ქართული ოცნების პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.
ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება იკრძალება. გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს კი ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
იხილეთ ასევე: ახალი კანონი მედიის წინააღმდეგ: სად მთავრდება რეალობა და იწყება (ქართული) ოცნება?
„საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას. გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს“, – წერია საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება. გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება ასევე ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომელიც თავის ბუნებით წარმოადგენს გრანტს.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზნებისთვის ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია, პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ასევე გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით. გამოსაკითხი პირი კი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.
შეგახსენებთ, ეს ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული პარლამენტის მხრიდან ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით გადადგმული კიდევ ერთი საკამათო ნაბიჯია. მანამდე საზოგადოების პროტესტი შეკრებებისა და მანიფესტაციების, ასევე მედიის შესახებ კანონში შემზღუდავ ცვლილებებსა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღებას მოჰყვა.
იხილეთ ასევე: FARA თუ ფარსი? – რუსული კანონი ამერიკული შეფუთვით