პარიზში კვირას, რიგით მეჩვიდმეტე პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა. 2024 წლის ღონისძიებაში რეკორდული 169 დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, რომელთაც ჯამში 4,463 წარმომადგენელი ჰყავდათ.
2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 28 აგვისტოს ჩატარდა. ათლეტები ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს სპორტის 22 სახეობაში დაუპირისპირდნენ. წლევანდელი ღონისძიება 165-მა ტელევიზიამ გააშუქა, რაც პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თამაშებზე ხელმისაწვდომი 2.5 მილიონი ბილეთიდან 2.4 მილიონი გაიყიდა. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე გაყიდული 2.7 მილიონი ბილეთის შემდეგ, ეს ისტორიულად მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველაზე დიდი დელეგაცია 2024 წლის თამაშებზე ჩინეთსა (282 ათლეტი) და ბრაზილიას (255 ათლეტი) ჰყავდათ. მასპინძელი საფრანგეთი შეჯრიბებაზე 237 ათლეტით იყო წარმოდგენილი. წლევანდელ პარაოლიმპიადაზე, ზედიზედ მეექვსედ, ჩინეთმა ოქროს მედლების ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. პარაოლიმპიადაზე ჩინეთი ოქროს მედლებით პირველ ადგილს 2004 წელს ათენში გამართული შეჯიბრების შემდეგ არ თმობს.
ჩინეთის წარმომადგენლობამ წლევანდელ თამაშებზე 29 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და წარმატებას რამდენიმე დისციპლინაში, მათ შორის ცურვაში, მძლეოსნობასა და მაგიდის ჩოგბურთში მიაღწია. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი – 49 ოქროს მედლით.
ღონისძიებაზე ასევე პირველი ისტორიული მედალი მოიპოვა ლტოლვილთა პარაოლიმპიურმა გუნდმა, ავღანეთში დაბადებული ზაკია ხუდადუს წყალობით, რომელმაც ქალთა ტაეკვონდოში 47 კგ-მდე კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. დასავლური მედიების ყურადღების ცენტრში მოექცა წლევანდელ თამაშებზე უკრაინელთა წარმატებული გამოსვლაც. როგორც Euronews-ი აღნიშნავს, ომის დროს ასობით სპორტული ობიექტის დანგრევისა და დაზიანების მიუხედავად, 2024 წლის ოლიმპიადაზე უკრაინის წარმომადგენლობა ძალიან ახლოს იყო 2020 წლის ტოკიოს შედეგის გამეორებასთან.
საერთო ჯამში, უკრაინელებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს. მათ ანგარიშზე 22 ოქრო, 28 ვერცხლი და 32 ბრინჯაოს სინჯის მედალია. ცნობისთვის, 2024 წლის პარიზის პარაოლიმპიადაზე მედლების მოპოვება სულ 85-მა ქვეყანამ შეძლო.
წლევანდელ პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 6 სახეობაში, რეკორდული რაოდენობის 14 პარაათლეტით იყო წარმოდგენილი. ქართველებმა სამივე სინჯის ცხრა მედალი მოიპოვეს. წლევანდელ პარაოლიმპიადაზე საქართველომ, მედლების სინჯისა და რაოდენობის მიხედვით, 51-ე ადგილი დაიკავა.
ერთადერთი ოქრო საქართველოს დელეგაციას ბადროს ტყორცნაში გიგა ოჩხიკიძემ მოუტანა, ოთხი ვერცხლიდან სამი პარაძიუდოიოსტებს – ზურაბ ზურაბიანს, გიორგი ქალდანსა და რევაზ ჩიკოიძეს – ეკუთვნით, ერთიც ვლადიმერ ჭინჭარაულმა სროლაში მოიპოვა. ხოლო ბრინჯაოს მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა: ანა ჯაფარიძე – პარატაეკვონდო, ნინა თიბილაშვილი – პარაფარიკაობა, ინა ქალდანი – პარაძიუდო, აკაკი ჯინჭარაძე – პარაწოლჭიმი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს: წლევანდელ ღონისძიებაზე მედლების მოპოვება თურქეთმა და აზერბაიჯანმა მოახერხეს. ქვეყნებმა ცხრილში შესაბამისად 23-ე და 28-ე პოზიციები დაიკავეს. თურქეთის მონაგარი წელს 10 ვერცხლი და 12 ბრინჯაო, ხოლო აზერბაიჯანის – 4 ოქრო და 5 ბრინჯაოა.
2024 წლის პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე, მედლების სინჯისა და რაოდენობის მიხედვით, ტოპ-10 ქვეყანა:
ქვეყნები | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | ჯამში |
ჩინეთი | 94 | 76 | 50 | 220 |
გაეთიანებული სამეფო | 49 | 44 | 31 | 124 |
აშშ | 36 | 42 | 27 | 105 |
ნიდერლანდები | 27 | 17 | 12 | 56 |
ბრაზილია | 25 | 26 | 38 | 89 |
იტალია | 24 | 15 | 32 | 71 |
უკრაინა | 22 | 28 | 32 | 82 |
საფრანგეთი | 19 | 28 | 28 | 75 |
ავსტრალია | 18 | 17 | 28 | 63 |
იაპონია | 14 | 10 | 17 | 41 |