პარლამენტმა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები უცხოეთში ხმას ვეღარ მისცემენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცვლილებებს არჩევნებში „გარე ჩარევის“ რისკებითა და ინფორმაციული მანიპულაციების პრევენციით ამართლებს. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის პროცესიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.

17 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კოდექსის ახალ რედაქციას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირეს. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დავით მათიკაშვილმა წარადგინა, მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვა ნოემბრის ბოლოს დაიწყო და მეორე მოსმენით ის 16 დეკემბერს მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციის 24-ე მუხლს ეყრდნობა და მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ყოველგვარი გარე ზეწოლის გარეშე. პაპუაშვილის თქმით, მოქალაქეებს საარჩევნო უფლება არ ერთმევათ, მათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოსვლა მოეთხოვებათ.

მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ არჩევნები სულ უფრო მოწყვლადი ხდება უცხოური ჩარევების მიმართ. საზღვარგარეთ მყოფი პირები კი, პაპუაშვილის განცხადებით, იმყოფებიან სხვა ქვეყნების იურისდიქციისა და პოლიტიკური გავლენების ქვეშ, სადაც საქართველოს სახელმწიფო ჩარევის პრევენციას ვერ ახდენს.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით, მხოლოდ მედიით მიღებული ინფორმაცია შესაძლოა მცდარ წარმოდგენებს ქმნიდეს ემიგრანტებში, რაც არაინფორმირებული არჩევანის რისკს ზრდის. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ხმის მიცემის მხოლოდ ქვეყნის შიგნით დაშვება უფრო ადეკვატურ და გააზრებულ გადაწყვეტილებას უზრუნველყოფს.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მოდელი საერთაშორისო პრაქტიკისთვის უცხო არ არის და ის ისეთ ქვეყნებში მოქმედებს, როგორიცაა ისრაელი, ირლანდია, სომხეთი და მალტა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე, მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის აკრძალვა არა მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია, არამედ ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

„საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მეტწილად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის (ყველა ბოლო არჩევნების შედეგი ამას აჩვენებს) არჩევნებიდან გამორიცხვას ემსახურება და, სავარაუდოდ, მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი საარჩევნო მანიპულაციაა, არამედ მას აქვს ძალიან მძიმე უფლებრივი პრობლემებიც“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

მისი შეფასებით, წარმოდგენილი არგუმენტები „გარე ჩარევის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საზღვარგარეთ არჩევნებს თავად ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ატარებენ და პროცესს სრულად აკონტროლებენ. „ძალიან სევდიანია და მძიმე იმის გააზრება, რომ ყველაზე მშრომელ, თავდადებულ და მედეგ მოქალაქეებს საკუთარი სამშობლო პოლიტიკურად უარყოფს და ჩვენს თვალწინ აძევებს“, – დასძენს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი.