ბიზნესში არაერთი საერთაშორისო წარმატების მიუხედავად, საქართველოში საქმის დაწყება არ უცდია, რადგან, თვლიდა, რომ 2013 წლამდე შესაფერისი ბიზნესგარემო არ იყო. 2016 წლიდან შოთა შალელაშვილი პარლამენტის წევრია და თავად ცდილობს, უცხოელი ინვესტორების დაინტერესებით ბიზნესგარემო უკეთესი გახადოს.
ბატონო შოთა, თქვენ საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ხართ და ამ ფონზე, როგორ მოახერხეთ, რომ საზოგადოება ნაკლებად გიცნობთ? მოგვიყევით თქვენ შესახებ.
დავიბადე საქართველოში, 1959 წელს, სამტრედიის რაიონში, დაბა კულაშში. ვარ დაოჯახებული, მყავს ოთხი შვილი და ცხრა შვილიშვილი. დავამთავრე კულაშის კოწია მკურნალის სახელობის საშუალო სკოლა, უმაღლესი განათლება მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მივიღე. ვარ სამი ქვეყნის მოქალაქე: საქართველოს, ისრაელისა და რუსეთის. ბიზნესში დაახლოებით 30 წელი გავატარე, გამოვცადე ყველა სექტორი, საბანკოთი დაწყებული, წიაღისეულის მოპოვებით დამთავრებული, ვხელმძღვანელობდი რამდენიმე მსხვილ კომერციულ ჰოლდინგს. იყო წარმატებები, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ ჯამში, მე ჩემი ბიზნესსაქმიანობით კმაყოფილი ვარ.
ცოტა მეტი რომ მოგვიყვეთ თქვენს ბიზნესსაქმიანობაზე
არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არც ბიზნესის დაწყებამდე მქონდა ფინანსური გაჭირვება, რადგან საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვიყავი და გარკვეული კაპიტალი მამაჩემის საქმიანობიდან გამომდინარე დაგროვილიც გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის ალღო თანდაყოლილი მაქვს. წარმოიდგინეთ, 27 წლის ბიჭმა დამოუკიდებლად ისე დავაგროვე საკმაოდ მსხვილი კაპიტალი და ისე გადავინაცვლე მაღალ ბიზნესლიგაში, რომ გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი, ტრანს- ფორმირების პროცესები ვერც ვიგრძენი. გააზრებით ყველაფერი ფაქტობრივად მაშინ გავიაზრე, როდესაც უკვე ასეულობით ადამიანი მყავდა დასაქმებული და როდესაც მსხვილი ობიექტების შესყიდვა დავიწყე. 1995 წლამდე რუსეთში ვმოღვაწეობდი, მხოლოდ კომერციულ და საბანკო სექტორში. ძმასთან და მამასთან ერთად ვმუშაობდი და აქ შედგა ჩემი, როგორც წარმატებული ბიზნესმენის, დებიუტი. 1995 წლიდან დამოუკიდებლად განვაგრძე ბიზნესი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ისრაელში მომიწია წასვლა. ისრაელში გადასვლის შემდეგაც არ შემიწყვეტია ბიზნესსაქმიანობა. ვამუშავებდი კომპანიებს აფრიკაში, ევროპის ქვეყნებში, რუსეთში და ა.შ. საქართველოს რაც შეეხება, აქ ბიზნესის დაწყება არასდროს არ მიზიდავდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 2012 წლამდე არ იყო ხელსაყრელი მდგომარეობა ბიზნესის განვითარებისათვის, თანაც მოგეხსენებათ, რომ აქაური ბაზარი პატარაა.
მხოლოდ საქართველოს ბაზრის სიმცირე იყო მიზეზი?
