პარტნიორობა განათლების ინოვაციურ ცენტრად ქცევისთვის

პარტნიორობა განათლების ინოვაციურ ცენტრად ქცევისთვის

აღმოსავლეთდასავლეთ უნივერსიტეტ(EW) საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას განაგრძობს. უმაღლესმა სასწავლებემა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ASU) თანამშრომლობა დაიწყო და მიზნად დაისახა, რეგიონში საერთაშორისო განათლების ინოვაციური და ინტერდისციპლინურ ცენტრი გახდეს. პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე აღმოსავლეთდასავლეთ უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, გიორგი ხუროძემ ისაუბრა.

 

ბატონო გიორგი, რას ისახავს მიზნად აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაწყებული თანამშრომლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონისთვის?

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დაწყებული თანამშრომლობა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენი უნივერსიტეტი ისწრაფვის, გახდეს რეგიონული ჰაბი კავკასიაში და ჩამოყალიბდეს ინოვაციურ, ინტერდისციპლინურ და საერთაშორისო განათლების ცენტრად.

აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, რადგან ის არა მხოლოდ ახალ სტანდარტებს ქმნის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტების აკადემიური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნული პარტნიორობით?

ამ პარტნიორობის შედეგად, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ წვდომა ASU-ს სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებზე, წამყვანი პროფესორების გამოცდილებაზე, გლობალურ მასტერკლასებზე, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე.

გარდა ამისა, ჩვენს სტუდენტებს სამომავლოდ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომები აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტისა და ASU-ისგან, რაც მათი დასაქმების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

როგორ აისახა სამომავლო გეგმებზე აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტისა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა?

პარტნიორობამ მკაფიოდ განსაზღვრა აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ზრდისა და განვითარების სტრატეგია. უახლოეს ხუთ წელიწადში უნივერსიტეტი 22 ახალი აკადემიური პროგრამის შექმნას გეგმავს. ამასთან, 2034 წლისთვის სტუდენტთა რაოდენობის 7,000-მდე გაზრდას და რეგიონული ლიდერის პოზიციის დამკვიდრებას გვაქვს მიზნად დასახული.

რომელი საგანმანათლებლო მიმართულებები წარმოადგენს ერთობლივი პროგრამების ძირითად ფოკუსს? 

ჯანმრთელობის მეცნიერებები, ბიზნესი, ციფრული ტექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები — სწორედ ამ სფეროებზეა ფოკუსირებული აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტისა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ახალი პროგრამები. ეს ის დარგებია, სადაც მოთხოვნა ხარისხიან განათლებაზე საქართველოში და მთლიანად რეგიონში დღითიდღე მატულობს.