემოსავალიც $1-მილიონიან ნიშნულს სცდება. პირველ ადგილზე კი ოქროს ბურთის ორგზის მფლობელი, ესპანელი ალექსია პუტეიასია წარმოდგენილი.
ქალთა ფეხბურთი:
- ალექსია პუტეიასი – $5.4 მილიონი
- ტრინიტი როდმენი – $2.3 მილიონი
- სოფია სმიტი – $2 მილიონი