როგორც გითხარით, საქართველოს მიმართ ბიზნესინტერესი არასდროს მქონია. ცხადია, ბაზრის მასშტაბები ერთ- ერთი მიზეზია, თუმცა უფრო ღრმად მინდა გავაანალიზო. ზოგადად, უპირატესობას ყოველთვის დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობას ვანიჭებ, მაგრამ ეს არ გულისხმობს უახლოესი ადამიანების, ანუ ოჯახის წევრების გამორიცხვას ამა თუ იმ საქმეში. ბიზნესს ყოველთვის მხოლოდ ძმასთან და მამაჩემთან ერთად ვუძღვებოდი. მათ გარდა სხვა კომპანიონი არასდროს მყოლია. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში საქმიანობისგან თავს ვიკავებდი, იყო ის, რომ დისტანციურად საქმეს ვერ გავუძღვებოდი, თუნდაც ისრაელიდან საქართველოში. მაშინ მე აქ უნდა დავფუძნებულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი პარტნიორის მოძიება მომიწევდა, რისი სურვილიც, როგორც უკვე გითხარით, არასდროს მქონია. ასევე გასათვალისწინებელი იყო ის, რომ დისტანციურად აქაური ბიზნესისა და ბაზრის გულისცემას ვერ ვიგრძნობდი, ხალხს ვერ მოვუსმენდი და საბაზრო კონიუნქტურას ვერ დავიცავდი. ეს, ცხადია, ჩემს საქმიანობას დააზარალებდა. საქართველოში საქმიანობით 2010-2011 წლებიდან დავინტერესდი. ჩემი დაინტერესება მეტწილად მიხეილ სააკაშვილის “დამსახურებით” იყო გამოწვეული. კერძოდ, ვხედავდი, თუ როგორ არასწორად ვითარდებოდა ქვეყანა. კერძო საუბრებში, ჩემს მეგობრებთან, გამოვთქვამდი ვარაუდს, რომ ეს მდგომარეობა საქართველოში მალე დასრულდებოდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ არა როგორც ბიზნესმენი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, ისე დავხმარებოდი და გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას.
ეს იყო ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლების მთავარი მიზეზი?
დიახ, თუმცა პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსვლის გადაწყვეტილება სწრაფად არ მიმიღია, მთელი ცხოვრების მანძილზე ინტერესით ვადევნებდი თვალყურს პოლიტიკურ მოვლენებს და ვფიქრობდი, რომ ჩემი მონაწილეობა ამ პროცესებში სასარგებლო იქნებოდა. ყოველთვის მინდოდა, ჩემი გამოცდილებით ხელი შემეწყო საქართველოს განვითარებისთვის. 2012 წელსაც მქონდა მცდელობა “ქართული ოცნებიდან” სამტრედიაში კენჭი მეყარა მაჟორიტარად, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ახალი აღდგენილი მქონდა და ვერ დავაკმაყოფილე საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნები. ახლა უკვე ცხრა თვეა, პარლამენტში ვარ, ამ დროის განმავლობაში მჭიდროდ ვიმუშავეთ ევროსტრუქტურებთან და შედეგად უვიზოდ მიმოსვლაც მივიღეთ. წარმატებები ბევრი გვაქვს პარლამენტში, მაგრამ ძირითადად დრო ბიუჯეტის მიღებას და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაეთმო. შემოდგომიდან მეტად გააქტიურებას ვგეგმავ.
თქვენ პარლამენტში ორი კომიტეტის წევრი ხართ – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ქართველი ემიგრანტები და დიასპორა უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში?
შრომით მიგრაციას საქართველოს ეკონომიკაში ახლაც უდიდესი წვლილი შეაქვს, ყოველწლიურად $1.3 მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილები შემოდის, რაც საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობით უნარს ზრდის და რაც ასევე უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, ჩვენ სავაჭრო ბალანსის დიდი დეფიციტი გვაქვს, რომელსაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ემიგრანტების ფულადი გზავნილები აბალანსებს. სხვა შემთხვევაში, ლარის კურსი უფრო არასტაბილური იქნებოდა და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებიც ნაკლები იქნებოდა. თუმცა მომავალში ჩვენი ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ ჩვენს ემიგრანტებს უკან დაბრუნებისა და ნორმალური პირობებით დასაქმების საშუალება მიეცეთ. ამას ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ შრომის ბაზარი დაარეგულირებს. დიასპორის კომიტეტს ჰყავს ბრწყინვალე თავმჯდომარე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები დიასპორასთან, სადაც ვეძებთ დიასპორის წარმატებულ წარმომადგენლებს, რომლებსაც საინვესტიციო და საქველმოქმედო პროგრამებს ვთავაზობთ. მაგალითად, იმ სოფლებსა თუ ქალაქებში, საიდანაც არიან წარმოშობით, განახორციელონ საქველმოქმედო და საინვესტიციო პროექტები და აქ ვხედავთ დიდ პოტენციალს. არ მეგულება არც ერთი ქართველი, თავის სამშობლოზე რომ არ ფიქრობდეს.
