საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან, 4 ივნისიდან, ამოქმედდება.
„დღეს ხელი მოვაწერე კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, ხვალიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის. მისივე განცხადებით, 60 დღის შემდეგ, ის ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, ვალდებულნი იქნებიან, ამ პორტალზე დარეგისტრირდნენ და 2023 წლის ფინანსები დაადეკლარირონ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მხარდაჭერილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო 18 მაისს დაადო. თუმცა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვეტო დაძლია, რასაც დასავლელი პარტნიორების მხირდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნა, რომელმაც ამ პროცედურაზე უარი განაცხადა. მსგავს ვითარებაში კი, კანონის ძალაში შესასვლელად, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერა იყო საჭირო.