ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta ირლანდიის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა ორგანომ 91 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი მომხმარებელთა პაროლების დაუცველობაა. კონფიდენციალურობის დაცვის ორგანიზაციამ ამის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.
გამოძიება 2019 წლის აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Meta-მ ირლანდიის ხელისუფლებას კომპანიის უნებლიე შეცდომაზე აცნობა. როგორც ირკვევა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა სოციალური მედიის მომხმარებლების გარკვეული პაროლები “ჩვეულებრივ ტექსტში” – დაშიფვრის გარეშე – მის შიდა სისტემებზე შეინახა.
ირლანდიურმა მარეგულირებელმა გადაწყვეტილება ევროკავშირის სხვა ეროვნულ სამეთვალყურეო ორგანოებს 2024 წლის ივნისში წარუდგინა, როგორც ამას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესები მოითხოვდა. ჯარიმის მოცულობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამოთქმულა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, ირლანდიურმა მარეგულირებელმა Meta რეკორდული 1.2 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ევროპული ეკონომიკური ზონიდან აშშ-ში მომხმარებელთა „პერსონალური მონაცემების გადაცემისთვის“ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ EU-დან აშშ-ში მონაცემთა გადაცემა გააუქმა.
მანამდე კი, 2022 წელს, Meta 265 მილიონი ევროთი დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში კომპანიის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემებმა გაჟონა.