დიასპორის წარმომადგენლები ორ კატეგორიად იყოფიან: ნაწილი არ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ მზად არის, თავის სამშობლოს დაეხმაროს, კონკრეტულ პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა და მათ უნდათ გარანტიები, რომ მათ კაპიტალს რაიმე საფრთხე არ ემუქრება. ემიგრანტების მეორე ნაწილს უნდა დაბრუნება, ისინი ხელსაყრელ დროს ელოდებიან, როდესაც მათი დაბრუნება უმტკივნეულო იქნება, როდესაც შეძლებენ თავიანთი კაპიტალის საქართველოში გადმოტანას და ექნებათ იმის გარანტია, რომ საზოგადოებასთან ინტეგრირებას მოახერხებენ. ამ კუთხით ვმუშაობთ ორივე კომიტეტში. ჩვენი კომიტეტის ინიციატივით კონსტიტუციაში შედის ცვლილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მეორე მოქალაქეობა აქვთ მინიჭებული, საქართველოს მოქალაქეობის ჩაბარება აღარ დასჭირდებათ, მათ ორივე ქვეყნის მოქალაქის სტატუსი ავტომატურად მიენიჭებათ.
თქვენ ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი გამოცდილება გაქვთ და საინტერესოა თქვენი აზრი, თუ სად ხედავთ მთავარ გამოწვევებს საქართველოს ეკონომიკაში.
ამ შეკითხვაზე პასუხს უფრო პოლიტიკურ ჭრილში გაგცემთ. ყველაზე მთავარი გამოწვევა რუსეთთან არასტაბილური ვითარებაა. სანამ საქართველოში ამ მიმართულებით ყველაფერი არ დალაგდება, მანამდე არც ერთი მსხვილი ინვესტორი აქაური ბაზრით არ დაინტერესდება. ამ სტაბილურობის მისაღწევად ჩვენ ან ღიად უნდა განვაცხადოთ, რომ რეზერვაციას განვახორციელებთ არსებული კონფლიქტების, ან ღიად უნდა გადავიდეთ რუსეთთან მოლაპარაკებებზე. სწორედ ეს უნდა დაედოს ქართული ეკონომიკის განვითარებას საფუძვლად. არც 4- და არც 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს არაფერს არ მისცემს, ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთ ადგილს ვტკეპნით.
ახლა რაც შეეხება სხვა მიმართულებას. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ მცირე და საშუალო დონის ფინანსური რესურსების მქონე ინვესტორები. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ ხალხზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. დღეს ჩვენ ფინანსურ მაგნატებზე გათვლა ვერ გვექნება.
მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ამ მხრივ როგორი ვითარებაა საქართველოში და რას ფიქრობთ ბოლო დროს განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე?
დამერწმუნეთ, ეს მეორეხარისხოვანია, პირველ რიგში აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა. ჩემი აზრით, საკანონმდებლო გარემო საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, თუნდაც საგადასახადო კუთხით. მეტიც, ამ მიმართულებით საქართველოს ანალოგი სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ სერიოზული ინვესტორი კონსტიტუციიდან იწყებს საქართველოს შეფასებას. ჩემი მოსაზრებით, ბიზნესწინადადებების ერთგვარი ბანკი უნდა შევქმნათ, უნდა გაიწეროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს თითოეულ რეგიონშია. ამის შემდეგ ინვესტორი თავად აირჩევს, სად ურჩევნია და მიზანშეწონილია ფინანსური რესურსის მობილიზება. საქართველოში შესაძლებლობების გამოყენება არ ვიცით. აი, თუნდაც რძის პროდუქტები, ან წყალი. ის, რაც აქ ხდება, ნონსენსია. თუკი სახელმწიფო პროექტი იქნება, რომ რამდენიმე რეგიონში შეიძლება რეალური მცირე ზომის საწარმოების (2-დან 5 მილიონ დოლარამდე) აშენება, თავად გავუწევ რეკომენდაციას ასეთ პროექტებს ჩემს მეგობარ ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. მთავარია ბიზნესწინადადებების ბანკისა და მათი მოპოვების სამართლიანი გზების შექმნა.
კონსტიტუციის პროექტის მიმართ უფრო საარჩევნო სისტემასთან მიმართებით მაქვს შენიშვნები. მაგალითად, ჩემი აზრით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდანვე უნდა გადავიდეთ, რადგანაც ამას საერთაშორისო ინსტიტუტები ითხოვენ. ჩვენ ვიცით, თუ როგორ გვჭირდება მათი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ისე, უფრო სამართლიანი შერეული სისტემაა, მაგრამ ამისათვის ნიადაგი უნდა მომზადდეს, გამარჯვებულ პარტიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს 73-ვე მაჟორიტარული მანდატის მოპოვების საშუალება. როდესაც მმართველი პარტია 30-40 მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვებს გამარჯვებას და დარჩენილ 30-ში ოპოზიციურ პარტიები გაიმარჯვებენ, ამ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად, შერეული სისტემა უფრო სამართლიანია. სამწუხაროდ, შორს ვართ ასეთი მდგომარეობისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს საპარლამენტო მანდატების მხოლოდ პროპორციული წესით გადანაწილება მეტ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას მოიტანს. ამასთან, საერთაშორისო მეგობრების რჩევების გაუთვალისწინებლობა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
ხელისუფლებას ბიზნესის ხელშეწყობის კონკრეტული პროგრამები აქვს, მაგალითად, “აწარმოე საქართველოში”, ეს არ არის საკმარისი?
როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო პროგრამაზე “აწარმოე საქართველოში”, რას ვთავაზობთ ინვესტორს? ყველაფერს, იდეის გარდა. ვეუბნებით, იდეა მოიტანე და ჩვენ ფულს მოგცემთ ან სხვა სახის დახმარებას გაგიწევთ. ის, რომ ინვესტორი ჩამოყალიბებული იდეით ჩამოვიდეს, ძალიან იშვიათად ხდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვართ საექსპორტო ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს პოტენციალსა და რესურსს თითქმის არავინ არ იცნობს. ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ გამზადებული პროექტი და დავარწმუნოთ ამ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასა და მოგებიანობაში. შესაბამისად, მიდგომის შეცვლა აუცილებელია.
ისრაელის მაგალითზე რა შეგვიძლია, რომ ვისწავლოთ?
ისრაელის მაგალითზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ, არის სამშობლოს სიყვარული და ჩვენი ქვეყნის მოვლა, შრომის სიყვარული. ჩვენით უნდა შევქმნათ დოვლათი. აი, წარმოიდგინეთ, მსოფლიო რუკაზე საქართველო არ არსებობს ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 0.0002%-ია. აბა, როგორ გვინდა, რომ ვინმე სერიოზული ინვესტორი დავაინტერესოთ?! ჩვენ მომხმარებლები ვართ და არა მწარმოებლები. თუ ჩვენ ადგილობრივი წარმოების გაზრდით იმპორტს შევამცირებთ, შეგვიძლია, ინფლაციის ჩათვლით 15 პროცენტამდე ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ. ავიღოთ თუნდაც სარეცხი საშუალებები, მათი 100 პროცენტი იმპორტირებულია საქართველოში. არადა, არის იმის საშუალება, რომ ნახევრად ავტომატიზებული საწარმო აშენდეს აქ, შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქცია 20 პროცენტით მაინც ჩანაცვლდება. დამერწმუნეთ, საგადასახადო კუთხით ბიზნესისთვის აქ “ოქროს გარემოა”. რატომ არ შეიძლება, რომ ადგილობრივი წარმოებით ლოკალური მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ? შეიძლება, თუ სურვილი იქნება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
მე პარლამენტის წევრობა პარლამენტის წევრობისთვის არ მინდოდა და არ მინდა. თუ დავინახავ, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უშედეგოა, რასაკვირველია, აუცილებლად ბიზნესს დავუბრუნდები. თუმცა მანამდე კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ჩემს გამოცდილებას და მსოფლიო მასშტაბით კავშირებს გაითვალისწინებს. თუკი მომეცემა საშუალება, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენო, დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, სახელისუფლებო რესურსებით და ჩემი გამოცდილებით, კავშირებისა და მეგობრების მეშვეობით, მაღალ შედეგებს ვაჩვენებთ.
ამისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა ხომ არ იქნებოდა უკეთესი?
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლას რაც შეეხება, თუკი ხელისუფლება დაინახავს, რომ ამ ველზე ჩემი შესაძლებლობები უფრო გამოსადეგი და საინტერესოა, მე მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო და დავანახო მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის დადებითი მხარეები და უპირატესობა, რის შედეგადაც გადავიქცევით რეგიონალურ ლიდერ ქვეყნად მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური აღმავლობა.